fbpx

„ყირაზე“ დაყენებული ნოტები – მარტა არგერიხი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

 

უამრავ ლეგენდას შორის, რომელიც მარტა არგერიხის ცხოვრებასა და შემოქმედებას უკავშირდება, არის მოულოდნელი და უსამართლოდ დავიწყებული თბილისური თავგადასავალიც. ასე ვთქვათ, პატარა  ინტერმეცო… დიახ, ჩვენი დროის გამოჩენილი პიანისტი საქართველოში ჯერ კიდევ 60-იან წლებში ჩამოვიდა, როდესაც უკვე მოპოვებული ჰქონდა გამარჯვება ჟენევისა და კომპოზიტორ ფერუჩო ბუზონის სახელობის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში. მარტა არგერიხი კონცერტმაისტერად ჩამოჰყვა იტალიური წარმოშობის ცნობილ ამერიკელ მევიოლონეს, პაგანინის ერთ-ერთ ბრწყინვალე შემსრულებელს, რუჯერო რიჩის, რომელიც საბჭოთა კავშირში საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა. 

არგერიხის თვითმხილველებსა და მსმენელებს შორის იყო იმ დროს ახალგაზრდა ქართველი პიანისტი თემურ მათურელიც, რომელიც ფილარმონიის ღია დარბაზში გამართულ კონცერტს დაესწრო. სწორედ მისგან, გასული საუკუნის 80-იან წლებში, გავიგე არგერიხის  საოცარი დაკვრის, გამორჩეული სტილისა და ტექნიკის შესახებ. რიჩი-არგერიხის დუეტმა მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პუბლიკაზე, თუმცა მოულოდნელი აღფრთოვანებით საუბრობდნენ ჩვენში ჯერ უცნობ, ახალგაზრდა პიანისტ ქალზე, რომელსაც დრო კიდევ ბევრ გამარჯვებასა და მსოფლიო აღიარებას უმზადებდა.

 

ამ ამბიდან დაახლოებით 50 წლის შემდეგ, უკვე ლეგენდარული პიანისტი წინანდლის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე წარდგება მსმენელის წინაშე. მარტა არგერიხისა და ცნობილი პიანისტის, ნელსონ გიორნერის შესრულებით მოცარტის რე მაჟორულ სონატას ორი ფორტეპიანოსთვის (K.448), დებიუსის ორი ფორტეპიანოსთვის შექმნილ პიესას  – „თეთრსა და შავს“ (En blac et nuir, N.134) და რახმანინოვის „სიმფონიურ ცეკვებს“ (თხზ.45) მოვისმენთ. ასე რომ, პანდემიის გამო უსამართლოდ „სეკვესტრირებულ“ და შემცირებულ მსმენელს მაინც მიეცემა საშუალება ცოცხლად მოუსმინოს დიდ მუსიკოსს.

მარტა არგერიხი არგენტინაში, ბუენოს-აირესში დაიბადა. მისი მშობლები ებრაელი ემიგრანტების შთამომავლები იყვნენ მეფის რუსეთიდან, რომლებიც ჯერ კატალონიაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ბუენოს-აირესში ჩავიდნენ და ებრაულ კოლონიაში – ვილა კლარაში დასახლდნენ. ფორტეპიანოზე დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო და ფენომენალური მუსიკალური მონაცემების წყალობით რამდენიმე წელში მოცარტის საფორტეპიანო სონატები ლამის ზეპირად იცოდა. სწორედ მოცარტს უკავშირდება მარტა არგერიხის პირველი საჯარო და საკონცერტო გამოსვლა ორკესტრთან ერთად, როცა 8 წლის ასაკში მეოცე საფორტეპიანო კონცერტი (რე მინორი, K.466) შეასრულა. 

1955 წელს არგერიხის მშობლები ევროპაში, კერძოდ, ვენაში, დიპლომატიური სამსახურის გამო გადავიდნენ და ეს არგენტინის მაშინდელი პრეზიდენტის, ხუან პერონის დამსახურება იყო. ვენაში – კლასიკური მუსიკის ყველაზე ცნობილ ქალაქში – პატარა პიანისტის ტალანტი რიგრიგობით აღმოაჩინეს და განავითარეს აბიმ სიმონმა, მადლენ ლიპატიმ (ცნობილი პიანისტის, დინუ ლიპატის ქვრივი) და შტეფან აშკენაზიმ. 

