fbpx

ოქტომბრის სახელოვნებო კალენდარი – რის ნახვას შეძლებთ თბილისის გალერეებში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა პატარიძე

 

ოქტომბერი თბილისის სახელოვნებო ცხოვრებისთვის დატვირთულია.

ნელ-ნელა მატულობს ქალაქში არსებული საგამოფენო სივრცეების რიცხვი, რაც თავისთავად კარგის მანიშნებელია, თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს, მკვლევრებს, კრიტიკოსებს თუ რიგით დამთვალიერებლებს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისა და გააზრების მეტი საშუალება ეძლევათ.

გალერისტებისა და კურატორებისთვის კი  საგამოფენო სივრცეების  ზრდა ერთგვარი გამოწვევაა, რაც სამომავლოდ აუცილებლად აისახება გამოფენების  ხარისხსა და ახალი, ჯერ კიდევ დაუმკვიდრებელი პრაქტიკის დანერგვაზე. 

AT.ge წარმოგიდგენთ  თბილისში არსებულ გალერეებში ოქტომბერში მიმდინარე გამოფენების ჩამონათვალს:

 

E.A. Shared Space წარმოგიდგენთ ჟალა ვაჰიდის პერსონალურ  გამოფენას, სახელწოდებით “კლდის ციხე-სიმაგრე”.

გამოფენა “კლდის ციხე-სიმაგრე” სახელწოდებას  ჩრდილოეთ ქურთისტანის ქალაქ ჰესკიფიდან იღებს. ეს უძველესი ქალაქია, რომელიც ათასწლეულების მანძილზე შექმნილი ცივილიზაციის ფენებს მოიცავს. ჰესკიფი ახლა სრულადაა ჩაძირული წყლის ქვეშ, თურქეთის “სამხრეთ-ანატოლიის პროექტის” შედეგად. ეს პროექტი მოიცავს 22 კაშხლის, 19 ელექტროსადგურის და სარწყავი სისტემების  აშენებას 17,000 კვ. კმ-ზე,   მდგრადი განვითარების, ეკონომიკური ზრდის და მრავალსექტორული რეგიონული  განვითარების იდეის ფარგლებში. 

ათწლეულების მანძილზე ამ პროექტის მიმდინარეობამ  განაპირობა ათასობით ქურთის მიგრაცია და ტერიტორიის დატბორვის შედეგად მათი კულტურის განადგურება.  ნამუშევარი პროვოკაცია, რომელიც ახსენებს მაყურებელს  წაშლილ ისტორიას. ქანდაკების, ხმის და სინათლის ინსტალაციის საშუალებით  „კლდის ციხე-სიმაგრე“ იკვლევს წყალქვეშ მიმდინარე ჩუმ ომს, სადაც სიჩუმე როგორც ფიზიკური, ასევე პოლიტიკურია.

გამოფენა “კლდის ციხე-სიმაგრე” 2020 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

Gallery Artbeat წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას, სახელწოდებით „ცხრატუჩა ქალღმერთი“, რომელიც 9 ხელოვან ქალს აერთიანებს: 

თამარ ბერუჩაშვილი, ანი გურაშვილი, მერვე ისერი, მაია ნავერიანი, ათენა პაპადოპულოსი, ნატო სირბილაძე, ამალია ულმანი, სალომე ჩიგილაშვილი, გვანცა ჯიშკარიანი.

როგორც ხეებს შეუძლიათ ტომებად და ოჯახებად ცხოვრება და ამავდროულად,  ცალკე დგომა, იგივენაირად ეს მხატვრები იქცევიან ჯგუფის ნაწილად ისე, რომ აგრძელებენ თავიანთი წესებით თამაშს. როგორც ჯადოქარი, “რომელიც საკუთარ თავს აღმერთებს, როგორც ღმერთს; რომელიც თავისი ცხოვრების შემოქმედია და თავისივე თავის მკურნალი” (მაურა დილონი), ასევე თითოეული მონაწილე მხატვარი  ქმნის საკუთარ ყოფას  თავის  და თავისივე სახელოვნებო პრაქტიკის გარშემო   და როგორც მრავალი ან მცირეთაგანი ჩვენ შორის, ასევე ისინი …”მთელი ძალით მხოლოდ ერთი მიზნისთვის იბრძვიან: თავიანთი კანონების გამოყენებით შექმნან უნიკალური ფორმა და წარმოაჩინონ საკუთარი თავი” (ჰერმან ჰესე, სეირნობანი: ჩანაწერები, 1972). 

