fbpx

რვეული #2 – ინსტალაციის ხელოვნების 8 გამორჩეული ნიმუში – მიხეილ ციხელაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

თუკი თანამედროვე სახელოვნებო სივრცეს ეკრანის მედიუმს გამოვაკლებთ, ყველაზე კომპლექსური მიმართულება ალბათ ინსტალაცია გამოვა. ქართულ ლექსიკონებში ამ ჟანრის განმარტება ჯერაც არ მოგვეპოვება, ამიტომაც მის ჩემეულ ვარიანტს შემოგთავაზებთ: ინსტალაციის ხელოვნება (Installation art) – ეს არის დღეს უკვე ტრადიციული ჟანრი, რომლის მთავარი მიზანია სხვადასხვა ელემენტისაგან კონსტრუირებული სამგანზომილებიანი ნამუშევრის საშუალებით, მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით გადაწყვიტოს ის კონკრეტული სივრცე, რომელშიც თავად არის განთავსებული და შეცვალოს აღქმა თავად სივრცისადმიც. 

მის წინაპრად ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანის მიერ შექმნილი ბრიკოლაჟები მოიაზრება. თუმცა ინსტალაცია მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აღმოცენებული ჟანრის, ე.წ. „რედიმეიდის“ მემკვიდრეა. მან მხატვრულ მიმართულებად ჩამოყალიბება 1960-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და დღევანდელი არტ-სცენის განუყოფელ ნაწილად იქცა.

მსოფლიო ხელოვნებას უამრავი საინტერესო ინსტალაცია ახსოვს და ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებ.

დავიწყოთ:

 

#1 აი ვეივეი – მზესუმზირის მარცვლები (ჩინეთი, 2008)

ჩინელი დისიდენტის, ინსტალატორისა და არქიტექტორის ეს ნამუშევარი, ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ ჟანრის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია 21-ე საუკუნეში. ინსტალაციის იდეა არტისტს 2000-იანი წლების შუა ხანებში გაუჩნდა. ვეივეიმ ქალაქ ძინდეჯენში – იქ, სადაც საუკუნეების განმავლობაში ფაიფურის შესანიშნავი ოსტატები ჩინეთის იმპერატორთათვის დეკორატიული ხელოვნების შედევრებს ქმნიდნენ – დაიქირავა ადგილობრივი მცხოვრებლები – სულ  1600 ადამიანი – და მათ ჯერ კაოლინი მოაპოვებინა, მისგან კი ნატურალური ზომის მილიონობით ფაიფურის მზესუმზირის მარცვალი დაამზადებინა. არტისტის იდეა ადამიანის შრომის გამოყენების პრინციპს ეფუძნებოდა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩანაცვლებულიყო მანქანა-დანადგარებით.

ინსტალაცია 2009-2013 წლებში მსოფლიოს 11 ქალაქში გამოიფინა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა ლონდონში, Tate Modern-ის ტურბინების დარბაზში მოეწყო, სადაც ვეივეიმ 100 მილიონი ფაიფურის მარცვალი იატაკზე დაყარა და გალერეის ყველა სტუმარს მისცა მასზე სიარულის საშუალება. 

„მზესუმზირის მარცვლები“ ინსტალაციასთან ერთად პერფორმანსიცაა, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობს დამთვალიერებელთან  ინტერაქციის გარეშე. ამ უმარტივესი გამომსახველობითი ფორმითა და ენით, ჩინელი არტისტი კომენტარს აკეთებს მასობრივი შრომის დაუფასებლობაზე და ამ ხერხით  საუბრობს ჩინეთის წარსულსა და აწმყოზე, მის ადგილზე მსოფლიო გლობალურ სივრცეში. თუმცა ამ კომენტარებს მიღმა აი ვეივეის “მზესუმზირები”  ინტერპრეტაციის ფართო საშუალებასაც იძლევა და ეს გარემოება აქცევს კიდეც მას მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ნამუშევრად.

