სანთლისგან შექმნილი IDENTITY
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სანთლისგან შექმნილი ძალიან ლამაზი ფიგურები გამოჩნდა. ისევე როგორც ჩვენ, რედაქციაში, ბევრი დაინტერესდა ავტორის ვინაობით. აღმოჩნდა, რომ iDENTiTY ორი გოგოს – ნინული ახვლედიანის და სოფო ქარცივაძის წამოწყებაა. მათი იდეა კარანტინში დაიბადა.
„ჩვენ ვართ გოგოები, რომლებიც ყოველთვის ოცნებობდნენ სახლის ინტერიერში შეეტანათ ის სიმყუდროვე და სინათლე, რასაც ახლა უკვე ჩვენი შექმნილი სანთლები ემსახურება. ეს იდეა თვითიზოლაციისას გაგვიჩნდა – სადაც ურთიერთობების ნაკლებობამ საკუთარი ვინაობის ამარა, მარტოობაში დაგვტოვა. იდენტობა ამ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია – უფრო სწორად, მისი არქონა, აქ უკვე მომხმარებელს საშუალება ეძლევა თავად დაასრულოს ის და მას კონტექსტი, გარემო და დეფინიცია თავადვე შესძინოს“, – ამბობენ Identity-ის შემქმნელები ჩვენთან საუბარში.
სანთლის მთავარი ფორმა ადამიანის შიშველი ტორსია – გენდერული როლებითა და სტერეოტიპებით სავსე სამყაროში ადამიანებს სჭირდებათ მეტი თვითგამორკვევა და საკუთარ გარეგნობაზე, პოზიციონირებასა თუ თვითრეპრეზენტაციაზე სრული კონტროლი. ეს პროდუქტი ადამიანს საშუალებას აძლევს სანთელივით დრეკადი სხეული თავად მართოს – მისცეს მას დატვირთვა და სხეულს შემოქმედებითად მიუდგეს.
პროექტის ავტორები: ნინული ახვლედიანი, სოფო ქარცივაძე
ფოტოგრაფი: თამუნა ბერაძე