fbpx

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი “დასაწყისი” იქნება


გააზიარე სტატია

რამდენიმე წუთის წინ სპეციალურმა კომისიამ ოსკარზე 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი შეარჩია. ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე წარსადგენად საქართველოს სახელით დეა კულუმბეგაშვილის ფილმი – “დასაწყისი” იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ კულუმბეგაშვილის ფილმმა გასულ კვირას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სან სებასტიანის კინოფესტივალზე თითქმის ყველა მნიშვნელოვან ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის – საუკეთესო ფილმის, რეჟისორის, მსახიობისა (ია სუხიტაშვილი) და სცენარის. გარდა ამისა, დეას ფილმმა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდოც დაიმსახურა.

 

საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა, რომელშიც შედიოდნენ:

  • ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
  • ოთარ ბუბაშვილი
  • გოგი გვახარია
  • ლაშა ბაქრაძე
  • ნანა დოლიძე
  • რამაზ ხოტივარი
  • ალეკო ცაბაძე
  • გიორგი შველიძე
  • სალომე დემურია
  • ია შუღლიაშვილი
  • მაკო ჭილაშვილი
  • ანა ჭყონია
  • მარიამ ხაჭვანი
  • ვაკო კირკიტაძე
  • ლაშა ცქვიტინიძე

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოდა:

  • “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
  • “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
  • “ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა

ფილმი “დასაწყისი” რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი – “უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი იეჰოვას მოწმეთა  შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც  პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება  მას შემდეგ იზრდება, როცა იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს.

კინოსურათში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი, რატი ონელი და საბა გოგიჩაიშვილი ასრულებენ. ამ არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლის შეკრებაზე კი ქასტინგის  მენეჯერმა ლელი მიმინოშვილმა იზრუნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ “დასაწყისის” აღმასრულებელი პროდიუსერი მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.