fbpx

“ყველა სკამს თავისი ისტორია აქვს” – ინტერვიუ დიზაინერ სანდრო ლომინაშვილთან


გააზიარე სტატია



At.ge წარმოგიდგენთ ინტერვიუს პროდუქტის დიზაინერ სანდრო ლომინაშვილთან, რომლის დიზაინით შექმნილი ავეჯის შესახებ სტატიებს მსოფლიოში წამყვანი გამოცემები – Dezeen, Designboom – აქვეყნებენ.

 

სანდრო,  თავიდან ლონდონში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სწავლობდი,  ბოლო კურსიდან გამოხვედი და დაიწყე პროდუქტის დიზაინის შექმნა… 

ინგლისში, King’s college-ში 5 წელი ვსწავლობდი მანქანათმშენებლობას, თუმცა ბოლო კურსიდან შევწყვიტე სწავლა და დავიწყე ახალი პროფესიის ძიება, ერთადერთი, რაც ვიცოდი ის იყო, რომ მინდოდა, ხელოვნებასთან ახლოს ვყოფილიყავი და პროფესიაც კრეატიული ყოფილიყო. იმ პერიოდში ისე მოხდა, რომ მიმიზიდა სკამმა, როგორც ობიექტმა, და მომინდა მისი შექმნა. ფაქტობრივად, ისე მოხდა, რომ ინდუსტრიულმა დიზაინმა დამაინტერესა და აღმოჩნდა, რომ ამ პროფესიას ბევრი გადაკვეთა ჰქონდა მანქანათმშენებლობასთან და ის ცოდნა, რაც მივიღე, ძალიან გამომადგა.

 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიულ დიზაინში

ალბათ პროექტს გააჩნია. მე ნაკლებად ვმუშაობ ხელით, ძირითადად კომპიუტერით ვაკეთებ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ხაზვა. ასევე მაქვს 3დ პრინტერი, რაც ძალიან მეხმარება საქმიანობაში. ვთვლი, რომ დიდი პლუსია, როცა ადამიანებმა  იციან მუშაობა მასალებზე, მაგალითად, ხეზე, რკინაზე ან კერამიკაზე და ა.შ. მე თვითონ რკინაზე მუშაობის  დიდი გამოცდილება  მაქვს.  

 

თუ არის მასალა, რომელთანაც ჯერ შეხება არ გქონია და სამომავლოდ სურვილი გაქვს, რომ გამოიყენო

ალბათ პლასტმასი. ძალიან საინტერესო იქნებოდა პლასტმასის ჩამოსხმა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ კეთდება.

 

შენს ნამუშევრებს თუ გადავავლებთ თვალს, ძირითადად სკამებზე მუშაობ. მოგვიყევი შექმნის პროცესზე

ყველა სკამს თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, სკამი ¾  შეცდომის შედეგია. ჩანახატის დროს შეცდომით დავხატე ფეხი, რომელიც დასაჯდომთან არ იყო დაკავშირებული, შემდეგ მომეწონა ეს შეცდომა და ასევე დავტოვე.

ალო უფრო კონცეპტუალურია – სიბრტყეებისგან მინდოდა მიმეღო კომფორტული სკამი.

1+1 კი დეკონსტრუქციაა, დაშლა და აწყობაა არქეტიპული მარტივი სკამის. აწყობილია იმის მიხედვით, რომ თითო ელემენტს ერთზე მეტი ფუნქცია აქვს. 

სანდრო, შენი სკამი – ალო – ჭიანჭველას ფორმას იმეორებს,  გვესაუბრე ამის შესახებ

როდესაც ამ სკამს ვაკეთებდი, არ ვაპირებდი,  ჭიანჭველას ფორმა მიმეცა,   თუმცა, როდესაც ავაგე და დავასრულე,  მივხვდი, რომ ჭიანჭველას ფორმას იმეორებდა.

 

სკამების გარდა გაქვს სანათების  სერია,  რომელიც სამი ობიექტისგან შედგება

მუშაობის პროცესი, როგორც სკამის, ისევე სანათების, იწყება ჩანახატის გაკეთებით, ვფიქრობ იდეაზე.  როცა  Love lamps-ს ვაკეთებდი, ამოსავალი წერტილი ანგელოპოის განათება იყო, რომელიც 60-70-იანი წლების დიზაინის კლასიკაა, ასე ვთქვათ,  ჩემი ამოცანა მაგიდის სანათების არქეტიპის გადათამაშება იყო.  ეს არის გამჭვირვალე პლასტმასი და შედგება სამი სანათისგან – კოცნა, ჩახუტება.

ასევე გაქვს მაგიდა  განსხვავებული დიზაინით და კონცეფციით… 

ეს მაგიდაც შექმნილია ფორმიდან გამომდინარე, მინდოდა, კარიდან შემოსული სხივის იმიტაცია გამეკეთებინა, ამიტომ აქვს ყვითელი ზედაპირი, რაც შუქის იმიტაციაა.  ანუ მაგიდაზე დამაგრებული ღია კარი არის წყარო, საიდანაც შემოდის შუქი და შემდეგ ყვითელი ზედაპირი ასახავს  ამ დაცემულ სხივს.

სანდრო, სხვა შემთხვევაში, მაგალითად, სკამების შექმნისას,  ძირითადად შავ ფერს იყენებ, რა მნიშვნელობა აქვს ფერს შენს შემოქმედებაში? 

ჯერჯერობით რატომღაც არ მომიწია ფერთან მუშაობა, თუმცა ალოს შემთხვევაში ამოწეული სიბრტყეები თავიდან მინდოდა სხვა ფერის ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს ისევ შავი ფერი გადავწყვიტე, თუმცა სამომავლოდ ალბათ ფერშიც გავაკეთებ ობიექტებს.  ამ ეტაპზე უპირატესობას მასალის ნატურალურ ფერს ვანიჭებ, მომწონს ხის ფერიც, თუმცა  ალო  ისევ შავად არის შეღებილი.

 

ახლა თუ მუშაობ რაიმე პროექტზე?

კი,ა ვმუშაობ სანათებზე და რამდენიმე სკამს ვაკეთებ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.