fbpx

ნიკა მაჩაიძის “შენтыmental” CES Records-ზე ხელახლა გამოიცა


გააზიარე სტატია

ავტორი: რეზი ხუნწელია

CES Records თავის მუსიკალურ მარათონს ნიკა მაჩაიძის მორიგი ალბომით – “შენтыmental” აგრძელებს. ქართული ექსპერიმენტული და ელექტრონული მუსიკის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი თავდაპირველად 2003 წელს ბერლინში დაფუძნებულ ლეიბლზე, WMF Records-ზე გამოიცა, CES Records-ის დახმარებით კი მან მეორე სიცოცხლე ციფრულ ფორმატში შეიძინა. “შენтыmental-ში” როგორც თავად ნიკა მაჩაიძის, ასევე ნატალია ბერიძის და მაია სუმბაძის ვოკალი გვხვდება, ხოლო ყდის დიზაინი სალომე მაჩაიძეს ეკუთვნის.

 

 

2002 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომის, Sestrichka-ს შემდეგ “შენтыmental” აბსოლუტურად სხვა მუსიკალური განაცხადი იყო, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ Nikakoi-ს სახელი სამუდამოდ მონიშნა ქართული ელექტრონული მუსიკის ისტორიაში. პირველივე კომპოზიციაში – uuusmine რამდენიმე წამიანი შესავლის შემდეგ გვესმის ნიკას ფრაზა –  „აი ახლა უსმინე“, რის შემდეგაც ემოციური როლერკოსტერი იწყება სამყაროში, რომელიც ავტორმა შექმნა ყველასთვის, ვისაც შეუძლია უბრალოდ მოუსმინოს. 

მიუხედავად იმისა, რომ  “შენтыmental” სულაც არ არის ე.წ. ადვილად მოსასმენი ნამუშევარი, რაც პირველ რიგში არაორთოდოქსული მუსიკალური პასაჟების და მკაცრად ექსპერიმენტული სტილის დამსახურებაა, ალბომის ტექსტურებში მაინც დიდი დოზით გვხვდება ყველასთვის გასაგები ადამიანური ემოციები. აქ კარგად ჩანს, რომ სიყვარულის, ნოსტალგიის თუ ოცნებების ობიექტებთან ურთიერთობის ფორმა მუსიკაა, ცალკეული კომპოზიცია კი კონკრეტულ ისტორიას თუ ამბავს გვიყვება. 

მიუხედავად იმისა, რომ sentimental  ალბომის ცალსახად ყველაზე “პოპულარული” სიმღერაა  (შეიძლება სრულიად დამსახურებულადაც), იმათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონიათ საშუალება  ნიკაკოის დისკოგრაფიას საფუძვლიანად გასცნობოდნენ, “შენтыmental” ნამდვილ განძის საბადოდ შეუძლიათ დაინახონ, სადაც სხვა ბევრი საინტერესო რამ ხდება. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ეს არ არის უბრალოდ ალბომი, ესაა  განაცხადი, რომელიც დღესაც ისეთივე ხმაურიანია, როგორც 2003 წელს იყო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.