fbpx

ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა


გააზიარე სტატია

გალერეა ფოტოატელიე და ხელოვნების საკონსულტაციო კომპანია Reachart Visual წარმოგიდგენთ ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის გამოფენას.

მარიამ შერგელაშვილი გამოფენის შესახებ წერილში წერს:

“სამყარო, რომელსაც აღვიქვამთ არაერთმნიშვნელოვანი, კომპლექსური და მრავალფეროვანია. ლუიზას არაჩვეულებრივი ფოტოები, ამ ერთი შეხედვით მარტივ აქსიომაზე ამახვილებს ყურადღებას. ექსპოზიციის ვიზუალური ნარატივი სხვადასხვა პერიოდში გადაღებულ მრავალგვაროვან ფოტომასალას მოიცავს და აერთიანებს ლანდშაფტურ, პორტრეტულ ფოტოგრაფიას, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინს.

გამოფენის ექსპერიმენტული ექსპოზიცია, არაქრონოლოგიური პრინციპით, ჟანრობრივ კლასიფიცირებაზე უარის თქმით, ავტორის პერსონალურ ესთეტიკურ ხედვას ერთიან ფენომენად წარმოგვიდგენს. ადამიანი და მისი ურთიერთობა გარემომცველ რეალობასთან, დეტალების სენსიტიური აქცენტებით, ლუიზა ჩალათაშვილის სუბიექტურ აღქმას ეფუძნება. მისი ინდივიდუალური ხელწერა პასტელური ფერების, ბუნებრივი განათების დელიკატურ გამომსახველობასა და დეტალების ესთეტიზაციაში ვლინდება. ამასთანავე, ნამუშევრების მთლიანი სტრუქტურა, სივრცულობა, ჰაეროვნება გამოსახულებათა ემოციურ, გრძნობად გააზრებას განაპირობებს.

როგორ იბადება ობიექტური სინამდვილის მიღმა პერსონალური შეგრძნება, პირადი აღქმა? ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად გამოფენა დაკვირვების აქტს განიხილავს, როგორც პროცესს, ხოლო დამკვირვებელს, როგორც თანამონაწილეს.”

გამეფენაზე, რომელიც ინგოროყვას 14-ში გაიმართება, დასწრება თავისუფალია.

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისს ხელშეწყობით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.