fbpx

იაპონური შავბნელი ფოლკლორი და ანიმაციური სერიალი “მონონოკე”


გააზიარე სტატია



ავტორი: თამუნა გეფერიძე

 

იაპონურმა ფოლკლორმა, რომელიც თავდაპირველად მთელი სამყაროსაგან იზოლირებულად, შინტოს წიაღში, იზანამისა და იზანაგის საწყისით იქმნებოდა და სხვა აქამდე ნანახსა და გაგონილს არ ჰგავდა, ტრანსფორმაცია ჩინეთიდან გავრცელებული ბუდიზმით განიცადა, და ასე კიდევ უფრო უჩვეულო სახე მიიღო დასავლეთისათვის. 

იაპონიის მითოლოგიური პანთეონი საკმაოდ მდიდარი და უცნაურია, მაგრამ განსაკუთრებული მრავალფეროვნებით მისი ბნელი, საშინელებათა სამყარო გამოირჩევა.

ონი (დემონები, კაციჭამიები), იოკაი (მაქციები), იურეი (გარდაცვლილი ადამიანის სული, რომელმაც სიმშვიდე ვერ იპოვა), მონონოკე (დასნეულებული, ბოროტი სული)… იმ ქმნილებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სახელებიც ძველ და თანამედროვე დროში, უმცროსსა თუ უფროსს თაობაში ჟღერს და  დღემდე შიშს თესავს. ადამიანებისა და კამიების (სულების) სამყარო გადაჯაჭვულია ერთმანეთზე და მათ შორის ზღვარი გამჭირვალე და იმდენად თხელია, რომ ერთიდან მეორეში გადასვლა სრულიად შეუმჩნევლად ხდება. 

დღევანდელ იაპონიაში ხშირად ღამით  მარტო სიარულისას იურეის შეხვედრის უფრო ეშინიათ, ვიდრე ქურდისა ან სერიული მკვლელის. ნებისმიერ მიტოვებულ სახლზე ნებისმიერი იაპონელი გეტყვით, რომ იქ მოჩვენებები ბინადრობენ და ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან საშინელებათა ფოლკლორი დღემდე ვითარდება, გმირების რიცხვი კი სულ უფრო და უფრო იზრდება – დაწყებული ჰანაკო-სანის ისტორიით, რომელიც სკოლების საპირფაროებში ბინადრობს, დამთავრებული ყველასათვის ცნობილი პატარა გოგონას მოჩვენებებით გატაცების ამბით. 

ჩიჰირო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონური ანიმაციის “მოჩვენებებით გატაცებულის” მთავარი პერსონაჟია. ანიმაცია საუკეთესოდ წარმოაჩენს იაპონური ფოლკლორის ღმერთებსა და ონის ვიზუალიზაციას, მათ უცნაურობას, სიდიადეს და შემზარავ გამოსახულებას, რომლებიც დასასვენებლად ცხელ აბაზანებს სტუმრობენ. ჩიჰირო უკვდავების სამყაროში გვირაბის გავლით

ხვდება და თავის სამყაროში იმავე გზით ბრუნდება.

დასავლეთში ბევრისათვის ბავშვობაში ჩიჰიროს თავგადასავალი დიდ საშიშ სიზმართან ასოცირდებოდა თავის ქიმერებით, გაზვიადებული ფორმებით და უსხეულო არსებებით.  მაგრამ იაპონელი ბავშვებისათვის ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია ზღაპრებიდან. 

მაგალითად, მიაძაკის ერთ-ერთ ანიმე “ჩემი მეზობელი ტოტოროს” მთავარი მაგიური არსება ტოტორო, ტყის მცველი, რომელიც რამდენიმე ცხოველს ერთად მოგაგონებთ (ენოტი, დათვი, კატა), შესაძლებელია იაპონური ფოლკლორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი, ძველი იოკაისგან, ტანუკისგან იღებდეს სათავეს. ტანუკიც ასევე ტყეში ბინადრობს და ბედნიერებისა და ნაყოფიერების მომტანია. 

ისინი უხილავები არიან გარე სამყაროსათვის, შეუძლიათ სახე იცვალონ, გახდნენ ადამიანი და ნივთიც კი, მაგრამ ბუნებრივად ენოტებსა და ძაღლებს ჩამოჰგვანან და საკეს დიდი სიყვარულით გამოირჩევიან, თუმცა საბავშვო ანიმაციაში ტანუკიმ შესაძლოა დიდი ცვლილები განიცადა და სრულიად ახალ, ბავშვებისათვის საყვარელ არსებად მოგვევლინა. იაპონური ფოლკლორის გმირების მთავარი მახასიათებელიც სწორედ ტრანსფორმაციაა. 

გარდაცვლილი ადამიანების სულები, რომლებმაც სიმშვიდე ვერ იპოვეს, სახეს იცვლიან. მათგან შეიძლება მხოლოდ ერთი თვალი დარჩეს ან უზარმაზარი ფეხი, გრძელი კისერი და ასე შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში აჩრდილებსა და სხვადასხვა საზარელ არსებებს „ობაკეს“ უწოდებენ, რომელიც ზმნა ობაკერუსგან მომდინარეობს და სახეცვლილებას, გარდასახვას ნიშნავს. 

