fbpx

ფესტივალი Jazz and Wine კახეთში მეოთხედ იმართება


გააზიარე სტატია

ავტორი: მანანიკო მუსხელიშვილი

 

ფესტივალი “Jazz and Wine”  კახეთში მეოთხედ იმართება.  წინანდლის მამული კი მას მეორედ მასპინძლობს და ჯაზის და ღვინის მოყვარულებს  დროის განსხვავებულად გატარებას სთავაზობს. 

ფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნ ფრომოუშენი“  –  კომპანია, რომლის დამსახურებაა ჯაზფესტივალების უწყვეტად, ყოველწლიურად გამართვა: 

1978 წლიდან  თბილისის ჯაზფესტივალი, რომელიც ჯაზის ტრადიციულ მიმართულებებს და საგანმანათლებლო პროგრამებს მოიცავს. 

2007 წლიდან შედარებით „ახალგაზრდა“ ბლექ სი ფესტივალი , რომელიც სცდება კლასიკური ჯაზის მკაცრ ფარგლებს და ფართო მსმენელის და საკურორტო განწყობის შესაბამის მუსიკას სთავაზობს დამსვენებლებს.

და.. “Jazz and Wine” – ფესტივალი, საერთაშორისო ბრენდი, რომელსაც  კახეთის გარდა ღვინის ისეთ არაჩვეულებრივ რეგიონებშიც შეხვდებით, როგორიც ბორდო ან თუნდაც კალიფორნიაა. თუმცა ფესტივალის კონცეფციას ყოველთვის პუბლიკა და ადგილი კარნახობს ორგანიზატორებს და შესაბამისად, ყველა სცენარი ჯაზივით იმპროვიზირებულია.

ის ფაქტი, რომ წლევანდელი ფესტივალის ჰედლაინერი – ლისა სიმონი დღეს დიდი სცენის არტისტია, ბევრი მოულოდნელი თუ მოსალოდნელი გარემოების თანხვედრის შედეგია.

ლისას ბავშვობიდან მოხეტიალე ცხოვრება ერგო, მისი მშობლები – ნიუიორკელი დეტექტივი ენდრიუ სტროუდი და სახელგანთქმული მომღერალი, პიანისტი, კომპოზიტორი და სამოქალაქო აქტივისტი ნინა სიმონი მაშინ გაშორდნენ, როცა ლისა 10 წლის იყო. მას მერე ის ხან ამერიკაში ცხოვრობდა და სწავლობდა,  ხან ევროპაში, ხან აფრიკაში და ხანაც კარიბის კუნძულებზე. შეიძლება სწორედ ცხოვრების ამ სტილმა და დამოუკიდებლობის სწრაფად მოპოვების სურვილმა განაპირობა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ამერიკის საჰაერო ძალებს შეუერთდა, სადაც სამხედრო ინჟინრის რანგში 10 წელზე მეტი დაყო და ერაყის ომის ვეტერანად გერმანიაში დაბრუნდა.

სწორედ ღვინის დამსახურებაა ლისა სიმონის სცენაზე პირველად ასვლა. სამხედრო სამსახურისგან თავისუფალ დროს ლისა დამატებით აერობიკის ინსტრუქტორადაც მუშაობდა და აქედან გამომდინარე სასმელს საერთოდ არ ეკარებოდა. თუმცა იმ საღამოს თავს უფლება მისცა ერთი ჭიქა წითელი ღვინო შეეკვეთა.

„იმ საღამოს ჯენტლმენი მშვენივრად უკრავდა როიალზე, და მისმა დაკვრის მანერამ ნათლად მომაგონა ჩემი ცხოვრება ჩრდილოეთ კაროლინაში. ამ მოგონებებისა და ღვინის სინთეზმა ბიძგი მომცა ავმდგარიყავი და მასთან ერთად მემღერა. მე არც ის სიმღერა მახსოვს და არც დარჩენილი საღამო“, –  იხსენებს მომღერალი.

თუმცა მისი ნამღერი კარგად დაამახსოვრდა პუბლიკაში შემთხვევით მყოფ გოსპელის სახელგანთქმულ მომღერალს, ჯოან ფოლკნერს. ის მალევე დაუკავშირდა ლისას და თავის გუნდში სიმღერა შესთავაზა.

სწორედ ამ დროიდან იწყება ლისა სიმონის კარიერული თავგადასავალი, რომელიც მუსიკალური პროექტების პარალელურად, ძირითადად ბროდვეის თეატრალურ სცენაზეც წარმოჩნდა და აღიარება და არაერთი ჯილდო მოუტანა არტისტს.  

2003 წელს, დედის – ნინა სიმონის გარდაცვალების შემდეგ, ლისამ ბროდვეის ზურგი აქცია და სერიოზულად მოჰკიდა ხელი მომღერლის სოლო კარიერას.  