 

#2. ელიუ ოიტისიკა – ტროპიკალია (ბრაზილია, 1967)

იშვიათია თანამედროვე სახელოვნებო სამყაროში ინსტალაცია, რომელსაც იმხელა გავლენა მოეხდინოს სამოქალაქო პროცესებზე, როგორც ბრაზილიელი ელიუ ოიტისიკას „ტროპიკალიას“. 

რიო დე ჟანეიროს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MAM Rio) 1967 წელს გამოფენილი ინსტალაცია წარმოადგენს ბრაზილიისთვის ავთენტური, ბუნებრივი გარემოს და საცხოვრებელი ინტერიერის სინთეზს, რომელსაც ლაბირინთის ფორმა აქვს და ჩაკეტილ სივრცეშია განთავსებული. ლაბირინთს ორი შესასვლელი აქვს: PN2: A pureza é um mito (PN2 სიწმინდე მითია) და PN3: Imagético (PN3: წარმოსახვა). 

“ტროპიკალია” იყო რადიკალური პასუხი იმ სოციო-კულტურულ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რომელიც მაშინდელ ბრაზილიაში სუფევდა. ის ცდილობდა წარმოეჩინა მულტიკულტურალიზმის მშვენიერება, უპირისპირდებოდა არიანიზმს ბრაზილიურ საზოგადოებაში და ხელოვნების „სიწმინდესა“ და სწორხაზოვნებას

ოიტისიკას ქვეყანაში იცნობდნენ როგორც თავზეხელაღებულ და უკიდურესად რადიკალურ არტისტს, რომელსაც არ აღელვებდა არც სახელოვნებო სივრცის შეზღუდვები და მით უმეტეს არც პოლიტიკური. ის „ტროპიკალიას“ უწოდებდა „გარემოს მიკუთვნებულ მანიფესტს“. შემთხვევითი არაა, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მუსიკოსმა კაეტანუ ველოზუმ თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერას ოიტისიკას ნამუშევრის გამო „ტროპიკალია“ დაარქვა. სწორედ ამის შემდეგ გასცდა ეს ტერმინი სახელოვნებო სივრცეს და მთელი ბრაზილიის მასშტაბით იქცა სამოქალაქო ცვლილებების, ქვეყნის კულტურული აფეთქებისა და სიტყვისა და ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლის სინონიმად.

 

#3. მაია დუნიეცი – დაბურული ტყე (ისრაელი, 2016)

ისრაელელი მულტიინსტრუმენტალისტი, მომღერალი და ინსტალატორი მაია დუნიეცი ჯერ ისეთი სახელოვანი ვერ არის, როგორც აქ წარმოდგენილი წინა ორი არტისტი, თუმცა გასულ წელს პარიზში, პომპიდუს ცენტრში ნანახმა ამ ინსტალაციამ სამუდამოდ დამამახსოვრა თავი.

დუნიეცმა ათი ათასი თეთრი ფერის, დაუბრენდავი ყურსასმენისგან ხელოვნური ღრუბელი/ტყე შექმნა და მასში სხვადასხვა სტილის ემბიენტ მუსიკა, კოსმოსისა და ბუნების ხმები, ადამიანთა საუბარი თუ ბუტბუტი გააერთიანა. დამთვალიერებელს შეეძლო დამდგარიყო ან გაწოლილიყო  ნამუშევრის ქვეშ და შეეგრძნო ამ სხვადასხვა აკუსტიკური ნაკადების მიქსი, ასევე ევლო მის შიგნით და ამა თუ იმ მომენტში დაწინაურებულ ხმებს გაჰყოლოდა. 

ინსტალაცია საინტერესო სანახავია როგორც სტატიკურ მდგომარეობაში, ასევე დამთვალიერებლის ინტერაქციის დროსაც, როცა ის თითქოს ინსტრუმენტ ტერემინის ფუნქციას ითავსებს და დამთვალიერებლის ვიბრაციას გრძნობს. ეს ერთგვარი აკუსტიკური ილუზიაა, რომელიც მნახველს უჩნდება „დაბურულ ტყეში“ სიარულის დროს.

„დაბურული ტყე“ პომპიდუს ცენტრმა შეიძინა 2018 წელს და მას შემდეგ მის  საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი.

