fbpx

რვეული #1 – ეპიზოდური პერსონაჟები – მიხეილ ციხელაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

 

ხშირად ესა თუ ის ფილმი მხოლოდ ერთი კონკრეტული პერსონაჟის გამო გვამახსოვრდება. რამდენჯერ ყოფილა, რომ რაღაც დროის შემდეგ აღარ გვახსოვს არც სიუჟეტი, არც დასასრული, არც დიალოგები, მაგრამ პერსონაჟებს, რომლებიც ფილმის ყურებისას რაღაც განცდას გამოიწვევენ ხოლმე, ვერასოდეს ვივიწყებთ.

ეპიზოდური პერსონაჟები, აქა-იქ რომ გაიელვებენ ხოლმე, ხშირად იმ სცენებს, სადაც მონაწილეობენ, მთლიანად „კრავენ“ და მათ “სისრულეში” გადამწყვეტ როლს ასრულებენ. 

გთავაზობთ კინემატოგრაფიის ეპიზოდურ და (ვერ ვიტან სიტყვას „მეორეხარისხოვანი როლი“) იმ არამთავარზე კიდევ უფრო არამთავარ რვა პერსონაჟს, რომლებიც ამა თუ იმ სცენას დასამახსოვრებელს ხდიან, გავლენას ახდენენ სიუჟეტსა და მთავარ პერსონაჟებზე და ზოგჯერ მათი არსებობა ფილმის მთავარ განწყობასაც კი ქმნის ხოლმე.

 

#1. რეპერი პატერსონში (Paterson, 2016)

ჯიმ ჯარმუშის ბოლოდროინდელი ფილმოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო სურათი „პატერსონი“ მოგვითხრობს ავტობუსის მძღოლ პოეტზე, რომელიც ახერხებს შთაგონება ყოველდღიურ რუტინაში იპოვოს. ლექსების კითხვისას  “აუდიტორიაში” მხოლოდ ცოლი და ძაღლი არიან, თუმცა პატერსონისთვის ესეც საკმარისია.

ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში პოეტი ძაღლს ასეირნებს და სამრეცხაოში განმარტოებულ რეპერს გადააწყდება. სარეცხი მანქანების მონოტონური ხმის ფონზე რეპერი საკუთარ ტექსტს წერს და რეჩიტატივში ვარჯიშობს. ვის-ვის და, პოეტს კარგად ესმის,  რა შეიძლება გამოიწვიოს, თუკი იმ რამდენიმეწუთიანი განმარტოებისას რეპერს თვალში გაეჩხირება, ამიტომაც მორჩილად იცდის გარეთ, ქუჩაში.

მუსიკოსის როლს ფილმში ლეგენდარული რეპერი Method Man ასრულებს. ეპიზოდში ყველაფერი იდეალურადაა გადმოცემული: სარეცხი მანქანების ბრუნვა  ერთი მხრივ, ჰიპ-ჰოპისთვის საჭირო Loop ტექნიკასთან, მეორე მხრივ კი იმ ერთსა და იმავე მარშრუტთან გვაკავშირებს, რომელსაც პოეტი პატერსონი გადის დღის განმავლობაში. პოეტი კი, რომელიც ყოველდღიურობიდან ძალიან ხშირად გამოარჩევს ხოლმე ტყუპებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ სცენაში საკუთარ შემოქმედებით ტყუპისცალს პოულობს. 

 

 

#2. მოხუცი ლიდია (Sans Toit Ni Loi, 1985)

ანიეს ვარდას კლასიკად ქცეულ „მაწანწალაში“ (ორიგინალი სათაური: „კანონისა და თავშესაფრის გარეშე“) ახალგაზრდა გოგოს, მონას ისტორია, მისი ცხოვრების ეპიზოდური პერსონაჟებით არის მოყოლილი. ხეტიალისას  სხვადასხვა დროს ის მდიდრულ სახლშიც რჩება და წვიმის ქვეშ დაფლეთილ კარავშიც, თავისუფლებას სოფლად ცხვრის მწყემსვაშიც ეძებს და ნარკოტიკებშიც.

ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში მონა შეძლებული მოხუცი ქალის, ლიდიას სახლშია.  ქალს საკუთარი დისშვილი თავს მხოლოდ იმიტომ ევლება, რომ დეიდასგან ბინის დატოვებას ელის. როდესაც მოხეტიალე მონა ამას პირდაპირ მიახლის მოხუცს, ლიდია სიცილს იწყებს და ამბობს, რომ ყველაფერს კარგად ხვდება: თუ რატომ მოაქვთ მისთვის თაიგულები, რატომ ელაპარაკებიან ტკბილი სიტყვებით… 

ზის ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი მარტოსული და თავისუფალი ადამიანი, ერთი ცხოვრებისგან გამოცდილი – იმ ფაქტების ცოდნით, რა არის და სად არის სიმართლე, მეორე – ნაკლებად გამოცდილი, რომელიც მხოლოდ გულით გრძნობს იმავეს. სვამენ კონიაკს და გულიანად დასცინიან ფარისევლობას. სხვა არაფერი აინტერესებთ.

 

 

#3. კატა სახელად ულისე (Inside Llewyn Davis, 2013)

ძმები კოენების ერთ-ერთი საუკეთესო და მაინც ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფილმი „ლუინ დეივისის შიგნით“ ბიოგრაფიული სურათია, რომელიც ფოლკ მუსიკოს დეივ ვან რონკის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ლუინი მეგობრების ბინაში ცხოვრობს და მათ კატას უვლის, სახელად ულისეს. კოენების ფილმოგრაფიაში ხშირად ვაწყდებით ბერძნული მითოლოგიიდან სიუჟეტების ციტირებას თუ მათ რიმეიქს, გამონაკლისს არც ეს ფილმი წარმოადგენს. ულისე სახლიდან იპარება, უფრო კი თავისი სახელოვანი სეხნიასავით სამოგზაუროდ მიდის. ამ კატას ფილმში მეტაფორული დატვირთვაც აქვს და ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა: ის შეიძლება ლუინის გარდაცვლილი პარტნიორის რეინკარნაცია იყოს, ან ულისეს წასვლა ლუინის მუსიკოსის კარიერისადმი ვნების დაკარგვას ნიშნავდეს; ან, ან, ან…  მოკლედ, ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება. თუმცა ერთი კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: ულისეს პერსონაჟი პირდაპირ ეხმიანება ლუინ დეივისის შინაგან შფოთვასა და განწყობებს. 

 

#4. წარმოსახვითი მეგობარი ბინგ-ბონგი (Inside Out, 2015)

პიქსარის 2015 წლის ანიმაცია Inside Out პატარა გოგონას, რაილის ზრდის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთავარი პერსონაჟები რაილისა და მისი მშობლების თავში მცხოვრები შეგრძნებებია: მხიარულება, სევდა, ბრაზი, ზიზღი და შიში.

მაყურებელმა ფილმის გამოსვლისთანავე შეიყვარა პერსონაჟი ბინგ-ბონგი: ვარდისფერი, სპილოს ხორთუმიანი და კატის ფუმფულაკუდიანი არსება, რომელსაც თვალებიდან ტირილისას ცრემლების ნაცვლად კანფეტები სდის. ბინგ-ბონგი რაილის ბავშვობისდროინდელი წარმოსახვითი მეგობარია, რომელთან ერთადაც გოგონა მთელ დღეებს ატარებდა. ისინი ერთად დარბოდნენ იატაკსა და ჭერზე, უკრავდნენ ქვაბებზე და “კატაობდნენ” ურიკით. მაგრამ რაილის ზრდის პარალელურად, მისი წარმოსახვითი მეგობარი დავიწყებული მოგონებების სამეფოში ინაცვლებს. როცა გოგონას ცხოვრებაში კრიტიკული პერიოდი დგება, მხიარულება სწორედ ამ სამეფოდან, ბინგ-ბონგის დახმარებით ახერხებს, რომ დაბრუნდეს რაილის ცხოვრებაში. მაგრამ ამ დაბრუნებას ბინგ-ბონგი ეწირება.

წარმოსახვითი მეგობრის „თვითმკვლელობა“ ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი სცენაა ფილმში. ბინგ-ბონგის პერსონაჟი მაყურებელს ცხვირწინ აგვაფარებს იმ რეალობას, რომ ოდესღაც ყველას გვყავდა ასეთი მეგობრები და გვაფიქრებს, თუ ცხოვრების რომელ მომენტში გაუჩინარდნენ და გაწირეს თავი ჩვენთვის?!

