“ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან” – ახალი წიგნი “ზოლიანი კატასგან”
ცოტა ხნის წინ გამომცემლობა “ზოლიანმა კატამ” მარიამ ჭანჭალეიშვილისა და თამთა მელაშვილის ავტორობით გამოსცა წიგნი “ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან”, რომელშიც მოთხრობილია გოგოების ამბები საქართველოს ისტორიიდან. ისინი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ, სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ, მაგრამ სიმამაცე და საკუთარი თავის რწმენა აერთიანებდათ. შენ, ამ წიგნის მკითხველს, შენი წინაპარი გოგოების საინტერესო და გამორჩეული ამბები გელოდება.
მთელ მსოფლიოში ახლა ძალიან ბევრი საბავშვო წიგნი გამოდის ქალებზე. მათი მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ ადრე ან არაფერი იწერებოდა, ან ძალიან ცოტა და ამიტომ ბევრი ქალის ღვაწლი შეუმჩნეველი დარჩა ფართო საზოგადოებისთვის. ახლა ნელ-ნელა ვიგებთ, როგორ ცხოვრობდნენ ეს ქალები და რა დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ საყვარელი საქმე ეკეთებინათ პატრიარქალურ გარემოში.
ნიკი თარხან-მოურავი, “ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან” იდეის ავტორი და გამომცემელი:
“საქართველოში უკვე გამოიცა რამდენიმე ასეთი საბავშვო წიგნი ცნობილ ქალებზე, მაგრამ, რადგან ისინი ძირითადად თარგმნილია, ქართველ ქალებზე იქ ვერაფერს ამოიკითხავთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ანალოგიური წიგნის გაკეთება ქართველ ქალებზე. ამ თემას ჰაინრიხ ბიოლის ფონდი უკვე რამდენიმე წელია იკვლევს და მათვე აქვთ გამოცემული ღია ბარათების კრებული – “50 ქალი საქართველოდან” უფროსებისთვის.
მაშინვე დავუკავშირდი ფონდის იმჟამინდელ დირექტორს, ნინო ლეჟავას და ვთხოვე დაერთო ნება მათი კვლევების საფუძველზე შეგვექმნა საბავშვო, ადაპტირებული ვერსია, რაზეც ნინო დიდი სიამოვნებით დამთანხმდა და იმ დღიდან მოყოლებული თავადაც აქტიურად იყო ჩართული გამოცემის მომზადებაში და ძალიან სასარგებლო რჩევებსაც გვაძლევდა.
წიგნზე ორი ავტორი მუშაობდა – მარიამ ჭანჭალეიშვილი, რომელიც ამავდროულად, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თანამშრომელი და უშუალოდ ამ პროექტის – “50 ქალი საქართველოდან” კოორდინატორია და მწერალი თამთა მელაშვილი, რომლის სახელი ქართული ლიტერატურის გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი.
წიგნზე ასევე მუშაობდა რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, რომელმაც გამოცემას ლექსიკონი დაურთო, რადგან მასში ბევრი უცხო სიტყვაა. ამდენად, ბავშვებს ტექსტის გაგება აღარ გაუჭირდებათ. წიგნი გაფორმებულია სალი ნიკოლაიშვილის ილუსტრაციებით.
ვფიქრობ, რომ მისი სტილი განსაკუთრებულად მოუხდა ამ წიგნს. გამოცემა განკუთვნილია მოზარდებისთვის 9 წლის ასაკიდან და, შესაბამისად, ილუსტრაციებიც მათ გემოვნებას მოვარგეთ.”