ეს გამოფენა გვიყვება იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო საზოგადოების წევრი, მაგრამ აგრძელებდე საკუთარი წესებით თამაშს, იყო სოციალური ცხოველი და ამავდროულად,  თვითკმარი, გქონდეს იმის უნარი, რომ იცხოვრო ტომის წევრად და ამავდროულად, იდგე მარტო, იყო ადამიანი და ამავდროულად, იყო ხე. გამოფენა ასევე პატარა ექსპერიმენტია იმის გასარკვევად, უფრო მარტივია თუ არა ინდივიდუალურის ჯგუფში აღმოჩენა. 

გამოფენა „ცხრატუჩა ქალღმერთი“ 2020 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

 

4710 წარმოადგენს ჯგუფურ გამოფენას, სახელწოდებით  “აუცილებელი რიტუალები”,  რომელიც რვა ახალგაზრდა ხელოვანს აერთიანებს. 

მათ შორის არიან: თამარ ნადირაძე, შოთიკო აფციაური, სალომე ჩიგილაშვილი, მერაბ გუგუნაშვილი, თორნიკე რობაქიძე, სალომე ჯოხაძე, ანუშკა ჩხეიძე და მარი ყალაბეგაშვილი. 

საგალერეო სივრცის ერთ-ერთი მთავარი რიტუალი გახსნის ღონისძიებაზე დასწრებაა, დღევანდელი ვითარებიდან  გამომდინარე კი ამ რიტუალის შესრულება მხოლოდ შეზღუდულ ფორმატშია შესაძლებელი, რაც თავისთავად მის  შესუსტებას გულისხმობს. გამოფენის სახელწოდება  კი ამ მოცემულობასთან მიმართებაში ამბივალენტურია. 

გამოფენა დამთვალიერებელს რამდენიმე საზეპირო რიტუალის შესრულებას სთხოვს – დაიცვას დისტანცია, თან იქონიოს პირბადე და ახალ წესრიგს შეგუებულმა მშვიდად დაათვალიეროს სივრცე, სადაც მას სხვადასხვა მედიუმში შესრულებული რვა ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრები დახვდება, რომლებიც დღეს ქართული თანამედროვე ხელოვნების ამინდს ქმნიან. 

გამოფენა “აუცილებელი რიტუალების” ნახვა 10 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. 

 

The Why Not Gallery ახალ სივრცეში წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას, სახელწოდებით “All Your Favorite Bitches and Witches”. 

გამოფენაში მონაწილეობენ: სალომე დუმბაძე, ქეუ მეფარიშვილი, თამარ ნადირაძე, ანასტასია ახვლედიანი, ანა გზირიშვილი, ანა ჯიბლაძე, ანი გურაშვილი, ანა ჩადუნელი და თამარ ბოჭორიშვილი. 

ექსპოზიცია დამთვალიერებელს წარმოუდგენს ქართველი ხელოვანი ქალების ახალ თაობას, განსხვავებული ხელწერითა და მუშაობის ტექნიკით. Წარმოდგენილი ნამუშევრები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა:  იდენტობა, გენდერული როლები და სტერეოტიპები, პირადი ისტორიები და კოლექტიური მეხსიერება, მისტიციზმი და კლიშე. შოკის მომგვრელი, მაგრამ მიმზიდველი, ამავდროულად, იუმორნარევი და ანცი, ვიზუალურად წარმტაცი  და თან შემზარავი – ამ ურთიერთგამომრიცხავი განცდების ერთობა არის ის მთავარი ხაზი, რაც გამოფენას გასდევს და მასში სხვადასხვა ნამუშევრებს აერთიანებს. 

ამავდროულად, წარმოდგენილ ნამუშევრებში იგრძნობა სიურრეალიზმის გავლენა. გამოფენა ერთგვარი პასუხია ზოგად მსოფლიო ტენდენციაზე, სადაც ძლიერი ქალი დაწინაურდა და თავის ადგილს იმკვიდრებს, როგორც სუბიექტი და საკუთარი თავის პატრონი. ექსპოზიცია ასევე რეფლექსირებს ადგილობრივ  სახელოვნებო სივრცეზე, სადაც სულ უფრო და უფრო დომინირებენ განსაკუთრებულად საინტერესო ხელოვანი ქალები.

