fbpx

They Said Books – კონცეპტუალური სივრცე წიგნების, ბეჭდური გამოცემებისა და ყავის მოყვარულთათვის


გააზიარე სტატია

ავტორი: გვანცა ფოცხვერია

ფოტო: სერა ძნელაძე

 

თბილისი, ახვლედიანის 10 ნომერი.

1930-იან წლებში აშენებული აგურის შენობის პირველ სართულზე სამი მაღალი ვიტრინა მოგჭრით თვალს. აქაურობის კონცეფცია სახელწოდებიდანვე იკითხება –

 

They Said Books…

მყუდრო ინტერიერი, თანამედროვე დიზაინი, დეტალები და ფერები აქაურობისთვის დამახასიათებელ გარემოს ქმნის. They Said Books კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც წიგნების, ბეჭდური გამოცემების და ყავის მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია.  

ინტერიერში ყველაზე მეტად სტილისა და ფერების მრავალფეროვნება მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ფერთა კომბინაცია იმდენად შთამბეჭდავია, რომ გადავწყვიტეთ ეს სივრცე ფერების მიხედვით წარმოგიდგინოთ.

 

They Said Books – ლურჯი

ლურჯი და თეთრი ფილებით მოპირკეთებულ თაროებზე თქვენ აღმოაჩენთ წიგნებს არქიტექტურაზე, დიზაინზე, მუსიკაზე, მოდაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ კულინარიაზე. აქ ნებისმიერი ადამიანი იპოვის თავისი ინტერესის საგანს. ამ სივრცეში წარმოდგენილი წიგნები მსოფლიოს ყველაზე დიდ გამომცემლობებში იბეჭდება. Phaidon-ს, Abrams & chronicle-ს, MoMa Books-ს, TASCHEN-ს, Skira – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც They Said Books თანამშრომლობს. გულდასმით შერჩეული გამოცემები როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივადაც მდიდარია და იდეალურია საკოლექციოდ.

ამ სივრცეში შესვლისთანავე ყავის არომატულ სურნელს იგრძნობთ. ალბათ სწორედ ამ სურნელს უწოდა ჰარუკი მურაკამიმ დღისა და ღამის ერთმანეთისგან გამყოფი. ეს Five Elephant-ის ყავაა. 

Five Elephant ბერლინში ყავის სახელოსნო და კაფეა, რომელიც ყავის მოყვარულების საყვარელი ადგილია. ბრაზილიური, კენიური, კოლუმბიური და ეთიოპიური ყავის მარცვლებისგან დამზადებული ბერლინური ყავა თბილისში მხოლოდ They Said Books-ში შეგიძლიათ გასინჯოთ ან შეიძინოთ სახლისთვის. 

გარდა წიგნებისა და ყავისა, They Said Books-ში სხვა საინტერესო და უჩვეულო ობიექტებსაც აღმოაჩენთ. მაგალითად, School of Life-ის Pillow Talk – კარტი ინტიმური დიალოგისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო ნივთია, რომლის გაზიარებაც თქვენს მეორე ნახევართან შეგიძლიათ. ამავე ბრენდის ფილოსოფიური ფანქრების კომპლექტი იდეალური ბიუჯეტური ნივთია, რომელიც შეგიძლიათ თქვენს მეგობარს აჩუქოთ. კომპლექტში 6 ფანქარი დევს, თითოეულს თავისი ფილოსოფიური სახელწოდება აქვს და თან განმარტებითი ლექსიკონიც მოჰყვება.

They said Vintage Minis

GREAT MINDS. BIG IDEAS. LITTLE BOOKS.

ეს 160-გვერდიანი წიგნაკია, რომელიც შეგიძლიათ ჩაიგდოთ ჩანთაში და სულ თან ატაროთ. იკითხოთ ყველგან და გაეცნოთ დიდ მწერლებს ცხოვრების ყველაზე საინტერესო საკითხებზე. ზიგმუნდ ფროიდის DREAMS იდეალური არჩევანია, რომლის შეძენაც სულ რაღაც 17 ლარად შეგიძლიათ.

They said ARTWORKS 

დიზაინით გატაცებულებისთვის: ვირჯილ აბლოს 496-გვედიანი წიგნი. სპეცგამოცემა.

 

დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ შემთხვევით მოხვდით კონცეპტუალური მაღაზიის სიახლოვეს, აუცილებლად შეიარეთ და სულ რაღაც ნახევარი საათი დაუთმეთ ყავას და წიგნებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.