პროგრამა SOCIAL IMPACT AWARD-ის ფინალისტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო!
Impact Hub Tbilisi მეოთხე წელია სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას ახორციელებს, რომელიც ამ დარგში სტუდენტების განვითარებაზეა ორიენტირებული და მათ ათთვიან საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად.
17 სექტემბერს Impact Hub Tbilisi-მა საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნითი ეტაპი დაიწყო. ინიციატივა საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება. წელს, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Social Impact Award ონლაინ ჩატარდება.
პროგრამის ფარგლებში შემოსული 94 განაცხადიდან დამოუკიდებელმა ჟიურიმ 10 საუკეთესო პროექტი შეარჩია. ათივე ფინალისტი გუნდის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომლის მიხედვითაც ერთს ხალხი შეარჩევს, ხოლო ორ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს.
ხმის მიცემა 17 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
2020 წლის ფინალისტი პროექტებია:
- ბაბახი – ქართული წარმოების ბიოდეგრადირებადი კონფეტი (confetti), რომელიც გარემოზე უარყოფითად არ ზემოქმედებს.
- თაფლი ლეჩხუმიდან – პროექტი ხელს უწყობს ლეჩხუმში მეფუტკრეობის განვითარებას და გვთავაზობს ნატურალურ თაფლს, რომელსაც ადგილობრივი ახალგაზრდები დაამზადებენ.
- სოციალური კაფე „ქეთოსთან“ – მულტიფუნქციური კაფე-გალერეა მიზნად ისახავს შშმ პირებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების გაძლიერებას. კაფეში დასაქმდებიან შშმ პირები, კაფეს პროდუქტებით მომარაგებას კი უზრუნველყოფენ ადგილობრივი ფერმერი ქალები და შშმ პირების მფლობელობაში არსებული მეურნეობები.
- ცოდნის ქარხანა – პროექტი ითვალისწინებს სადღვები კარაქის წარმოებას სოფელში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების მიერ. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ბენეფიციარებისთვის ქართული ენის შესწავლას.
- Dinn.ge – პლატფორმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის შეღავათიან ფასად.
- Green Space – ურბანულ მაღლივ შენობებში განთავსებული ვერტიკალური ფერმა, სადაც შესაძლებელი იქნება ჯანსაღი პროდუქტის მოყვანა ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.
- Qandle – ონლაინსივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ონლაინკურსები. სწავლება მიმდინარეობს Live Video-ს მეშვეობით.
- Village 200 – პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურებას.
- UnLimited – მობილური აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება რუკაზე ნახოს, თუ რამდენად ადაპტირებულია ესა თუ ის ობიექტი შშმ პირთათვის.
- World United Care – საერთაშორისო საქველმოქმედო პლატფორმა/ფონდი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს განათავსოს პროექტი და მიიღოს დაფინანსება ან დონაცია.
გამარჯვებული გუნდების ბიზნესიდეების განსახორციელებლად პროგრამა ითვალისწინებს ფინანსურ მხარდაჭერას. ისინი მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.
ხმის მისაცემად ეწვიეთ ბმულს: https://georgia.socialimpactaward.net