fbpx

კენზო ტაკადა – ანუ ბედნიერი ტანსაცმლის შემქმნელი


გააზიარე სტატია



ავტორი: თათუკა კვაშალი

 

პირველად პარიზში 1965 წელს ჩავიდა, იმედგაცრუებული იყო, რადგან პარიზი ბნელი და ცივი დახვდა, საერთოდ არ ჰგავდა ჟურნალებში ნანახს, საქმიანობა კი სხვადასხვა მოდის სახლებისათვის თავისი ესკიზების მიყიდვით დაიწყო, რომელიც 25 ფრანკი ღირდა, ხოლო 1970 წელს ბუტიკი გახსნა “Galerie Vivienne”-ში და შექმნა ბრენდი “Jungle and Jap”, რომლის სახელი უკავშირდება ჯუნგლებისა და იაპონიის სიყვარულს და ორი წლით ჩასული სამუდამოდ დარჩა პარიზში.

იაპონელი დიზაინერის – კენზო ტაკადას კოვიდ-19-ით გარდაცვალების ამბავმა მსოფლიო დაასევდიანა, 81 წლის ასაკში იგი სიცოცხლეს გამოეთხოვა ამერიკულ ჰოსპიტალში, პარიზში.

“ერთხელ მითხრეს, რომ იაპონელი მამაკაცისთვის მოდის ინდუსტრიაში ფეხის  მოკიდება შეუძლებელი იქნებოდა”. – კენზო ტაკადა.

1976 წლის ნიუ-იორკის მოდის ჩვენების შემდეგ ბრენდის სახელი შეიცვალა და მსოფლიოს წინაშე “კენზოს” სახელით წარდგა. 

1978-79 წლის კენზოს თეატრალურმა შოუმ ცირკში, ცხოველების, მოდელების და სპილოზე ამხედრებული კენზოს მონაწილეობით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სრულიად მოდის სფეროზე.                           

მიუხედავად კენზოს უთვალავი შოუებისა, თავად ავტორის საყვარელ შოუდ იაპონიის 1974 წლის ორდღიანი ჩვენება რჩება, რომელიც კონცერტს ჰგავდა და ხალხი მასზე დასასწრებად ფულს იხდიდა. 

“კენზო”  ფერადი, რომანტიკული, ეკლექტური, განსხვავებული, მხიარული, ორიგინალური, ფანტაზიებით აღსავსე,  ყველა ეს ეპითეტი, დიახაც რომ ამ ბრენდს ეკუთვნის და მის დამაარსებელს, რომელმაც თავისი ტალანტის, გემოვნების, შრომის და იდეების დამსახურებით მოიტანა ეს ბრენდი დღემდე!

 1999 წელს კენზო ტაკადა პენსიაზე გადის, ტოვებს თავის მოდის სახლს. დასვენებისა და ბევრი მოგზაურობის შემდეგ კი ბრუნდება: “როდესაც მუშაობა გადავწყვიტე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს იქნება დეკორაცია და არა მოდა”. ბოლო წლებში იგი ქმნიდა ავეჯს, ფრანგული სახლისათვის – “Roche Bobois”.

ცხოვრების ბოლომდე კი ქმნიდა ესკიზებს, მის არქივში დიდი რაოდენობით ჩანახატები ინახება, რამაც განაპირობა წიგნის გამოცემა: 

“მე მიყვარს ესკიზების შექმნა, მაგრამ არის დღეები, როცა მუზა არ მოდის”. მისი ესკიზების წიგნი გამოსცა  ACC Art Books-მა, სახელწოდებით “Kenzo Takada” ავტორები: კაზუკო მასუი და ჩიჰირო მასუი.

მიუხედავად იმისა, რომ მოდის სახლი 1999 წელს დატოვა და წლების მანძილზე ეხამუშებოდა კიდეც მისი სახელობის ტანისამოსის ხილვა, რომელიც თვითონ არ შეუქმნია, არასდროს უნანია ეს ნაბიჯი და პირიქით, ხუმრობდა კიდეც, სხვა ბრენდების გამოყენების საშუალება მომეცაო. სინამდვილეში კი თავისი მოდის სახლის წინსვლა ახალგაზრდებში და ახალ იდეებში დაინახა…

თავისი  ნიჭის წყალობით უდიდესი იმპერია შექმნა, მსოფლიოს აჩუქა ბრენდი და რაც მთავარია თავისი ნატვრაც რეალობად აქცია, რასაც “ბედნიერი ტანისამოსის შექმნა” ჰქვია.                                                    

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.