fbpx

ყველა წერილი სასიყვარულო წერილია


გააზიარე სტატია

ავტორი: ნიკე თაბუკაშვილი

 

არის ასეთი წიგნი და სერიალი I love Dick, რომელიც ვნახე და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, აუცილებლად გირჩევთ. მასზე მოყოლა რთულია, ამიტომ,  თუ დრო გაქვთ, კომპლექსური ადამიანური ურთიერთობები და მოულოდნელი თავგადასავლები გაინტერესებთ, ის სწორედ თქვენთვისაა.

 

Every letter is a love letter – ეს ფრაზა თავიდანვე გულზე მომხვდა და გონებაში ჩამრჩა.

 

სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თითქმის აღარ არსებობს რომანტიკული ურთიერთობები, ამ სიტყვათშეთანხმების საუკეთესო, ამაღელვებელი გაგებით. 

ან არსებობს, მაგრამ ძალიან ცოტა.

 

ყურადღებით ვაკვირდები, როგორ იწყება ისინი – დანახვა, მზერის გაცვლა, გაცნობა, გამოლაპარაკება, ერთად დასალევად წასვლა, მერე ან სახლში გაგრძელება, ან რაღაც ეტაპზე მოწყენა და დაშლა.

 

ვერ ვიტყვი, სამეცნიერო კვლევას ვაწარმოებ-მეთქი, უბრალოდ, ჩემს მეგობრებს და გარშემომყოფებს ყურადღებით ვაკვირდები და ვერ გამიგია, როგორ გახდა ასეთი ერთფეროვანი ცხოვრება ქალაქში, რომელშიც, როგორც ამბობენ, 1990-იან წლებში სიცოცხლე ჩქეფდა – დიდი წვეულებები იმართებოდა, მხატვრები მუყაოზე ხატავდნენ, მაგრამ გამოფენებს აწყობდნენ, ავანგარდული მოდის ასამბლეები  ტარდებოდა, მეგობრები ჯგუფებად მთებს ლაშქრავდნენ და ადამიანებს  ყველგან ერთმანეთი უყვარდებოდათ, ყველგან ურთიერთობები ჰქონდათ – რთული, სევდიანი, მტკივნეული, ხანგრძლივი, დიდი სიხარულით სავსე, წამიერი, სამუდამო – ყველანაირი. 

 

 

ჩემი დაკვირვებით, სიყვარული, როგორც განცდა,  არ შეცვლილა, ან კი როგორ უნდა შეიცვალოს ის ყოვლისმომცველი შეგრძნება, რომელიც ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და მუდმივ ეიფორიაში გამყოფებს. მართალია, საუკუნეების განმავლობაში ის სახეს იცვლის და შინაარსს არა, მაგრამ  დღეს რაღაც ისე არ არის, როგორც ადრე.

ჩვენს ქალაქში ურთიერთობები მაინც განსხვავდება დანარჩენი სამყაროსგან, პრობლემები კი იგივე გვაქვს, რაც ნიუიორკელ ან გვადალახარელ ადამიანს, მაგრამ, როგორც ხუმრობა ამბობს,  ”თბილისი ინცესტური ქალაქია“, აქ ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას მეგობარია. მაგალითად, ბიჭი, რომელიც Tinder-ზე “დაგალაიქებს”, Facebook-ის 5-ადამიანიან სამეგობრო ჩეთში რომ ჩააგდო, ერთი გოგო მაინც იქნება იქ, რომელიც მის დეტალურ ბიოგრაფიას მოგიყვება. ასე კი შენი ახალდაწყებული ურთიერთობა ან გაგრძელდება, ან იქვე დასრულდება. 

 

ეს მხოლოდ პატარა მაგალითია და ასეთი რამდენია.

 

როგორ ვირჩევთ ადამიანებს, რომლებსაც ვუმეგობრდებით და გვიყვარდება, შეიძლება თუ არა საპირისპირო სქესის და ინტერესის ადამიანები მხოლოდ მეგობრობდნენ, როგორ ვიღებთ სექსუალურ განათლებას, როდის და როგორ ვიწყებთ გააზრებას, რომ ყველაფერი, რასაც ფილმებში ვუყურებთ და წიგნებში ვკითხულობთ, სიმართლე არ არის, უბრალოდ, რეალობის უკეთ აღქმაში გვეხმარება, როგორ შეიძლება გულმა და ტვინმა შეთანხმებით იმუშაოს ან იქნებ ეს შეუძლებელია? 

 

ამ და სხვა თემებზე, გლობალურად კი XXI საუკუნის ურთიერთობებზე მინდა ვილაპარაკო, იმაზე, რაც ყველას აინტერესებს და აღელვებს, ზოგი ამას აღიარებს, ზოგი კი   არა. 

 

30-ს მიტანებული მილენიალებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც მე ვარ, დიდი საფიქრალია ის მიზეზები, რამაც ურთიერთობების ფორმების ცვლილება გამოიწვია, მასზე ბევრი გარე და ბევრიც ინდივიდუალური ფაქტორი მოქმედებს, რომელიც ხშირად აუხსნელი რჩება, მაგრამ სწორედ ამითაა ძალიან საინტერესო, თანაც გაზიარებისას ხვდები, რომ რაღაც, რაც მხოლოდ შენი თავის სატკივარი გგონია, სინამდვილეში, შენ გარშემოც ბევრს აწუხებს. სწორედ ამიტომ  დროდადრო ვილაპარაკებთ  ადამიანურ ურთიერთობებზე, მის მახასიათებლებზე, სირთულეებზე და აუცილებლად სიყვარულზე.

 

ისე, ბოლო სასიყვარულო წერილი როდის მიიღეთ?

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.