 

 

#5. სოფელ ჯანკალდოს გიჟი (Nuovo Cinema Paradiso, 1988)

ჯუზეპე ტორნატორეს „ახალი კინოთეატრი პარადიზო“ ეპიზოდური პერსონაჟების უზარმაზარი გალერეაა: სკოლის მოსწავლეები – სკოლაში, კინოთეატრსა და ეკლესიაში, ლატარიაში გამარჯვებული ნეაპოლელი, თავხოტორა ბავშვები – ვენახის სარწყავით რომ ბანენ გაკრეჭვის შემდეგ, ჩაჭრილი სტუდენტები, დაწყებითი სკოლის ბავშვებთან ერთად რომ წერენ გამოცდას და ა.შ.

ამ გალერეიდან ბლოგისთვის “სოფლის გიჟი” უნდა გამოვარჩიო, რომელიც როცა გამოჩნდება, ყოველთვის ამტკიცებს, რომ სოფლის მოედანი მას ეკუთვნის. ზოგადად, “სოფლის გიჟები” ხომ ძალიან დასამახსოვრებელი პერსონაჟები არიან კინოშიც და ცხოვრებაშიც. მითუმეტეს მაშინ, როცა დაბადების ადგილს მიატოვებ,  ეს ადამიანები შენი ნოსტალგიის ნაწილი ხდებიან. „პარადიზოც“, პირველ რიგში, ნოსტალგიაზეა, ბავშვობისდროინდელ შეგრძნებებზე და წარსული კინოინდუსტრიის ნოსტალგიაზე – უკასეტო (შესაბამისად, უდისკო და უონლაინსტრიმო) კინოზე, მაშინ როცა კინოსეანსი ხშირად ადამიანთა თავშეყრის უმთავრეს ადგილს წარმოადგენდა.

ფილმის ერთ-ერთ ცენტრალურ სცენაში ადგილობრივები სოფლის მოედანზე, სახლის გარე კედელზე მინათებულ ფილმს უყურებენ. ამ სეანსში ფულს, რა თქმა უნდა, არავინ იხდის, რადგან მოედანი ყველასია! და სწორედ ამ დროს, საყოველთაო ლხინსა და ჟრიამულში მძინარე სოფლის გიჟი, ზამბარასავით წამოხტება და იწყებს ყვირილს, რომ ყველას შეუძლია მოედანზე ფილმს უყუროს, მაგრამ ყველას ახსოვდეს, რომ მოედანი მხოლოდ და მხოლოდ მისია!

 

 

#6. ქმარი (ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი, 1984)

„პარადიზოსი“ არ იყოს, ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიც“ პერსონაჟების არაჩვეულებრივი გამოფენაა. ამ ფილმში გვახსოვს ყველა, ვინც კი ოდესმე გამოჩნდება რომელიმე სცენაში: გერმანული ლექსის მთქმელი ბავშვი და კაცები, რომლებიც გივის ეძებენ, მოტობურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პოეტი არტემ ჩაჩანიძე და მღებავი, რომელიც ერთადერთია გამომცემლობაში, სოსოს ახალ რომანს რომ კითხულობს.

და მაინც, თუ ვინმე უნდა გამოვყო, გურამ პეტრიაშვილის მიერ შესრულებული უსახელო პერსონაჟი იყოს – მამაკაცი, რომელსაც შვილი ცოლთან სამსახურში მიჰყავს ხოლმე. ის ყველა სცენაში ერთსა და იმავეს ეჩეხება: შემოსვლისას ჯერ ცოლის საყვედურნარევ რეპლიკას იღებს ქუდთან დაკავშირებით, მერე კი ცოლის თანამშრომლებზე ეჭვიანობს. 

ეს პერსონაჟი ქართულ კინოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმ მასკულინური უმწეობისა და შფოთვების, რომლებიც დაულაგებელი ურთიერთობის პარალელურად, თავისას მიერეკებიან ხოლმე ეჭვიან კაცში და სადღაც აუცილებლადაც ამოხეთქავენ. „დაანებეთ ჩემ ცოლს თავი!“ – ყვირის მამაკაცი და სცენას, რომელსაც აბსურდულობა და კომიზმი ისედაც არ აკლია, ბოლომდე აყრის მარილს.