განსაკუთრებული გავლენა მისი სტილის და მუსიკალური აზროვნების ფორმირებაზე ორმა დიდმა პიანისტმა მოახდინა: ფრიდრიხ გულდამ (რომელთანაც დაახლოებით სამი წელი სწავლობდა) და არტურო ბენედეტი მიქელანჯელიმ  (რომელიც უკვე მძიმედ იყო ავად და ამიტომ მხოლოდ ერთი წელი ასწავლიდა). აღსანიშნავია, რომ სწორედ შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, სადაც დღეს მარტა არგერიხი ცხოვრობს და სადაც მის მიერ დაარსებული მუსიკალური ფესტივალი არსებობს, დაკრძალულია მისი მასწავლებელი და უდიდესი პიანისტი არტურო ბენედეტი მიქელანჯელი.

1957 წელს, თექვსმეტი წლის ასაკში, არგერიხმა ზედიზედ გაიმარჯვა ჯერ ჟენევის საერთაშორისო მუსიკალურ, ხოლო შემდეგ ფერუჩო ბუზონის სახელობის კონკურსებში. რამდენიმე წლის შემდეგ კი ბრწყინვალედ გამოვიდა შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, სადაც პირველი პრემია და მუსიკის კრიტიკოსების უდიდესი მოწონება დაიმსახურა. 

60-იანი წლების დასაწყისიდან მისი საფორტეპიანო კარიერა მზარდი აღმავლობით გამოირჩევა: კონცერტები, სტუდიური ჩანაწერები თუ გასტროლები. არგერიხის მიერ ჩაწერილი შოპენი, ბრამსი, ლისტი, რაველი, შუბერტი თუ პროკოფიევი საფორტეპიანო მუსიკის სამყაროში ახალ სუნთქვას ჰგავდა. ჯარასავით მარდი თითები, ენერგიასთან შეზავებული მიზანსწრაფვა და სრული მობილიზება საშუალებას აძლევდა ზუსტად შეეცვალა ნებისმიერი ნაწარმოების ტემპი, სიჩქარე და სირთულე. 

რადიკალურად განსხვავებული ნაწარმოებების ინტერპრეტაციები, როგორიცაა ბახის ინგლისური სიუიტა N2, შოპენის პოლონეზი Op. N53  და ლისტის სონატა b-მინორი, S. 178, მის მუსიკალურ აზროვნებასა და მუდმივ პერფექციონისტულ მიდგომაზე მიუთითებს. 80-90-იანი წლებში მისი შემოქმედება უფრო კონცენტრირებული გახდა და პიანისტი მხოლოდ იშვიათი კონცერტებითა და სტუდიური ჩანაწერებით შემოიფარგლებოდა. მაგალითად, ჩაწერა ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი ბაიერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ლისტის საფორტეპიანო კონცერტი და რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი. 

მრავალრიცხოვანი პრემიები და ჯილდოები მხოლოდ ადასტურებენ არგერიხის შემოქმედების მნიშვნელობასა და გავლენას თანამედროვე მუსიკაზე. 2005 წელს კამერული მუსიკის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის „გრემი“ დაიმსახურა, 2006 წელს კი ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტის შესრულებისთვის (დირიჟორი კლაუდიო აბადო) – იაპონიის იმპერატორის პრემია. 2010 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად (როკ-ჯგუფი „იგლზი“, ჯეიმს ტეილორი, მევის სტეპლსი) მარტა არგერიხიც დააჯილდოვა.

მისი გავლენა დიდია ახალგაზრდა თაობის პიანისტებზეც. მაგალითად, ისეთ განსხვავებული სტილის მუსიკოსებზე, როგორებიც არიან ხატია ბუნიათიშვილი და იუჯა ვანგი – განსაკუთრებით, მათი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე. გარდა ამისა, აზიური პიანისტური სკოლა, რომელიც საუკეთესო იმიტაციით გამოირჩევა, ბოლო დროს საკმაოდ ბევრ კლონ-პიანისტებს შობს, რომლებსაც ლამის ზუსტი ასლების გაკეთება შეუძლიათ მარტა არგერიხის დისკებიდან… თუმცა ეს  კიდევ ერთხელ ადასტურებს მუსიკოსის შემოქმედების მნიშვნელობას.

რეჟისორ ჟორჟ გაშოს დოკუმენტურ ფილმში „მარტა არგერიხი: ღამის საუბრები“ (2002 წელი) დიდი პიანისტი ამბობს: „მირჩევნია ნებისმიერი კლასიკურად „გაცვეთილი“ მუსიკალური ნაწარმოები დიდხანს და ხელახლა გავიცნო. ნოტები ყირაზე უნდა დავაყენო, დაძაბულობაში ვამყოფო და რიტმულად შევცვალო. სხვანაირად განსხვავებულ ფერებს ვერ აღმოვაჩენ… ეს არის ძიების გზა, მხოლოდ ასე იშვება ნამდვილი ინტერპრეტაცია“.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.