გამოფენის სახელწოდებაც ერთგვარი ხუმრობაა იმ ორ წამყვან იარლიყზე, რომელსაც დამოუკიდებელ, ძლიერ ქალებს აწეპებენ ხოლმე, მათი დამცირების და გარიყვის მიზნით. 

გამოფენა  “All Your Favorite Bitches and Witches”-ის ნახვას 14 ნოემბრამდე შეძლებთ. 

 

Window Project, IFA (უცხოეთთთან ურთიერთობის ინსტიტუტი) გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ  როზმარი ტროკელის პერსონალურ გამოფენას.

როზმარი ტროკელი გერმანული სახელოვნებო სივრცის ვარსკვლავია, მისი შემოქმედება ვერც ხელოვნების რაიმე მიმართულებით, ვერც ჟანრობრივი თუ სტილისტური ჩარჩოებით ვერ განისაზღვრება. მისი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, ინსტალაცია, ქანდაკება, ფოტო-და ვიდეონამუშევრები შლის საზღვარს პიროვნულს, ლოკალურსა და გლობალურს შორის და დისკურსთა ფართოდ განშტოებულ ქსელს ქმნის, რომელიც ისევე მოიცავს გერმანიის სოციალური და პოლიტიკური ისტორიის ასპექტებს,  როგორც, ზოგადად, დასავლური ფილოსოფიის, თეოლოგიისა და მეცნიერების ამოსავალ საკითხებს,  კულტურულ კოდებს, როლურ მოდელებსა თუ სახელოვნებო სისტემის ნორმატივებს.

როზმარი ტროკელის ერთ-ერთი მთავარი  თემა  ქალთა ცხოვრებისეული კონტექსტისა და გენდერული განსხვავებების საკითხების კრიტიკული ანალიზია; მისი უფროსი კოლეგების არტისტული პოზიცია, შეფარულად, პროგრამულ ამოსავალ წერტილს ქმნის როზმარი ტროკელის საკუთარი თვალთახედვისთვის. მამაკაცთა გაბატონებული მდგომარეობა სახელოვნებო სივრცეში, რაც 1980-იან წლებშიც კი  აშკარად შეიმჩნეოდა, ხელოვანი ქალის პროტესტს იწვევს.

ტროკელის ნამუშევრებში ტრადიციული და ახალი მედია ისევ და ისევ ქმნის დამთვალიერებლისთვის განსაცვიფრებელ კომბინაციებს. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ტუშით, ნახშირით, ფანქრით, კოლაჟის ტექნიკის ან კომპიუტერის გამოყენებით შექმნილ გრაფიკულ ნამუშევრებში, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მის შემოქმედებაში. გრაფიკული ნამუშევრები ტროკელის  შემოქმედების ყოველ ფაზას თან სდევს, როგორც საცდელი პოლიგონი და მოსაზრებებისა და კონცეფციების მონახაზები; მაგრამ ისინი, ამავე დროს,  დამოუკიდებელ ჯგუფსაც წარმოადგენს – რაც განსაკუთრებით ბოლო დროს შესრულებული დიდფორმატიანი ნამუშევრებიდანაც კარგად ჩანს. ამიტომ ამ გამოფენაში, ვიდეონამუშევრებთან ერთად, ამ მედიუმს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

როზმარი ტროკელის გამოფენის ნახვას 30 ნოემბრის ჩათვლით შეძლებთ. 

 

LC Queisser წარმოგიდგენთ  გერმანიაში მცხოვრები  ხელოვანის, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის გამოფენას, სახელწოდებით “მოხარშული ენა”. 

ნამუშევრების ამ ახალ სერიაში ალექსი-მესხიშვილი განიხილავს თარგმანის სივრცეს, ანუ სივრცეს, რომელიც გამოსახულებასა და მის რეფერენტს, ორ სხვადასხვა ენას შორის არსებობს და იმას, თუ როგორ შეიძლება ფოტოგრაფმა გადმოსცეს გონების მიღმა არსებულის იმერსიული არამდგრადობა. ეს ერთგვარი გამოწვევაა ფოტოგრაფიის, როგორც უპიროვნო, მიუკერძოებელი თუ დოკუმენტური გაგების მიმართ, რადგან ნამუშევრების ეს ახალი ჯგუფი  გულისხმობს არამატერიალურს, პიროვნულსა და უშუალოს. 

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის გამოფენის ნახვის შესაძლებლობა 20 დეკემბრამდე გექნებათ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.