 

 

#7. ლიფტიორი დიეგო (Rosemary’s Baby, 1968)

რომან პოლანსკის საკულტო ფილმში „როზმარის შვილი“ ლიფტიორი დიეგო შეიძლება არც არავის გვახსოვს. ან კი როგორ უნდა გვახსოვდეს, როცა ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდში, როცა როზმარის ლიფტში თავბრუ ეხვევა, დიეგო იქ არც კი ჩანს. მაგრამ ამის მიუხედავად, დიეგოს პერსონაჟი, რომლის როლსაც დარვილ მარტინი ასრულებს, შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი აღმოჩნდა 70-იანი წლების აფრო-ამერიკული კინემატოგრაფიისთვის და ახლა გეტყვით,  როგორ:

როდესაც 1975 წელს კომიკოსი რუდი რეი მური ფილმ „დოლემაიტის“ გადაღებებს იწყებდა, მან რეჟისორად დაამტკიცა დარვილ მარტინი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას რომან პოლანსკისთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. შესაბამისად, მარტინი შემოქმედებით გუნდში იყო ერთადერთი, რომელსაც პროფესიონალურ გადაღებებზე ემუშავა. დარვილი მალევე მიხვდა, თუ რა არაპროფესიონალიზმში ამოყო თავი და ერთი სული ჰქონდა, პროექტი  მალე დაესრულებინა. ის ხვდებოდა, რომ ფილმს არცერთი სადისტრიბუციო კომპანია არ შეიძენდა და თაროზე შემოსადებად იყო განწირული.

მაგრამ ლიფტიორ დიეგოს რეჟისორობით გადაღებული „დოლემაიტი“,  მიუხედავად იმისა, რომ ტრეშ-ფილმი იყო, პირველი სურათი აღმოჩნდა, რომელიც სრულიად გათავისუფლებულია იმ ტაბუებისა და დოგმატური დამოკიდებულებებისგან, რაც მაშინდელ ამერიკულ კინოინდუსტრიაში შავკანიანების მიმართ იგრძნობოდა, თუნდაც ძალიან პოპულარულ აფროამერიკულ – ე.წ. “ბლექსფლოითეიშენ” ფილმებში.

ასე რომ, ბედის ირონიაა, მაგრამ დიეგოს ეპიზოდური როლის შესრულების გამო, დარვილ მარტინი უმნიშვნელოვანესი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდა.

 

#8. კოვზების გამყიდველი ფონტაინასში (No Quarto da Vanda, 2000)

პედრუ კოშტას „ვანდას ოთახში“ ლისაბონის გარეუბან ფონტაინასში მცხოვრები, ჰეროინზე დამოკიდებული ადამიანების ამბავს  მოგვითხრობს. ფილმი 2002 წელს არის გადაღებული და ე.წ. „დოკუფიქშენის“ ჟანრს განეკუთვნება, სადაც მთლიანი ფაბულა დოკუმენტურ რეალობაზეა აგებული, მაგრამ შიგადაშიგ რეჟისორის ჩარევის შედეგად სიუჟეტში ცვლილებები შედის ხოლმე.

ეს ძალიან სადა ენით მოყოლილი ფილმი, ამავდროულად, ძალიან ბრუტალურიცაა და მდორედ, ნელა გვიჩვენებს იმ აპოკალიპსურ რეალობას, რომლის სიმძიმესაც მხოლოდ ნგრევით თუ უმკლავდებიან. ახალგაზრდა ვანდას ცხოვრების პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ პირდაპირი მნიშვნელობითაც ინგრევა ის დასახლება, სადაც ცხოვრობს. ამ სამსაათიან ფილმში პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე ვერცხლის კოვზების გამყიდველი, რომელიც კარდაკარ დადის და ჰეროინზე შემჯდარ ადგილობრივებს მათთვის ყველაზე საჭირო ნივთის ყიდვას სთავაზობს –  თანაც ვერცხლისას – დიდხანს რომ გაძლოს. გამყიდველი ზოგჯერ კადრში არც კი ჩანს ხოლმე, სცენაში მხოლოდ მისი ხმა ისმის. მისი პერსონაჟი იმდენად პოეტური ჩანართია ფილმში, რომ პირადად მე რეჟისორის გამოგონილი მგონია, რომელიც დოკუმენტურ რეალობაში ძალიან ზუსტად არის ჩასმული.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.