 

#4. ოლაფურ ელიასონი – ამინდის პროექტი (დანია, ისლანდია, 2003)

სასაცილოა, რომ კლიმატის ცვლილებას სხვადასხვა საზოგადოებაში დღემდე აქვს მიკრული მითიურობის იარლიყი, არადა ეს პროცესი უკვე რამდენიმე ათწლეულია ცხადად მიმდინარეობს და მასზე თანამედროვე ხელოვნების ბევრი წარმომადგენელიც საუბრობს. მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი, დანიელი წარმოშობის ინსტალატორი ოლაფურ ელიასონი. 

ელიასონს კარიერის განმავლობაში არაერთი ინსტალაცია აქვს შექმნილი ამინდისა და კლიმატის თემაზე (“ჩანჩქერი”, 1998; “ყინულის პავილიონი”, 1998; “მწვანე მდინარე”, 1998; “ლავა იატაკი”, 2002; “ყინულის ცქერა”, 2014; “ყვითელი ნისლი”, 1998-2018 და სხვ.) მაგრამ მის შემოქმედებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი  „ამინდის პროექტია“.

არტისტმა ნამუშევარი 2003 წელს შექმნა და თავიდანვე ითვალისწინებდა, რომ ლონდონში, ტეიტ მოდერნის ტურბინების დარბაზში უნდა გამოფენილიყო. ელიასონმა ქარვის ნახევარწრე შექმნა, დარბაზის ჭერი სამასამდე სარკის ფოილით მოაპირკეთა, მთელ სივრცეში კი ხელოვნური ნისლი ჩამოაწვინა. ოცი ათასი ვატის სიმძლავრის კალიუმის ნათურებით ნახევარდისკოს ციური სიკაშკაშე შესძინა და ოპტიკური ილუზიის დახმარებით არტისტმა შექმნა გარემო, სადაც დამთვალიერებელს შეეძლო ენახა ციური სხეული ახლო დისტანციიდან.

სამყაროში სითბო და სინათლე უფასოდ გვეძლევა. მე ვცდილობ, გარემო იმაზე უფრო ფართო განფენილობაზე წარმოვაჩინო, ვიდრე ჩვენ გვგონია, რომ  აგებულია. „აგებული“ ხომ ირეალურობას არ გულისხმობს! თავად რეალობაც კი რაღაცითაა აგებული. მიმაჩნია, რომ ხელოვნების ამდაგვარი გამოყენებით უფრო ნათლად განვსჯით, თუ რას განვმარტავთ  რეალობად“,  – ამბობს ერთ-ერთ გამოსვლაში ელიასონი, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგად ეხმიანება „ამინდის პროექტის“ არსსაც.

ინსტალაცია ყოველ მნახველს აძლევდა ინტერპრეტაციის ფართო საშუალებას. საინტერესოა, რომ დამთვალიერებელთა აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ ისინი გალერეაში ყოფნის დროს თბებოდნენ ხელოვნური მზისგან წამოსული სიმხურვალით, მაშინ როცა ელიასონის ინსტალაცია არანაირ სითბოს არ გამოყოფდა. ელიასონმა გამოფენის პერიოდიც ბრიტანულ შემოდგომას და ზამთარს დაამთხვია, რითაც უკვე ილუზორულ და ხელოვნურ ციურ სხეულს ერთი დამატებითი ილუზორული ელემენტიც შესძინა. 

ინსტალაციის გამოფენის პერიოდში BBC-ს ერთი კვირა გალერეაში  ამინდის პროგნოზის სტუდია ჰქონდა მოწყობილი და წამყვანი ყოველ გამოსვლას ამთავრებდა სიტყვებით: „აქ კი, ტეიტში მზე კვლავაც ანათებს!“. „ამინდის პროექტი“ ტელევიზიით ათობით მილიონმა ადამიანმა იხილა, უშუალოდ გალერეაში კი დამთვალიერებელთა რიცხვმა  ორ მილიონს გადააჭარბა.

