fbpx

დიყი – კავკასიური ყვავილი ფრანგულ არტ-ნუვოსა და ბრიტანულ როკში


გააზიარე სტატია

 

ევროპელი მეცნიერების  XIX საუკუნეში საქართველოთი და, ზოგადად, კავკასიით დაინტერესებას ბევრი საინტერესო აღმოჩენა მოჰყვა. შედარებით უკეთ ცნობილია ნორდმანის ნაძვის (ლათ. Abies nordmanianna) ისტორია, როდესაც 1835 წელს ფინელმა ბოტანიკოსმა ალექსანდრ ფონ ნორდმანმა ბორჯომში კავკასიური სოჭი აღმოაჩინა, იგი ევროპაში შეიტანა და დღეს  სოჭის ამ სახეობას ყოველი ევროპული  ოჯახი საშობაო ნაძვის ხედ იყენებს. 

მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ არტ-ნუვოს ერთ-ერთი მთავარი ორნამენტი ასევე საქართველოში ფართოდ გავრცელებული მცენარე – მანტეგაცის დიყია. ეს სწორედ ის სახეობაა, რომელიც იტალიელმა ბოტანიკოსებმა ემილ ლევიემ და სტეფან სომიემ 1890 წელს კავკასიაში მოგზაურობისას ნახეს და ფლორენციაში წაიღეს. სომიემ და ლევიემ მცენარე აღწერეს და დაადგინეს, რომ საქმე ჰქონდათ აქამდე უცნობ სახეობასთან, რომელსაც მათ Heracleum mantegazzianum Sommier et Levier უწოდეს: ჰერაკლეს სახელი მცენარის გიგანტური ზომების გამო ეწოდა და იგი მეგობარსა და კოლეგას, ცნობილ იტალიელ ნევროლოგსა და ანთროპოლოგს, პაოლო მანტეგაცას მიუძღვნეს.

ასე გაჩნდა დიყი ევროპაში და მაშინვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა არტ-ნუვოში – ხელოვნების მიმდინარეობაში, რომელიც ევროპაში XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში არსებობდა. ცნობილია, რომ ფრანგ მხატვარ ლუი გენგოს ქორწილში დიყის თესლით სავსე ტომსიკა აჩუქეს. გენგომ დიყის კულტურა ნანსიში გაავრცელა და სწორედ მას შემდეგ ამ ყვავილის ფორმა, როგორც დეკორატიული ელემენტი, არტ-ნუვოს ნანსის სკოლაში დამკვიდრდა.  ნანსის სკოლისთვის განსაკუთრებულად დამახასიათებელი იყო დეკორატიული ფორმების ძიება მცენარეებში, მაგ. გინკგო და ლოტოსი. ამგვარად, დიყის ყვავილის ფორმამ არტ-ნუვოს ავეჯის, შპალერისა და რკინის დეკორაციებში შეაღწია. 

გასაკვირად ჟღერს, მაგრამ ამ მცენარემ თავისი კვალი ბრიტანულ როკ-მუსიკაშიც დატოვა. 1971 წელს ჯგუფმა „ჯენესისმა“ (Genesis) სიმღერა „The Return of the Giant Hogweed“ („დიყის დაბრუნება“) ჩაწერა. სიმღერა შედიოდა ალბომში Nursery Cryme. სიმღერის ტექსტში მოთხრობილია დიყის პოვნის ისტორია, მასთან დაკავშირებული საფრთხეები, მისი ამოძირკვის სირთულეები და აპოკალიფსური ვერსია, რომლის მიხედვითაც ეს შურისმაძიებელი მცენარე საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. საქმე ის გახლდათ, რომ საქართველოდან 1890 წ. წაღებული დიყი დროთა ვითარებაში ევროპაში ქაოსურად გავრცელდა და ამ მხრივ არაერთი პრობლემა შექმნა. 

ეს და სხვა ისტორიები ემილ ლევიესა და სტეფან სომიეს საქართველოში მოგზაურობის შესახებ აღწერილია ანა ჭეიშვილისა და ანა მარგველაშვილის ავტორობით გამოსულ წიგნში „ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.