fbpx

ნიკა მაჩაიძის ალბომები CES Records-ზე თავიდან გამოიცემა


გააზიარე სტატია

ავტორი:  რეზი ხუნწელია

CES Records-ის ინიციატივით ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერის, ნიკა მაჩაიძის სრული დისკოგრაფია თავიდან გამოიცემა და ყველა ძირითად ონლაინპლატფორმაზე განთავსდება.  ამ სერიის პირველი ალბომია Sestrichka, რომელიც პირველად 2002 წელს გერმანულ მუსიკალურ პლატფორმაზე, WMF Records-ზე გამოქვეყნდა. 15 ნამუშევრისგან შემდგარ ჩანაწერში გვხვდება ნატალია ბერიძის ვოკალიც (კომპოზიციებში pp და City Lights [Tutta2]), ხოლო ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია Adamy ალექსეი რიბნიკოვის მიერ ფილმისთვის Усатый нянь შექმნილი მუსიკალური თემის ქავერ ვერსიაა.

როგორც CES Records-ის დამფუძნებელი ნასტია სართანია (sTia) აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ნიკა მაჩაიძის მთელი დისკოგრაფია თავიდან გაცოცხლდება, აღნიშნული სერია პროექტით Geo Weddings გაგრძელდება, რომელიც მსმენელისთვის ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. ამის მერე  კი ქართველი მუსიკოსის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი კომპოზიციების დროც დადგება, რაც სამომავლოდ ათამდე რელიზს მოიცავს. ამ  ალბომში  წარმოდგენილია როგორც 90-იანი წლების ბოლოს ჩაწერილი,  ასევე 2000-იანების  შემოქმედებითი პერიოდის  მუსიკაც.  

სანამ CES Records-ის მარათონული სერია მომდევნო კვირას ახალი ალბომით გაგრძელდება, შეგიძლიათ Sestrichka მოისმინოთ, რომელიც ქართული ექსპერიმენტული და ელექტრონული მუსიკის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია. 2 ოქტომბერს კი  ალბომი “შენтыmental” გამოქვეყნდება. 

ნიკა მაჩაიძე, ქართველი მუსიკოსი და რეჟისორია, რომელიც ამავდროულად, სახელოვნებო გაერთიანების, Goslab-ის წევრია. მას ამ დროისთვის 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, მათგან  უკანასკნელი 2016 წელს გამოქვეყნდა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.