 

#5. მარტინ კიპენბერგერი – მეტრო-სისტემა (გერმანია, 1993-1997)

ხელოვნება რომ გლობალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წამახალისებელია და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია ადამიანების დაკავშირება, ამის ვიზუალური და ფიზიკური გამოხატვა გერმანელმა არტისტმა მარტინ კიპენბერგერმა პროექტ „მეტრო-სისტემაში“ სცადა. 1993 წელს საბერძნეთში, კუნძულ სიროსზე არტისტმა პირველი უფუნქციო მეტროს ჩასასვლელი შახტა ააგო. ამას მოჰყვა 1995 წელს მეორე სადგური კანადაში, ქალაქ დოუსონში, 1997 წელს კი გერმანიაში, ქალაქ ლაიპციგში. არავინ იცის მსოფლიოს რამდენ ქალაქს დააკავშირებდა კიპენბერგერი, რომ არა მისი უეცარი გარდაცვალება 1997 წელს, 44 წლის ასაკში. 

„მეტრო-სისტემა“ წარმოადგენს სავენტილაციო სისტემით აღჭურვილ ფიქტიურ მეტროსადგურებს, რომლებიც მიწის მხოლოდ ზედაპირზე ბუტაფორიული ჩასასვლელების სახით არსებობენ. თავად სადგურების ჩასასვლელები კი რკინის კარით არის ჩარაზული. კარზე არტისტთა დაჯგუფება Lord Jim Lodge-ის ლოგოა გრავირებული.

კიპენბერგერის სიკვდილის შემდეგ პროექტის გაგრძელება გადაწყდა; სადგურები რამდენჯერმე დაიდგა/გამოიფინა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. 2001 წელს, ჯერ კიდევ არტისტის სიცოცხლეშივე დამზადებული სადგური დაიდგა შვეიცარიის კომუნა მადულაინში. “მეტრო-სისტემა” იყო გერმანიის პავილიონის მთავარი თემა 2003 წლის ვენეციის ბიენალეზეც. თუმცა, რადგანაც ნამუშევარი აღარ წარმოადგენდა ორიგინალურ ნაშრომს, „მეტრო-სისტემა“ აღარ გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ „მეტრო-სისტემა“ საწყის ეტაპზევე გაჩერდა, ნამუშევარი გავლენას დღემდე ახდენს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ხელოვანებზე. ინსტალაციით შთაგონებულთა შორისაა ჯოან როულინგიც, რომელსაც ჰარი პოტერის სამყაროსთვის შექმნილი პლატფორმა 9 ¾-ის იდეა სწორედ კიპენბერგერის ნამუშევრის ნახვის შემდეგ გაუჩნდა.  

საკვირველია, რომ არცერთი გალერეისა თუ ფესტივალის არქივში არ იძებნება საჯაროდ განთავსებული ვიდეოები, რომლებზეც კიპენბერგერის სადგურებია გადაღებული. ამიტომაც, ვიდეოს ნაცვლად არტისტის ჩანახატებს, სადგურის სქემებს შემოგთავაზებთ: 

 

#6. მონა ხათუმი – სინათლის განაჩენი (ლიბანი, 1992)

 მეტალის მარტივი კონსტრუქციები და სინათლის ნაკადები პალესტინური წარმოშობის ლიბანელი არტისტის, მონა ხათუმის შემოქმედებაში ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტებია. მათი ალბათ საუკეთესო მიქსი კი 1992 წლის ნამუშევარში, „სინათლის განაჩენში“ ჩანს. 1975 წელს არტისტი ლონდონში გადასახლდა და მას შემდეგ აქტიურად დაიწყო რედიმეიდის თავის ჭკუაზე გადამღერება, მისი შერწყმა სხვა საყოფაცხოვრებო ელემენტებთან და ინსტალაციაში საკუთარი ხელწერის დამკვიდრება. 

„სინათლის განაჩენი“ მინიმალისტური კონსტრუქციაა, ის მეტალის გამჭვირვალე შემნახველი საკნებისგან და ერთი ნათურისგან შედგება, თუმცა ინსტალაციის მთავარი დეტალი მოძრავი სინათლე, მისგან წარმოქმნილი ჩრდილები და რყევის ილუზია ხდება. 

