fbpx

ვინ შეაჩერებს „რეკორდმაისტერს“?!


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

განვლილ უიკენდზე, იტალიის სერია A-ს და გერმანიის ბუნდესლიგის დაწყების შემდეგ, ევროპული ფეხბურთი უკვე სრულფასოვნად განახლდა და ნაწილობრივ გავსებული თუ ცარიელი ტრიბუნების წინაშე, სხვადასხვა კლუბებს შორის დაწყებული მოლაპარაკებებით გაჯერებულ ორომტრიალში ჩაერთო. 

სატრანსფერო პერიოდისთვის დამახასიათებელი ვნებათაღელვის მიუხედავად, მაინცდამაინც მნიშვნელოვანი გადაადგილებები ჯერჯერობით თითქოს არ მომხდარა და „ბარსელონა“ მიმდინარე სეზონში „ბაიერნზე“ რევანშის აღებას ახალ მწვრთნელ რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, „იუვენტუსიდან“ გადაყვანილი ბოსნიელი პიანიჩის და უკან დაბრუნებული კოუტინიოს დახმარებით ეცდება. 

მაგრამ კოუტინიო „ბაიერნმა“ ხომ სწორედ იმიტომ გაუშვა, რომ მასთან შედარებით უპირატესობას ერთბაშად  ფლანგის სამ მოთამაშეს – გნაბრის, დევისს და კომანს ანიჭებს? 

„იუვენტუსი“ ყოველთვის განსაკუთრებულ პრაგმატულობას იჩენს ხოლმე ტრანსფერებთან დაკავშირებით. უკვე გადაწყვეტილია, რომ იგუაინის ადგილზე უახლოეს მომავალში ტურინულ კლუბში ჯეკო გამოჩნდება. 

„ბებერმა ქალბატონმა“ კონტრაქტი არგენტინელ დიბალასთან უკვე გაახანგრძლივა. „ბარსელონადან“ წასვლის და „იუვენტუსის“ მხრიდან უარის შემთხვევაში კი სუარესისთვის „პარი სენ-ჟერმენი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ იბრძოლებენ.

„სევილია“ რაკიტიჩის დაბრუნებით სავარაუდოდ საგრძნობლად გაძლიერდება. მილანის „ინტერმა“ კი ალექსის სანჩესთან ერთად, კლუბში ვარსკვლავური სენით დაავადებული კიდევ ერთი ჩილელის, არტურო ვიდალის მოხმობით, შეიძლება მხოლოდ იზარალოს, რადგან ნახევარმცველის არასტაბილურობა ჯერ კიდევ „ინტერის“ უმთავრესმა კონკურენტმა „იუვენტუსმა“ ამოიცნო 2015 წელს, როდესაც ის მიუნხენის „ბაიერნს“ მიჰყიდა. 

გერმანულ გრანდში ჩილელი თავიდან თითქოს კარგად ჩაეწერა, მაგრამ საბოლოოდ „რეკორდმაისტერმა“ იგი „ბარსელონას“ დიდი სიამოვნებით გადაულოცა, სადაც ფეხბურთელმა ორი სეზონის მანძილზე ღირებული ვერაფერი შექმნა. 

„ბარსელონაში“ დარჩენის მიუხედავად, არავინ იცის, ახალი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, ძველებური ხალისით ითამაშებს ამ სეზონში ლიონელ მესი თუ მას უკვე მობეზრებული აქვს გუნდის საკუთარ მხრებზე თრევა. 

თანაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესი ამჟამად დეპრესიაშია,  რადგან  თანაგუნდელები დიდ აღფრთოვანებას არ გამოხატავენ მისი კლუბში დარჩენის გამო…

არგენტინელისთვის შეიძლება მომაბეზრებელი აღმოჩნდეს ჰოლანდიელი მწვრთნელის განცხადებებიც. კუმანის თქმით, „ბარსელონას“ თითოეულმა ფეხბურთელმა, და მათ შორის მესიმაც, მეტი ფიზიკური დატვირთვით უნდა ითამაშოს.

არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უკვე გამოთქვა 33 წლის ფეხბურთელის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის სურვილი. ნაკრებში თამაშზე თანხმობის შემთხვევაში, ლა ლიგის პირველ მატჩებში „ბარსელონას“ მესი ვეღარ დაეხმარება, რადგან სანაკრებო მატჩების წინ მას ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს. 

კუმანის წასვლის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვან გაალთან ერთად, ფრანკ  დე ბურის კანდიდატურაც განიხილება. საკითხმა განსაკუთრებული დატვირთვა ერთა ლიგაზე „ნარინჯისფრების“ იტალიელებთან შინ მარცხის შემდეგ მიიღო.

უცნაურია მადრიდის „რეალის“ ინერტულობა სატრანსფერო ბაზარზე. გაძლიერების გარეშე კი ალბათ წარმოუდგენელია, რომ „სამეფო კლუბმა“ მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაისახოს.

როგორც იქნა, „სამეფო კლუბმა“ გარეთ ბეილის პრობლემა მოაგვარა, მაგრამ მისი გაშვება კლუბის გაძლიერებას სულაც არ ნიშნავს. 

მიმდინარე სეზონის საინტერესო ფიგურად შეიძლება მადრიდის „რეალიდან“ დორტმუნდის „ბორუსიაში“ იჯარის წესით გადასული რაინიერ ჟეზუს კარვალიო იქცეს. 18 წლის ბრაზილიელმა ლეგიონერმა გერმანული დებიუტი „დუისბურგთან“ სათასო მატჩში აღნიშნა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 5:0 მოიგო.

საინტერესოა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალისტ „პარი სენ-ჟერმენის“ მომავალი ბედ-იღბალი, რადგან ფრანგული კლუბების მხრიდან საფრანგეთის ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონისადმი გამოხატული სიძულვილი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

განგაშის ზარი ჯერ კიდევ 24 ივლისს საფრანგეთის თასის ფინალში გაისმა, როდესაც ფრანგული ფეხბურთის პანდემიიდან მობრუნებისთანავე, „სენტ-ეტიენის“ 35 წლის კაპიტანი და გუნდის სახე ლოიკ პერინი კარიერის უკანასკნელ მატჩში კილიან მბაპეს სრულიად უხიფათო სიტუაციაში დამტვრევისთვის მოედნიდან პირდაპირ წითელი ბარათით გააძევეს. 

თუკი ამ შემთხვევაში განზრახ უხეშობას რასისტული საფუძველი არ ჰქონია, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ მატჩის უკანასკნელ წუთზე ატეხილი ხელჩართული ჩხუბი ნეიმარის მისამართით „მარსელის“ ფეხბურთელ ალვარო გონსალესის რასისტულ გამონათქვამებს მოჰყვა.

ბოლო წუთის ინციდენტამდე მსაჯს ფეხბურთელებისთვის 11(!) ყვითელი ბარათი ჰქონდა ნაჩვენები. საბოლოოდ კი მან სტადიონზე დაშვებული 5000 გულშემატკივრის წინაშე, რომელთა შორისაც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც იმყოფებოდა, კიდევ 5 ფეხბურთელი გააძევა. 

აღსანიშნავია, რომ გონსალესის მხრიდან გამომწვევი საქციელი მთელი მატჩის მანძილზე ვერც მსაჯმა შენიშნა და ვერც VAR-მა,  იგი კონფლიქტური სიტუაციიდან სრულიად უვნებლად გამოძვრა და „სენტ ეტიენთან“ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, რადგან კამერებმა მისი მხრიდან რასისტული გამონათქვამები ვერ დააფიქსირეს…

სამაგიეროდ ნეიმარს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ლაივინ კურზავას კი 6 მატჩის გამოტოვება მოუწევს. 

