fbpx

„ფანჯარა საკუთარ თავთან“ – ილუსტრირებული წიგნი-დღიური მოზარდებისათვის


გააზიარე სტატია

 

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს და სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ წარმოადგენს ანტი-სტიგმა ილუსტრირებულ წიგნ-დღიურს, რომლის მთავარი ადრესატები მოზარდები არიან. 

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა ემოციებს შორის იშლება საზღვრები. წარმოიდგინეთ, რომ რასაც განიცდით, ყველაფერს გულში იტოვებთ. ერთ სხეულში მოფუსფუსე ბრაზი, სევდა, შიში, იმედგაცრუება ისე ირევა ერთმანეთში, რომ საკუთარი ფიქრებისაც აღარ გესმით. ამ პერიოდს, ძირითადად, მოზარდობის ასაკში გავდივართ. ანტი-სტიგმა ილუსტრირებული წიგნი კი, რომელსაც უფრო მეტად დღიურის სახე აქვს, ემსახურება ფსიქოგანათლებას, მისი მიზანია ემოციებთან გამკლავების ეფექტური სტრატეგიების შემუშავება.  

წიგნი ავტორის გარეშე და ამავდროულად,  უამრავი ავტორით… თითოეული ადამიანი ამ წიგნ-დღიურში თვითონვეა შემოქმედი საკუთარი ისტორიისა. ავტორი, საკუთარი ამბის თხრობისას მარტო არაა. მას მთელი ამ პროცესის განმავლობაში მეგზური დაჰყვება, რომლის მიზანია მოზარდების ინფორმირება სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათი გამხიარულება და მათთვის ბედნიერების მოტანა. 

წიგნში შევხვდებით მოზარდების მხატვრულ ჩანახატებს, რომლებიც არ უშინდებიან საკუთარი გრძნობების ფურცელზე გადმოტანას. იგივეს გირჩევთ თქვენც. ამ დღიურის შევსების შემდეგ, რომელიც შეგიძლიათ გადმოიწეროთ და ონლაინრეჟიმში გაეცნოთ მას, აქამდე პასუხგაუცემელ კითხვებს ნელ-ნელა პასუხები გაუჩნდება.  ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეძლებთ საკუთარი ემოციების ფანჯრის ფართოდ გაღებას. 

ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო წიგნის პრეზენტაცია ონლაინსივრცეში გაიმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, გიფ-თბილისი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.