fbpx

„ლოკომოტივი“ – ქართული ფეხბურთის მამოძრავებელი ლოკომოტივი!


გააზიარე სტატია

ფოტო: sportall.ge

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ქართულ ფეხბურთს რომ ძლიერი ფესვები და ტრადიციები გააჩნია, გუშინდელ საღამოს თბილისის „ლოკომოტივმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მასთან შედარებით გაცილებით ძლევამოსილ, გამოცდილ და სახელოვან კლუბ – მოსკოვის „დინამოს“ დამარცხებით. 

ქართველი გულშემატკივარი უზომოდ გახარებულია და ძალაუნებურად პარალელს ავლებს იმ დიდებულ ევროპულ წარსულთან, როდესაც თბილისის „დინამოს“ ფეხქვეშ ეგებოდნენ „ლივერპული“, „ნაპოლი“, „ინტერი“, „ბენფიკა“, „ატლეტიკო“, „ვესტ ჰემი“, „ფეიენოორდი“, „კარლ ცაისი“, “ბასტია“ თუ სხვანი.

ერთი კია, რომ „ლოკომოტივის“ მიერ ევროპის ლიგის წინა ეტაპზე კრაიოვას „უნივერსიტატიას“ ძლევის შემდეგ, ფეხბურთში ღრმად ჩახედულ ქართველ გულშემატკივარს აუცილებლად გაუჩნდებოდა მოკოვის „დინამოს“ დამარცხების იმედიც და მას გარდა ემოციურისა, პრაგმატულ დონეზეც შეაფასებდა, რადგან საბუკმეიკერო კანტორებში ამა თუ იმ გუნდზე მოწოდებული მაღალი ფსონი, ზოგჯერ სულაც არაა დაპირისპირების შეფასების კრიტერიუმი.

რატომ უნდა მოეგო „ლოკომოტივს“? იმიტომ, რომ გუნდი ძალების სრული მობილიზაციით ემზადებოდა მატჩისთვის, ცარიელი ტრიბუნები კი ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი უაზრო „მხარდამჭერი“ შეძახილებისგან დაიცავდა ფეხბურთელებს, რომლებიც მინდორზე თავიანთ მაქსიმუმს გაიღებდნენ და დაამარცხებდნენ საკუთარ ძალაში თავდაჯერებულ ფავორიტს.

მოსკოვის „დინამოსთან“ გამარჯვებამ გულშემატკივარს დაანახვა, რომ „ლოკომოტივს“ ამჟამად შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც დღევანდელი დიდი საფეხბურთო დაპირისპირებების თითოეული საგოლე კომბინაცია აქვს შესწავლილი,  შეძლებისდაგვარად არგებს მათ „ლოკომოტივის“ სათამაშო სქემას და მიზანსაც აღწევს. 

ამ მხრივ განსაკუთრებული იყო „ლოკომოტივის“ პირველი გოლი კრაიოვას „უნივესიტატიას“ კარში, როდესაც კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან მეკარის ყურადღების ქვეშ მოქცეული არა მოსალოდნელი გამჭოლი, არამედ მთელი ცენტრალური დაცვის მომჭრელი დიაგონალური გადაცემა განახორციელა უკან, სიხარულიძის მიმართულებით და ამ უკანასკნელსაც არ გასჭირვებია საჯარიმო მოედნის ცენტრიდან მეტოქის კარის დალაშქვრა.

„ლოკომოტივი“ – „უნივერსიტატიას“ მატჩი 27 აგვისტოს ჩატარდა, იქამდე ზუსტად ორი კვირით ადრე კი ანალოგიური ტიპის გადაცემას, ოღონდ მარცხენა ფლანგიდან, „ლაიპციგის“ გადამწყვეტი გოლი მოჰყვა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის „ატლეტიკოსთან“…

მეტოქის ნახევარზე სწრაფი გადასვლა და ელვისებრი კონტრიერიშების მოწყობა „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილის სათამაშო სქემის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტია. 

მოსკოვის „დინამოსთან“ უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ კი შესვენებაზე გუნდმა უპირველეს ამოცანად სწრაფი გოლის გატანა დაისახა.   

უცნაურია, მაგრამ მეორე ტაიმში მოვლენები ზუსტად კრაიოვას „უნივერსიტატიასთან“ მატჩის მსგავსად წარიმართა და თუკი სიხარულიძემ კირკიტაძის გადაცემის შედეგად რუმინულ კლუბთან ანგარიში მატჩის 57-ე წუთზე გახსნა, „დინამოსთან“ ამის გაკეთება სამი წუთით ადრე შეძლო.

საკუთარ კარში მიღებულმა გოლმა სტუმრები დააბნია, „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა კი საბოლოოდ იგრძნეს, რომ კრაიოვას ამბის გამეორება შეეძლოთ და რუსულ გუნდს მაქსიმალურად მაღალი ტემპით თამაში შეთავაზეს, რაც აუცილებლად მოულოდნელი იქნებოდა თავდაჯერებული მეტოქისთვის, რომელმაც პირველ ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი შექმნა „ლოკომოტივის“ კართან და ბურთის ფლობაში უპირატესობასაც მიაღწია.  

