fbpx

“სამი, ოთხი, ხე” – ხიდი უცნობი მომავლისკენ


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

 

ელენე აბაშიძის საზიარო სივრცემ, რომელიც პირველად 2019 წლის მაისში გაიხსნა, თუმცა COVID 19-ის დაძაბული პერიოდის გამო დროებით არ მუშაობდა, 12 სექტემბრიდან კვლავ განაახლა სტუმრების მიღება და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს ქართველ და უცხოელ არტისტებს. 

„სამი, ოთხი, ხე“  – სამოთხის წარმოდგენა ქართულ ენაში –  ჯგუფური გამოფენაა, რომელიც  აერთიანებს გამოფენამდე და გამოფენის ფარგლებში არსებულ ნამუშევრებს, ქართველ და უცხოელ არტისტებს. გამოფენის კურატორმა ელენე აბაშიძემ თავი მოუყარა ექვს არტისტს: ჯესი დარლინგს, სალომე დუმბაძეს, ლიზა გუტჩერს, დევიდ ჰორვიცს და სოფიო მედოიძეს, თუმცა პანდემიის გამო ჯესი დარლინგის ნამუშევარმა ამ გამოფენაზე მოხვედრა ვერ შეძლო.   

 

 

გამოფენა წარმოადგენს ერთგვარ ხიდს უცნობი მომავლისკენ, როგორი იქნება სპირიტუალური ხატი დღევანდელი დღის პოლიტიკური პროცესების რღვევაში. გამოფენის უმთავრეს კონცეფციას ჯანსაღი მომავლისკენ სწრაფვა განაპირობებს, რომელიც მომავალი თაობებისთვის მთავარ პრიორიტეტად შეიძლება იქცეს. 

ხე  სიცოცხლისა და ახლის შეცნობის სიმბოლოა,   ეკოლოგიურად  სუფთა გარემოს შექმნა ადამიანებისთვის მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. 

სპეციალურად გამოფენისთვის სალომე დუმბაძემ შექმნა ფერწერული ნამუშევარი, რომლის სიმბოლიკა აჩვენებს სიცოცხლეს ფანჯრისა და თაღის მიღმა, რაც ხედვის შეცვლასთან დაკავშირებული ძიებისკენ მინიშნებაა.  ნახატებიც სწორედ ამ პრინციპით არის განლაგებული გამოფენაზე, ჩანს როგორ აკვირდება შველი თაღის ქვეშ და ფანჯრის გადაღმა მომზირალ ირემს, სადაც ახალი და ძველი იდეოლოგიების გადაკვეთის წერტილი იქმნება. 

ლიზა გურჩიევის ნამუშევარი „ხიდს შექმნა უნდა“ მიგვანიშნებს მოულოდნელ ტრანსცენდენტურ გამოცდილებაზე. თაღი სწორედ ყველაზე მოულოდნელ ადგილას,  აივანზე მდებარეობს. ანუ იმ ადგილზე, რომელიც ყველასთვის ღია, მაგრამ ამავდროულად, დახურულ სივრცეს წარმოადგენს საგამოფენო სივრცეში. 

რაც შეეხება დევიდ ჰოროვიცის ნამუშევარს, იგი ინტერაქციულია, რაც კიდევ უფრო საინტერესო ელფერს მატებს  გამოფენის იდეას. პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე ამ ეფემერული ნამუშევრის თანაავტორები დამთვალიერებლები  გამოდიან. ნამუშევრის საბოლოო სახე იქნება სპეციალური გამოცემა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში არსებული ხეების სახელებსა და მისამართებს შექმნის. ნამუშევარი, უპირველესად ბავშვებისთვის შეიქმნა. ბავშვებს, მშობლებს და  ზოგადად,  დამთვალიერებელს შეუძლია  გაგზავნოს ხის ფოტო, მის მიერ შერქმეული სახელით, რათა ადგილი დაუმკვიდროს ხეების ახალ რუკაზე. ნამუშევარი ხაზს უსვამს ხეების მნიშვნელობას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ხისა და მის მნიშვნელობაზე ასევე ყურადღებას ამახვილებს სოფიო მედოიძე მის 2016 წლის ნამუშევარში „ნატვრის ხე“, რომელიც აგრეთვე ინტერაქციული ხასიათის ნამუშევარია. მისი თანაავტორები არიან მაყურებლები, რომელთაც  შეუძლიათ   თავიანთი  „ნატვრა“ დაღეჭილი რეზინის სახით მიაკრან ხის ზედაპირს. ასე იქმნება ქანდაკება, რომელიც მხოლოდ გამოფენის დახურვის შემდეგ შედგება, როგორც მუშევარი. ნამუშევრის იდეა ავტორს ვარძიაში გადაღებისას გაუჩნდა, სადაც ის მუშაობდა თავის მოკლემეტრაჟიან ფილმზე „ტურები და დრონები, ერთი ზაფხულის ქრონიკა“. ამ 16-წუთიანი ნამუშევრის ხილვა მაყურებელს სწორედ გამოფენის ფარგლებში შეუძლია. 

საბოლოო ჯამში, ეს საინტერესო გამოფენა კიდევ ერთხელ გვახსენებს მთავარს, თუ რამდენად ძლიერ არის ჩვენი ცხოვრება დამოკიდებული ეკოლოგიაზე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებასა და ხეებს ჩვენს ყოველდღიურობაში. დასაფასებელია ის ფაქტი, რომ პანდემიის  რთულ და მძიმე პირობებში ქართველი ხელოვანები, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე ახერხებენ თავი მოუყარონ მსგავს გამოცდილებას და შექმნან სრულიად ახალი სივრცე ახალ ღირებულებებზე საფიქრელად. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.