როგორ გავიცნოთ საკუთარი თავი უკეთ და აღმოვაჩინოთ დამალული ნიჭი
ადამიანი ბუნებით მაძიებელი არსებაა, ამიტომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს იპოვნოს ის, რაც მას ყველაზე უკეთ აგრძნობინებს თავს. ასეთივე პროცესია საკუთარი თავის გაცნობა, რომელიც არასდროს წყდება, თუმცა რაც უფრო ვიზრდებით, უფრო ნაკლები დრო გვრჩება რაღაცების აღმოსაჩენად. მეტ წილად, ჩვენს ცხოვრებას ბავშვობა და ახალგაზრდობა განსაზღვრავს. სანამ პატარები ვართ, ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ, ფეხბურთზე ვიაროთ თუ ფორტეპიანოზე, მათემატიკა უფრო კარგად ვისწავლოთ თუ ჰუმანიტარული საგნები. ახალგაზრდობაში არჩეული პროფესიები კი შესაძლოა სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს ჩვენთვის რამდენიმე წელიწადში.
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის საკუთარი თავის ძიებაში ვიყოთ, მაშინაც კი, როცა კომფორტის ზონაში შევაღწევთ და იქიდან გამოსვლა არ გვინდა. ეს კიდევ უფრო საჭირო ხდება ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ცვლილებებს ეძებთ და გსურთ, საკუთარი თავი ახალ განზომილებაში აღმოაჩინოთ. რატომ? – იმიტომ, რომ შესაძლოა იმდენი დამალული ნიჭი აღმოაჩინოთ, თავადაც გაგიკვირდეთ. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? – იკითხავთ, ალბათ.
ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს:
უკან, წარსულში
აღმოუჩენელი ნიჭი ყველა ადამიანში იმალება, ამიტომ თუ საკუთარი დამალული ნიჭის ძიება გადაწყვიტეთ, მაშინ წარსულში ქექვით უნდა დაიწყოთ. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა და დაფიქრდით, რისი კეთება მოგწონდათ ყველაზე მეტად. გადახედეთ ბავშვობის დღიურებს, იქნებ კარგად ხატავდით? – მაშინ თქვენ შეგიძლიათ სრულიად ახალი პროფესია შეიძინოთ და წარმატებული გრაფიკული დიზაინერი გახდეთ. თუ კარგი სმენა გქონდათ და ერთი-ორ ინსტუმენტსაც გაკარებიხართ, შესაძლოა კარგი ელექტრონული მუსიკის შექმნაც კი შეძლოთ, ეს სფერო კი დღეს დიდ პროგრესს განიცდის.
ცდა და გართობა
საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად საჭიროა, რომ მუდმივად ახალი რაღაცები გამოსცადოთ, საკუთარ თავს აქამდე შეუსრულებელი მიზნები დაუსახოთ და ამ პროცესით მაქსიმალურად ისიამოვნოთ. მაგალითად, თუკი აქამდე არასდროს გიცდიათ წერა, შექმენით თქვენი პერსონალური ბლოგი, დღიურები ან უბრალოდ დაიწყეთ ჩანახატების კეთება. აუცილებელი არ არის, რომ ამ ყველაფერს მთელი დღე მიუძღვნათ, პირიქითაც კი, ეცადეთ ამ აქტივობებით ჩაანაცვლოთ თქვენი თავისუფალი დროის ნაწილი. ამიტომ, დაალაგეთ თქვენი პრიორიტეტები და გამოყავით დრო ახალი გამოცდილების მისაღებად.
საკუთარი თავის გადაფასება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამ პროცესს გაგიმარტივებთ, საკუთარი თავის შეფასებაა. დაფიქრდით, რა საქმე გამოგდით ძალიან კარგად, რა უნარები გაქვთ და რისი კეთება შეგიძლიათ სხვებზე უკეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დრო ფუჭად არ დაკარგოთ. მაგალითად, თუ რუტინული საქმე, ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა და დეტალებზე წვალება არასდროს ყოფილა თქვენი მოწოდება და ამის არც ნებისყოფა გაგაჩნიათ, პროგრამირებაში ბედის მოსინჯვა შესაძლოა მოსაწყენად მოგეჩვენოთ. სამაგიეროდ, თუ შემოქმედობითობა მეტად მოგწონთ, ამ ენთუზიაზმის დასახარჯად არაერთი მოთხოვნადი და საჭირო პროფესია შეგიძლიათ მოძებნოთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი თავის მუდმივად განახლება?
ფსიქოლოფები ფიქრობენ, რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო, თუმცა მუდმივად პროგრესირება. სწორედ ამიტომ, დღეს, როცა სამყარო ყოველდღიურად იცვლება, ახალი უნარების შეძენა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობა აუცილებელია. გარდა იმისა, რომ ეს პროფესიულ ზრდაში დაგეხმარებათ, აუცილებლად უნდა ითქვას ამ პროცესის ფსიქოლოგიურ ასპექტებზეც.
მუშაობა და განვითარებაზე ზრუნვა ადამიანებს ეხმარებათ უკეთ დააფასონ შესაძლებლობები და მეტად სცენ პატივი საკუთარ თავს. სწავლა-აღმოჩენის პროცესი ამცირებს სტრესს, დაძაბულობას და არასრულფასოვნების განცდას, რაც მატებს თავდაჯერებულობას და ხელს უწყობს წარმატების მიღწევის გაზრდის შანსებს.
შესაბამისად, რაც მეტად შეეცდებით უკეთ გაიცნოთ თქვენი პოტენციალი, მით მეტ ბენეფიტს მიიღებთ საკუთარი თავისგან.


