fbpx

წინანდლის ფესტივალი 2020: მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მზეხა მახარაძე

დღეიდან თავად ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში წინანდლის საერთაშორისო ფესტივალის სახით 4-დღიანი მუსიკალური თავგადასავალი იწყება. 17-დან 20 სექტემბრამდე წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრია, სადაც კლასიკური მუსიკის კონცერტებს გამართავენ მსოფლიო ვარსკვლავები: მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი. 

 

 

ფესტივალის პირდაპირი ტრანსლაცია Medici-ს, Euronews Georgia-ს და Silk Universal-ის არხებზე იგეგმება და ამ ფორმით ყველა შეძლებს საფესტივალო კონცერტების მოსმენას.

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალის ფორმატი განსხვავებულია, – შემცირებულია მისი ხანგრძლივობა და მონაწილეთა რიცხვი, არ შეიკრიბა წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბებული პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (Pan Caucasian Youth Orchestra, PCYO)  და ასევე შეზღუდულია კონცერტებზე დასწრების მსურველთა რაოდენობაც.

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მუსიკალური დირექტორია ცნობილი დირიჟორი, მსოფლიო მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა. 

 

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 17 სექტემბერს ღია ცის ქვეშ გაიხსნება ლიზა ბათიაშვილის და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტით – City Lights.

ლიზას კლასიკური დისკოგრაფიისგან განსხვავებით City Lights მრავალმხრივი მუსიკალური ჟანრების საინტერესო და გამდიდრებული ჰიბრიდია, რომლის კონცეფციაც იმ ქალაქებში მოგზაურობასთან ასოცირდება, ლიზა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს რომ უკავშირებს. ამ მუსიკალურ თავგადასავალში კი ყველაფრის საწყისი ჩარლი ჩაპლინის კინომუსიკაა. 

 

ფესტივალის მეორე დღეს ფრანგი პიანისტი ალექსანდრე კანტაროვი მსმენელის წინაშე საფორტეპიანო მუსიკის კონცერტით წარდგება.

ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელსაც ფრანგულმა Classica Magazine-მა „ფორტეპიანოს ახალგაზრდა მეფე” უწოდა, ბრამსის 4 ბალადას, თხზ. 10 და #3 სონატას (f moll, op.5 ) შეასრულებს. 

 

წინანდალის ფესტივალის საპატიო სტუმრები არიან მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი და მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ნელსონ გიორნერი

მათ ერთობლივ პროგრამაშია შუმანის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის No. 1 (ლა მინორი, თხზ. 105), სეზარ ფრანკის სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (ლა მაჟორი, M. 8).

 

ლეგენდარული მარტა არგერიხისა და ნელსონ გიორნერის დიდი ვარსკვლავური საფოტეპიანო დუეტი, ფესტივალის პროგრამული ნაწილით, ჩანიშნულია 19-20 სექტემბერს. ისინი ვენის კლასიკიდან მოცარტის რე მაჟორულ სონატას K.448 შეასრულებენ 2 როიალისთვის, დებიუსის 2 ფორტეპიანოსთვის დაწერილ სამნაწილიან პიესას ” თეთრსა და შავში”/“En blanc et noir“, L. 134  და რახმანინოვის სიმფონიურ ცეკვებს, თხზ. 45.

 

ყველა დროის საუკეთესო პიანისტად აღიარებული მარტა არგერიხი საქართველოში 60-იანი წლების შემდეგ კონცერტებს უკვე მეორედ გამართავს. 

 

 

ღია ცის ქვეშ ამ ფესტივალზე იცეკვებენ „სუხიშვილები“ ილიკო სუხიშვილის ახალი საავტორო პროგრამით – „არტეფაქტები“, როგორც არქაული მოძრაობებისა და მოდერნ-ცეკვის შეკავშირებული ქორეოგრაფია.  

 

საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდალში ყოველწლიურად სექტემბერში ტარდება.

მისი დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი აბრაამ შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.