ამასობაში ლისა სიმონის მესამე ალბომი – ”In the need of love”  გამოვიდა. წინანდალში ვოკალისტი თავის კვარტეტით წარდგება, რომელიც მის გარდა გიტარას, ბასს და დასარტყამ ინსტრუმენტებს მოიცავს.

ფესტივალის მეორე შემსრულებელი ქალი „ნიუქამერია“  და მისი სასცენო დებიუტის მომსწრენი სწორედ „Jazz and Wine”-ზე გავხდებით. 

21 წლის რუსა მანველი აკუსტიკური გიტარის თანხლებით საკუთარ თემებს და ცნობილი ბოსა ნოვების თავისებურ ვერსიებს გააცნობს მსმენელს.  

ორიგინალურ კომპოზიციებს და ჯაზის სტანდარტებს მოვისმენთ დავით მაზანაშვილის ტრიოს შესრულებით – დავით მაზანაშვილის, ნოდარ ექვთიმიშვილის და გია სალაღიშვილის მონაწილეობით. 

ეს  გამოცდილი ტრიო არაერთ საერთაშორისო ფესტივალსა თუ კონკურსში მონაწილეობდა. დავით მაზანაშვილი სცენაზე მდგარა ცნობილ მუსიკოსებთან, ბილი კობემისთან, ტანია მარიასთან და როი აიერსისთან ერთად.

ბექა გოჩიაშვილის ჯაზური კარიერა 4 წლიდან დაიწყო. 9 წლის ბექა უკვე ცნობილი იყო ქართველ ჯაზის მოყვარულებში, ხოლო 11 წლიდან  მისი სახელი საქართველოს ფარგლებს გასცდა. 

თავიდან იყო საულკრასტის და მონტროს ფესტივალები, ასევე მონკის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ბექას ბრწყინვალე შესრულებას  უმაღლესი შეფასება მოჰყვა ჯაზის ისეთი გიგანტებისგან, როგორებიც არიან ჰერბი ჰენკოკი, უეინ შორტერი ან დანილო პერესია.

 2009 წელს ბექა ნიუ-იორკში, ჯულიარდის სამუსიკო სასწავლებელში ჩაირიცხა, სადაც მომენტალურად მიიქცია დიდი მუსიკოსების ყურადღება. 

„ბებერი სული, ძალიან ახალგაზრდა სხეულში“, –  ასე შეაფასა 16 წლის ბექას  „დაღვინებული“ დაკვრის სტილი ლენი უაითმა – ლეგენდარულმა დრამერმა, რომელიც მაილსთან ერთად უკრავდა  „Bitches Brew”-ს. 

ამას მოჰყვა კონცერტები და ჩანაწერები ჯაზის ცოცხალ ლეგენდებთან (ჩიკ კორეა, სტენლი კლარკი, ვიქტორ ბეილი, ჯონ პატიტუჩი, უოლეს რუნი და სხვები).

“ამაღელვებელია ხედავდე ამ ენერგეტიკას, რომლითაც ის ყველაფერს გადმოსცემს“ და  ვერ მალავდე აღფრთოვანებას, – თქვა ჩიკ კორეამ.

 

🙌🙌👏👏👏👏

Gepostet von Nika Ksovreli am Freitag, 19. Mai 2017

 

ბექას ახალი თემები, შინაარსიანი, მკაფიო, ღრმა, ცოცხალი ექსპერიმენტული იმპროვიზაცია და თანამედროვე ფიუჟენი არავის დატოვებს გულგრილს.

 ფესტივალზე ბექას გვერდით იდგებიან ქართული ჯაზის ერთ-ერთი საყრდენი, ბასისტი ლევან დეისაძე, რომლის აკომპანემენტი მსოფლიოს ნებისმიერ ჯაზბენდს დაამშვენებდა და ახალგაზრდა დრამერი გიო კაპანაძე, რომლის დებიუტიც 12 წლის ასაკში  „ბლექ სი“ ფესტივალზე შედგა და რომელიც წელს პირველად იქნება ბექას საფესტივალო ტრიოს შემადგენლობაში.

აღსანიშნავია, რომ  “Jazz and Wine”-ის  ქართული პროგრამის სამივე მონაწილე კახელია და ისინი თავის მხარეში უმასპინძლებენ ფესტივალს. 

რაც შეეხება მუსიკას და ღვინოს, მეცნიერული დაკვირვებების მიხედვით, ჩვენ ვიცით, რომ ღვინო ისევე წყვილდება მუსიკასთან, როგორც მაგალითად, ყველთან. 

იდეალური სინთეზის პოვნას ყველა მსმენელი თავად შეძლებს 3 ოქტომბრიდან, წინანდალში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.