ღვთაებები, ცხოველები და ადამიანებიც კი, რომლებმაც ბუნება იცვალეს, ისეთი დაავადებებისაგან, როგორიცაა სიძულვილი, სიხარბე, სისასტიკე, მონონოკედ იქცევიან. ისინი არ კარგავენ სხეულს, ხორცსა და სისხლს, პირიქით, ბოროტი ძალით ივსებიან, რომელიც ნელ-ნელა ამახინჯებს მათ პირველყოფილ იერს და ძლევამოსილ იოკაიდ აქცევს. მონონოკეს ბუნება და წარმოშობა კარგად ჩანს ანიმე “პრინცესა მონონოკეში”, სადაც თითქმის ყოველი პერსონაჟის სული, მათ შორის დიადი ტყის ღმერთების გულებიც, მაგალითად, როგორიც არის მგელი მორო ან ტახი ოკკოტონუში, ნელ-ნელა იღრღნება სიძულვილის სენით და ძლევამოსილ სასტიკ არსებად აქცევს ადამიანების წინააღმდეგ. მაგრამ ამ უცნაურ, დემონებითა და საზარელი ქმნილებებით  სავსე სამყაროში  მაინც არის რაღაც კეთილი და უვნებელი, თუმცა მაინც უჩვეულო ჩვენი თვალისათვის. მაგალითად, “კო-დამა”, ძველი ხეების სული, რომელიც უბრალოდ იმეორებს ადამიანების ლაპარაკს და ტყეში ექოს წარმოქმნის. 

მდიდარი და დაუსრულებელი ფოლკლორი ხშირად ხდება ფილმებისა თუ ანიმაციების შთაგონების წყარო, მაგრამ საუკეთესოდ ალბათ ამ უჩვეულო სამყაროს, ასევე ძალიან უცნაური ფორმით წარმოაჩენს 2007 წელს გადაღებული საშინელებათა ჟანრის ანიმაციური სერიალი “მონონოკე”. 

გრაფიკა ტრადიციულ იაპონურ ფერწერას მოგაგონებთ, რომელიც მოულოდნელად ცოცხლდება მაყურებლის თვალწინ და უცნაურ შეგრძნებას იწვევს, რადგან არ გაქვს სრულყოფილი სამგანზომილებიანი ნახატის აღქმის საშუალება და ყველაფერი მინიმალისტურად და მარტივად მოძრაობს, როგორც დეკორაციები თეატრალურ დადგმაში. 

12 სერია სხვადასხვა ისტორიას გვიყვება, რომლებიც ერთი გმირის, მოხეტიალე აფთიაქარის გარშემო ერთიანდება. იწყება ერთი ამბავი და აზიური მოჩუქურთმებული ხის კარი იხსნება წარმოდგენის საჩვენებლად, მერე კი კვლავ იხურება. 

უჩვეულო გრაფიკით მოყოლილი სიუჟეტები ყველაზე ახლოსაა უძველეს იაპონურ ფოლკლორთან და თითოეული ამბავი ატარებს შინტოისტურსა და ბუდისტურ სწავლებასა და მორალს ცხოვრებაზე. აფთიაქარი, რომელიც რეალურად მონონოკეზე  ნადირობს, მის დასამარცხებლად ჯერ იგებს სულის დასნეულების პირველმიზეზს, შემდეგ კი იცნობს მის არსებას, გარეგნულ იერს. ამ ორი წინაპირობის გარეშე ის და მისი ხმალი უძლურნი არიან მონონოკეს ძალის წინააღმდეგ, რომელსაც ყოველთვის ბოროტი ზრახვები ამოძრავებს. 

კვანძის გახსნასა და ბრძოლის სცენებს სრულყოფილად ერწყმის  იაპონური ფოლკლორული მუსიკა. ყოველი ეპიზოდი მითოლოგიიდან ცნობილი გმირის სახელს ატარებს. მაგალითად,  “ჯაშიკი-ვარაში” – სახლში მობინადრე იოკაი ან “უმიბოძუ” – იოკაი, რომელიც ოკეანეში ბინადრობს. „მონონოკეს“ ვიზუალი საუკეთესოდ ერგება იმ მრავალფეროვნებასა და გამჭირვალე ზღვარს ორ სამყაროს შორის, რომელიც ამ მითოსს ახასიათებს. მაყურებელი გმირებთან ერთად იკარგება ფერად ჩუქურთმებში.

პერსონაჟები ერთდროულად ორივე განზომილებაში იმყოფებიან, ისინი თან იბრძვიან და თან წარსულს ადევნებენ თვალყურს, სადაც დასნეულების პირველმიზეზი გათამაშდა. ირღვევა ყველანაირი საზღვრები, ბოლოს კი ყოველი მონონოკეს განკურნებისა თუ განდევნის სცენა, რომელიც ერთდროულად საზარელი, მაგრამ ამავე დროს ესთეტიკური და სენსიტიურია, კვლავ აბრუნებს გმირებს რეალურ სამყაროში და ისინიც ისე აგრძელებენ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. 

იაპონური მითოსი, ისევე, როგორც მისი ისტორია და კულტურა, უჩვეულო და  პროგრესირებადია. მუდამ იცვლის სახეს და თანამედროვეობას არ ჩამორჩება, ხშირად კი უსწრებს კიდევაც, თუმცა ფესვებსა და ტრადიციებს არასდროს ივიწყებს და ტრანსფორმაციისათვის მთავარ ძალად სწორედ წარსულს იყენებს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.