fbpx

სუპერთასიდან ჩემპიონთა ლიგამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპული ფეხბურთი თანდათანობით ეშხში შედის, რადგან პირველი ტიტულები უკვე თამაშდება, ჩემპიონატებიც ძალას იკრებენ და ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის მატჩებიც მალე დაიწყება. 

ევროპის სუპერთასის შემდეგ, საზოგადოების ინტერესი უკვე გერმანიის სუპერთასმა მიიპყრო, რომლის ერთ-ერთი მონაწილის – მიუნხენის „ბაიერნის“ წლევანდელი სეზონი საფეხბურთო სპეციალისტების თუ რიგითი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრშია მოქცეული.  

ევროპის სუპერთასზე „ბაიერნს“ „სევილიამ“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და თავიდან დაწინაურდა კიდეც ძლევამოსილ მეტოქესთან მატჩში. 

„ბაიერნმა“ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მთელი 90 წუთის მანძილზე მეტოქის კართან შექმნილი მრავალი მომენტის მიუხედავად, შეხვედრის დასასრულს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მანუელ ნოიერის სეივს უნდა უმადლოდეს, რომ ტიტული მეტოქეს არ გაატანა და სეზონი მარცხით არ დაიწყო.

დამატებით დროში „სევილიამ“ უკვე ვეღარ გაუძლო „რეკორდმაისტერის“ სასტიკ დაწოლას და ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს მაინცდამაინც აღარ გასჭირვებია მატჩის მოგებამდე მიყვანა.

მეორე მხრივ, გარედან ადვილია მსჯელობა იმ კლუბის მუდმივი გამარჯვებების შესახებ, რომელსაც პანდემიიდან მობრუნების შემდეგ ყველა მატჩი მოგებული ჰქონდა ბუნდესლიგის გათამაშებაში, თასსა თუ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე.

ვის უნდა გაეჩერებინა „რეკორდმაისტერი“? „სევილიამ“ ეს ნაწილობრივ შეძლო, რადგან „ბაიერნმა“ მასთან შეხვედრა ძირითად დროში ვერ მოიგო. აი მომდევნო მატჩში კი „რეკორდმაისტერი“ არა თუ შეაჩერეს, არამედ გაანადგურეს კიდეც…

უკანასკნელ წლებში როგორც სამწვრთნელო, ისე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მზარდმა „ჰოფენჰაიმმა“ ბუნდესლიგის გათამაშების მატჩში მანუელ ნოიერის კარი ოთხჯერ დალაშქრა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო.

რას უნდა მიეწეროს „ბაიერნის“ ამგვარი მოულოდნელი ჩავარდნა? ნუთუ რამდენიმე დღეში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დანიშნულ გერმანიის სუპერთასის მატჩს, რომელსაც მეტოქე ძალების არანაკლები დაზოგვით შეხვდა, რადგან თავის მხრივ, ასევე მოულოდნელად, გერმანიის ბუნდესლიგის მატჩში „აუგსბურგის“ წინააღმდეგ ანგარიშით 0:2 დამარცხდა?

ორივე კლუბის სტრატეგია გასაგებია, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სუპერთასზე ისინი შარშანაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ „დორტმუნდმა“ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მიუნხენის „ბაიერნი“ კი არ არის დაჩვეული ზედიზედ ორი ფინალის წაგებას და ამიტომაც რევანშის სურვილით, განსაკუთრებით განიმსჭვალა. 

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა „რეკორდმაისტერისთვის“, რადგან გერმანიის ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი ტოლისოს და მიულერის გოლებით მატჩის 32-ე წუთისთვის, თითქოს „ცალი ფეხით“ ანგარიშით 2:0-ს ამარცხებდა მეტოქეს. 

მაგრამ ეტყობა, „ბაიერნი“ იმდენად მყუდროდ გრძნობდა თავს მოედანზე, რომ უეცრად მოდუნდა და „დორტმუნდმა“ ჯერ მატჩის 39-ე, შემდეგ კი 55-ე წუთზე, საკმაოდ მარტივად აღადგინა წონასწორობა. 

მეორე გოლის ავტორ ჰოლანდს მალე დორტმუნდელთა დაწინაურების საშუალებაც მიეცა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ნორვეგიელმა ფორვარდმა უხეიროდ ითამაშა და ცოტა ხანში ის შეცვალეს კიდეც…

ჰოლანდის გასვლის შემდეგ კი გარდა იმისა, რომ დორტმუნდელთა შემტევმა პოტენციალმა აშკარად იკლო, „ბაიერნიც“ გამოფხიზლდა და გაახსენდა, რომ არამცთუ გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში ამჟამად უძლიერესია. კიმიხის საოცრად ეფექტურმა გოლმაც არ დააყოვნა და ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდს მატჩის ძირითადი დროის დარჩენილი ათი წუთის განმავლობაში უკვე აღარ გასჭირვებია.

 

ამგვარად, „ბაიერნმა“ სეზონის დასაწყისში ორი ტიტულის მოგება უკვე მოახერხა და მისი მომავალი სამიზნე  ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგის და გერმანიის თასის მოგება იქნება.

„ბაიერნის“ მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკო“, ზალცბურგის „რედ ბული“ და მოსკოვის „ლოკომოტივი“ იქნებიან.