გარდა ამისა, მომდევნო მატჩში „მეცმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ ხუან ბერნატი დაუმტვრია და წინასწარი ინფორმაციით, ნახევარმცველი შეიძლება ექვსი თვის მანძილზე ვერ გამოჩნდეს მოედანზე.

ზემოთ ხსენებული ეპიზოდები სრულიად აშკარაა იმის საილუსტრაციოდ, რომ საფრანგეთის პირველ დივიზიონში „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებზე ნადირობაა გამოცხადებული, ნეიმარისთვის და მბაპესთვის ამ კლუბში ყოფნა უკვე მთლად უხიფათოც არაა და იქ დარჩენის შემთხვევაში, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რომელიმე მათგანს კარიერის დასრულება ნაადრევად, ტრავმის გამო მოუწიოს. 

ალბათ ამ მიზეზითაც გამოთქვამს კილიან მბაპე კლუბის დატოვების სურვილს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2022 წლის სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ იგი იქამდე ასტრონომიულ თანხად მადრიდის „რეალმა“ შეიძინოს, რომლისთვისაც კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადაბირების შემდეგ, ეს უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი იქნება.

წლეულს ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ლონდონის „არსენალი“, რომელმაც გუნდის კაპიტან პიერ ემერიკ ობამეიანგის შენარჩუნებასთან ერთად, „ჩელსიდან“ ვილიანის გადაბირება მოახერხა. 

„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ტურნირში არ მონაწილეობს  და ეს მკვეთრად ზრდის მისი პრემიერლიგის ზედა ოთხეულში მოხვედრის შანსს. 

„ჩელსის“ გულშემატკივრები კი იმედოვნებენ, რომ „ლაიპციგიდან“ ტიმო ვერნერის შეძენით, საგრძნობლად გაძლიერდება გუნდის შემტევი პოტენციალი. 

„ლივერპული“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ გადაყვანილი ტიაგო ალკანტარათი გააძლიერებს შუა ხაზს. გარდა ამისა, პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი „ვულვერჰემპტონიდან“ პორტუგალიელ ფორვარდ დიოგუ ჟოტუს გადაყვანას გეგმავს. 

ევროპულ გრანდთაგან მაქსიმალურად ღირებული ტრანსფერი კი ჯერჯერობით მიუნხენის „ბაიერნმა“ განახორციელა, რომელმაც ლეროი სანეს გადაბირებით საკუთარი შემტევი ხაზის გაძლიერებასთან ერთად, „მანჩესტერ სიტი“ საგრძნობლად დაასუსტა. 

გულშემატკივარმა ლევანდოვსკი – სანეს დუეტის სიმძლავრე, უკვე „შალკეს“ წინააღმდეგ ბუნდესლიგის გამხსნელ მატჩში იხილა. 

„რეკორდმაისტერმა“ ანგარიშით 8:0 მიწასთან გაასწორა საცოდავი მეტოქე და ამ გამარჯვებით თითქოს ბუნდესლიგის სხვა კლუბებსაც აუწყა, თქვენც მსგავს დღეში ჩაგაგდებთო…

მაგრამ მხოლოდ ბუნდესლიგის კლუბებს? ერთი მხრივ, აშკარაა, რომ გერმანიაში გარკვეულ კონკურენციას „ბაიერნს“ საკმაოდ მომძლავრებული „დორტმუნდი“ თუ გაუწევს, მაგრამ ვინ იქნება მისი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე?

დღევანდელი გადასახედით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ „რეკორდმაისტერის“ გამჩერებელი ამჟამადაც არავინაა, რადგან მის კონკურენტთაგან შემადგენლობის გაძლიერება ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. 

საგულისხმოა, რომ „ბაიერნმა“ სეზონის სადებიუტო გოლი კარის მიმართულებით პირველივე დარტყმით გაიტანა და მისი ავტორი სერჟ გნაბრი აღმოჩნდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.