მონა ხათუმისთვის არ არსებობს დასრულებული პროექტი. მას მიაჩნია, რომ დამთვალიერებელი უნდა ასრულებდეს ნამუშევარს, ან დათვალიერების შემდეგაც კი შეიძლება ის ღია რჩებოდეს.

„[სინათლის განაჩენზე] მუშაობის პროცესში მიზანი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მკაფიო მესიჯის დაფიქსირება. მსურდა დამთვალიერებელი, რომელიც ამ ინსტალაციას საკუთარ თავზე მოირგებდა, ნაგრძნობიდან და ნაფიქრალიდან გამომდინარე, თავად ყოფილიყო გარკვეული მესიჯის მატარებელი „სინათლის განაჩენის“ გავლით“, – ამბობს არტისტი ერთ-ერთ ინტერვიუში. ლონდონში ჩასვლის შემდეგ ის შეპყრობილი იყო სათვალთვალო კამერების სიმრავლით და იმის შეგრძნებით, რომ თითოეული ადამიანი მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყო – არ არსებობდა სივრცე, სადაც დაფარული იქნებოდი. ალბათ ამასაც უკავშირდება  ის, რომ, პრაქტიკული დანიშნულების მიუხედავად, მსგავსი გალიის ფორმის შემნახველ საკნებს მონა ხათუმი დეჰუმანიზაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ილუსტრაციებად მიიჩნევს. 

ინსტალაციის თვალიერებისას ნათურა, რომელიც მუდმივად მოძრაობს, ამოძრავებს ჩრდილებსაც, რომლებსაც გალიები წარმოქმნიან. მუდმივად მოძრავი ჩრდილები კი ტოვებენ შეგრძნებას, რომ დამთვალიერებლის ქვეშ მიწა ირყევა. ამ ილუზიას არტისტი ერთადერთი ნათურის მეშვეობით იწვევს, რაც, ჩემი აზრით, მშვენიერი მეტაფორაა იმაზე, რომ გალიაში ყოფნის დროსაც კი, თუკი სინათლის მცირე ნაკადს შეიგრძნობ, შესაძლოა ამ შეგრძნებამ ძირეული, თავბრუდამხვევი რყევები გამოიწვიოს.

 

#7. დორის სალსედო – უსახელო ინსტალაცია / სკამები  (კოლუმბია, 2003)

სკამი ალბათ ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული რედი-მეიდ ელემენტია მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. ეს ნივთი ადამიანთან თანაარსებობას ითხოვს; მის გარეშე უბრალოდ უფუნქციო დეკორაციაა. თუმცა დეკორატიულობის მიღმა კონტექსტის დანახვაა სწორედ რედი-მეიდ ხელოვნების მთავარი ამოცანა.

კოლუმბიელი ხელოვანი დორის სალსედო რედი-მეიდის ინსტალაციაში გადატანის კიდევ ერთი ოსტატია. არტისტი შემოქმედებას პირადი ბიოგრაფიაზე აფუძნებს, რომელიც მუდმივად იკვეთება კოლუმბიის ისტორიასთან. 2003 წელს სტამბოლის ბიენალეზე გამოფენილი უსახელო ინსტალაცია, რომელსაც სალსედო „ომის ტოპოგრაფიად“ მოიხსენიებს, ქალაქის ცენტრში, ორ მაღალ შენობას შორის ჩაყრილი 1550 სკამისგან შედგება. „მინდოდა მეჩვენებინა ომი, როგორც ზოგადი მოვლენა და არა კონკრეტული“, – ამბობს ხელოვანი და ინსტალაციას მასობრივ სასაფლაოს ამსგავსებს, უსახელო მსხვერპლებით.