სავარაუდოდ, „რეკორდმაისტერი“ მარტივად დაძლევს საწყის ეტაპს. სხვა საკითხია, მოახერხებს თუ არა იგი მერვედფინალში შარშანდლის მსგავსად მაქსიმალური შედეგით გასვლას.

ტრადიციულად რამდენიმე „სიკვდილის ჯგუფიც“ გამოჩნდა, თუმცა მათი დაძაბულობის ხარისხი სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე მესამე ადგილოსანი გუნდის დაკარგვით ჩემპიონთა ლიგის ტურნირი ნაკლებად საინტერესო გახდება…

განსაკუთრებული სიფხიზლე მილანის „ინტერს“ მართებს ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ ტურნირზე სამარცხვინო ფიასკოს შემდეგ. 

დიდი დავიდარაბის მერე  „ნერაძურის“ ხელმძღვანელობამ ნდობა კვლავაც გამოუცხადა მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს, რომელსაც შარშანდელი „ბარსელონას“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ ნაცვლად, ჯგუფში შესაბამისად მადრიდის  „რეალი“ და მიონხენგლადბახის „ბორუსია“ გაუწევენ წინააღმდეგობას. 

ისიც გასათვალისწინებელია, რომ „შახტარიც“ არ იქნება გულხელდაკრეფილი და ყველანაირად ეცდება გასული წლის ევროპის ლიგის გათამაშების ნახევარფინალში „ინტერთან“ 0:5 წაგებაზე რევანშის აღებას…

„შახტარის“ მსგავსად, უმძიმეს ჯგუფში აღმოჩნდა კიევის „დინამო“, რომელსაც „ბარსელონასა“ და „იუვენტუსისთვის“ მოუწევს წინააღმდეგობის გაწევა. 

საინტერესო ბრძოლებია მოსალოდნელი H ჯგუფში, სადაც ერთიმეორის წინაშე ტურნირის წლევანდელი გათამაშების ფინალისტი „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლაიპციგი“ წარდგებიან.

„პარი სენ-ჟერმენი“ თითქოს ფავორიტია ამ ჭიდილში, თუმცა მისი წარუმატებლობა ნაკლები მოულოდნელობა იქნება 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენასთან შედარებით…

საინტერესო იქნება ბერგამოს „ატალანტას“ წლევანდელი ასპარეზობა. იტალიის სერია A-ს გათამაშების საწყისი ტურების მიხედვით აშკარა ხდება, რომ კლუბი განაგრძობს აღმასვლას და მისგან სიურპრიზებს წლეულსაც უნდა ველოდოთ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი უმთავრესი კონკურენტი ამსტერდამის „აიაქსი“ იქნება. 

„ლივერპულთან“ კი „ატალანტა“, „ნაპოლის“ შედეგის განმეორებას ეცდება. დანიური „მიტდიულანდი“ შესაძლოა ჯგუფში სტატისტის როლშიც აღმოჩნდეს, რადგან მას თუნდაც „კოპენჰაგენისგან“ განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე მონაწილეობის გამოცდილება არ გააჩნია. 

„მანჩესტერ სიტის“ თითქოს არ უნდა გაუჭირდეს „პორტოს“, „მარსელის“ და „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგობის დაძლევა. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა მოსალოდნელი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაზე.

„სევილია“ და „ჩელსი“ ფავორიტებად გამოიყურებიან გამოუცდელ „რენთან“ და „კრასნოდართან“ პაექრობაში, ყველაზე თანაბრად კი ერთი შეხედვით F ჯგუფი წარმოგვიდგება, სადაც დორტმუნდის „ბორუსიამ“, „ზენიტმა“, „ლაციომ“ და „ბრიუგემ“ მოიყარეს თავი. 

გულშემატკივარს დღესაც მშვენივრად ახსოვს „ბრიუგეს“ შარშანდელი ფრე 2:2 „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში. ასე რომ, ბელგიის ჩემპიონისგან წლეულსაც არ არის გამორიცხული გარკვეული სიურპრიზები.

ბელგიური ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა და სავარაუდოდ, ეს გასული საუკუნის 80-იან წლების მსგავსად, ამ ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატზე და მათი კლუბების ევროტურნირებზე ასპარეზობაზეც აისახება.

მაშინდელი ბელგიური საფეხბურთო ნოვაცია, ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნას რომ უკავშირდებოდა, ლამის მთელ მსოფლიოში „ანტიფეხბურთად“ შეირაცხა, დღესდღეობით კი ეს ილეთი მსოფლიოს ნებისმიერი საშუალო კლასის გუნდის არსენალშია, რა დონის შემტევ ფეხბურთსაც  უნდა უჩვენებდეს.

ამგვარად, „ბრიუგე“ ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნით ვერავის გააკვირვებს, მაგრამ თუკი შარშანდელი „რეალის“ გამწარების მსგავსად, წლეულს უკვე დორტმუნდის „ბორუსიას“ დააკარგვინებს ქულებს, ესეც არ უნდა იყოს მაყურებლისთვის მოულოდნელი.

საინტერესო იქნება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „ლაციოს“ ასპარეზობაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, თუმცა ბერგამოს „ატალანტასთან“ სერია A-ს გათამაშებაში შინ ანგარიშით 1:4 წაგებული მატჩი რომაული კლუბის გულშემატკივრებს ოპტიმიზმისკენ ნამდვილად არ მოუწოდებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.