გია ჭიაბრიშვილის სტრატეგიის უპირატესობა განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოვლინდა, როდესაც გუნდმა 1:0-ის შენარჩუნება მინდვრის თითოეულ მონაკვეთზე საოცრად დაბალანსებული ქმედებების შედეგად შეძლო, „ლოკომოტივის“ დაცვაში შეცდომებმაც იკლო და მატჩის გმირ მეკარე მამარდაშვილსაც მატჩის ავადსახსენებელ ბოლო წუთებამდე, პირველ ტაიმთან შედარებით, უკვე ნაკლებად უწევდა თამაშში ჩართვა.

გავაშელიშვილის მეორე გოლის შემდეგ მოედანზე ქართველმა ფეხბურთელებმა სიტუაციის სრული კონტროლი დაამყარეს. ასეთმა „მშვიდობიანმა პერიოდმა“ კი 89-ე წუთამდე გასტანა, როდესაც სიხარულიძემ კინაღამ მესამე გოლი გაიტანა, რასაც ბუნებრივია, რომ მალე საფინალო სასტვენის ხმაც უნდა მოჰყოლოდა…

მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა, „დინამომ“ საპასუხო იერიში განახორციელა და სათამაშო ეპიზოდი ჭიაბრიშვილის გუნდის კარში დანიშნული შემთხვევითი თერთმეტმეტრიანით დასრულდა. 

სტუმრებმა გარდა იმისა, რომ ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს, რადგან მსაჯის მიერ დამატებული ხუთი წუთისთვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები თამაშის მიმდინარეობის სცენარიდან გამომდინარე, მზად არ აღმოჩნდნენ. 

სწრაფი კონტრიერიშების მოწყობას ისინი უკვე ვეღარ ახერხებდნენ და მეტოქეც მატჩის დასკვნით პერიოდში ხან ჯარიმებს აწვდიდა, ხან კუთხურებს, შექმნა საგოლე მომენტები და საბედნიეროდ ვერ გამოიყენა ისინი. 

რუმინეთის და რუსეთის გუნდებთან გამარჯვება ტყუპისცალივით ჰგავდა ერთმანეთს. „ლოკომოტივმა“ ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით – 2:1 მოიგო, ორივე მათგანში გოლები მეორე ტაიმში გაიტანა და მაყურებელი ბოლო წუთებზე სასტიკად ანერვიულა. მაგრამ გუნდი ხომ სწორედ ასეთ ეპიზოდებში იწრთობა და მისთვის საჭირო ევროპულ გამოცდილებასაც ასეთ მატჩებში ღებულობს. 

ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ისეთი გრანდებისთვისაც კი რთულია, როგორიც მილანის „ინტერია“, თუკი გასულ სეზონში მის მარცხს გავიხსენებთ ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“. 

„ლოკომოტივმა“ კი ანალოგიური ამოცანის შესრულება ორივე შემთხვევაში წარმატებით შეძლო, თანაც მაშინ, როდესაც საქართველოს შიდა ჩემპიონატში კლუბი მე-5 ადგილზე იმყოფება და 11 ტურის შემდეგ სულ 4 შეხვედრა აქვს მოგებული… 

ქართულმა კლუბმა გუშინდელი მოგებით დიდი სიხარული მოჰგვარა ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს, რომლებსაც კარგად ახსოვთ საბჭოეთის პერიოდის თბილისის „დინამოს“ უარყოფითი ბალანსის შესახებ მოსკოვის „დინამოსთან“. 

და კიდევ… გია ჭიაბრიშვილის გუნდმა „უნივერსიტატიასთან“ და მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩებში სწორედ ის ემოცია გააღვივა მოედანზე, რისგანაც სამწუხაროდ დაცლილია საქართველოს ნაკრების თამაში, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მეტოქის კარში გოლის გატანაა…

„ლოკომოტივის“ კართან იქმნებოდა საგოლე მომენტები, მაგრამ „ლოკომოტივი“ ხომ თავადაც ჰქმნიდა და რაც მთავარია იყენებდა მათ. რისკის ზღვარზე თამაში საკმაოდ გამოხატულია გია ჭიაბრიშვილის სათამაშო სქემაში, მაგრამ სხვაგვარად შესაძლებელია დიდი მიზნების დასახვა და მიღწევა? 

„ლოკომოტივის“ მომავალი მეტოქე ესპანეთის ლა ლიგის წარმომადგენელი ესპანეთის „გრანადაა“. ამ დონის მეტოქის დამარცხება და ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა კი ნამდვილი გმირობა იქნება ქართული საკლუბო ფეხბურთის მამოძრავებელი ლოკომოტივისთვის. 

გულშემატკივარი აუცილებლად იმედის თვალით უნდა შესცქეროდეს 24 სექტემბერს დანიშნულ მატჩს, რადგან სენსაციებისგან მსოფლიო ფეხბურთი დაზღვეული რომ არაა, თუნდაც საქართველოს ნაკრების ოთხი წლის წინანდელი გასვლითი მოგება შეგვახსენებს ესპანელებთან…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.