ცარიელი სკამი ჯერ კიდევ ვინსენტ ვან გოგისთვის და ლუკ ფილდსისთვის იყო არარსებობისა თუ გაქრობის ილუსტრაცია. სალსედოც ამ ტრადიციას აგრძელებს, თუმცა საკუთარი სამშობლოს ისტორიის ჩართვით, ახლებურ დატვირთვას სძენს გაქრობის ფენომენს. მისი ოჯახიდან (ისევე როგორც ათასობით სხვა ოჯახიდან კოლუმბიაში) მრავალი ადამიანი გაქრა სამოქალაქო ომის დროს. მათ ადგილას დარჩა ცარიელი სკამები, როგორც ყოველდღიური მაცნეები არა სიკვდილის, არამედ ძალადობრივი ამოძირკვისა და გაუჩინარების, და მაინც გადარჩენილი იმედის.

 

#8. ხრისტო და ჟან-კლოდი – შეფუთული რაიხსტაგი (ბულგარეთი, მაროკო, 1995)

ლენდ-არტის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ცოლ-ქმარი ხრისტო ჯავაშეფი და ჟან-კლოდ დე გიიბონი იყვნენ. ერთსა და იმავე დღეს, ბულგარეთსა და მაროკოში დაბადებული არტისტები 1950-იანი წლების ბოლოს პარიზში დაქორწინდნენ და თავდაპირველად მუშაობა ხრისტოს სახელით დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით ნამუშევრების ავტორებად  ორივე  დასახელდა. 

წყვილს ბევრი ისეთი პროექტი აქვს გაკეთებული, რომლებიც ხელოვნებისა და ბუნების სინთეზს ითვალისწინებს. „დედამიწაზე არ არსებობს ერთი კვადრატული მეტრიც კი, რომელიც რაიმე სახის კუთვნილებას არ წარმოადგენს. რაც მე და ჟან-კლოდს გვინდოდა ის იყო, რომ გვესესხა ეს ადგილები და მათი მყუდროება ცოტა ხნით მშვიდად დაგვერღვია“, – ამბობს ხრისტო ერთ-ერთ ინტერვიუში. ყველაზე დიდი მყუდროების დარღვევა კი, ჩემი აზრით, 1995 წელს მოახერხეს, როდესაც 25-წლიანი ლოდინის შემდეგ, საბოლოოდ მიიღეს ნებართვა შეეფუთათ რაიხსტაგი.

წყვილს იდეა 70-იანი წლების დასაწყისში გაუჩნდა, თუმცა წლების განმავლობაში სამჯერ მიიღეს ოფიციალური უარი გერმანიის პარლამენტისგან. მიუხედავად ამისა, იდეის ერთგული არტისტები მაინც აგრძელებდნენ პროექტზე მუშაობას და შედეგად, 1994 წელს, პირველად ისტორიაში, ხელოვნების ნაწარმოების შექმნის ბედი პარლამენტში გადაწყდა. ბუნდესტაგში 70 წუთის განმავლობაში მსჯელობდნენ პროექტზე და საბოლოო კენჭისყრის შემდეგ, გადაწყვიტეს არტისტებისთვის შესაბამისი ნებართვა მიეცათ, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მოწინააღმდეგე იყო მაშინდელი კანცლერი, ჰელმუტ კოლი. 

1995 წლის ზაფხულში, ორი კვირის განმავლობაში, რაიხსტაგი ასი ათასი კვადრატული მეტრის მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო ქსოვილით  შეიფუთა. თუმცა პროექტს მრავალი მოწინააღმდეგე საზოგადოებაშიც ჰყავდა, მის სანახავად ბერლინში უამრავი ადამიანი ჩავიდა. შეფუთვიდან მალევე სამმა ტენორმა – ლუჩიანო პავაროტიმ, ხოსე კარერესმა და პლაჩიდო დომინგომ – სურვილი გამოთქვა, რომ შეფუთული რაიხსტაგის ფონზე კონცერტი ჩაეტარებინათ, მაგრამ ხრისტომ მომღერლები უარით გაისტუმრა, მით უმეტეს, რომ წინდახედული ცოლ-ქმარი ყოველთვის ქირაობდნენ ხოლმე ტერიტორიას – ნამუშევრებიდან ერთი კილომეტრის რადიუსს – რათა არავის  შესძლებოდა მათი პროექტების კომერციული მიზნით გამოყენება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.