fbpx

გოგი ძოძუაშვილი და პოსტინდუსტრიული ბიჭების დაბრუნება


გააზიარე სტატია



ავტორი: რეზი ხუნწელია


„ალბათ 8 ან 9 წლის ვიქნებოდი, როდესაც ტელევიზორში პირველად ვნახე, თუ როგორ მღეროდნენ ჩემი ასაკის ფრანგი ბავშვები ბრჭყვიალა ტანსაცმელში გამოწყობილი –  როგორც 70-იანი წლების ბოლოს იყო მოდაში. ისე მივაშტერდი ტელევიზორს, რომ ერთ-ერთმა უფროსმა მკითხა, “შენც გინდა არა, მანდ რო იდგე და მღეროდე?”,  მე შემრცხვა და ვუპასუხე, არა მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ სწორად გამოიცნო, რადგან იმ მომენტში ზუსტად ეგ მინდოდა“. 

გოგი ძოძუაშვილი საინტერესო ბედის მქონე მუსიკოსია. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ის იმდენჯერ გამოჩნდა და შემდეგ კი უპრეტენზიოდ გაქრა სცენიდან, რომ ძალიან რთულია მისი შემოქმედებითი ცხოვრება ერთ უწყვეტ ხაზად დაინახო. ახლაც კი, როდესაც ეს სტატია იწერება, გოგი ახალ ალბომზე მუშაობას ასრულებს და მორიგი შემოქმედებითი სიჩუმის დარღვევას გეგმავს. ალბომს „1971“ ჰქვია და ის უკავშირდება არტისტის ბავშვობას, სიზმრებს და ისეთ მომენტებს, რომლებიც რატომღაც გამახსოვრდება, მაგრამ ვერასდროს იჭერ და იხელთებ. „ბავშვობა ყოველთვის თან დამყვება და სხვადასხვა ფორმით თავს მახსენებს. მე ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემგან მოწყვეტილია ან, უბრალოდ, წარსულია, რომელიც მხოლოდ მოგონებებად დარჩა. ბავშვობის ხედვა ჩემთვის არის ორიენტირი, რომელსაც არ მინდა, რომ მოვშორდე“.

 

ID – გოგი ძოძუაშვილი

„მიყვარს ის, რომ რაღაც შეიძლება გიყვარდეს. ეს არის ჩემი ცხოვრების ორიენტირი – სიყვარული“.AT.ge-სა და Artarea/Tv2.0-ს ერთობლივი პროექტი – ID წარმოგიდგენთ მუსიკოს გოგი ძოძუაშვილს

Gepostet von AT.ge am Dienstag, 13. Oktober 2020

 

როდესაც ინტერვიუს დასაგეგმად შევეხმიანე, მოკლე პასუხით მითხრა, რომ თანახმა იყო. მაშინ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა საინტერესო ინტერვიუ არც გამომსვლოდა, მაგრამ ბავშვობის პირველივე ისტორიამ და ბრჭყვიალა ტანსაცმელში გამოწყობილი ფრანგი ბავშვების ამბავმა  მიმახვედრა, რომ ვცდებოდი. პირველ მუსიკალურ შთაბეჭდილებას და ცისფერი ეკრანიდან წამოსულ შთაგონებას 13 წლის ასაკში „ბიტლზების“ მოსმენა დაემატა, რამაც მის ცნობიერებაში დიდი აფეთქება გამოიწვია. ეს ერთგვარი მოტივაცია აღმოჩნდა იმისთვის, რომ ახალგაზრდა ენთუზიასტს საკუთარი მუსიკალური ექსპერიმენტები წამოეწყო. თავდაპირველად იყო ჯგუფი „ჩრდილი პარაბოლა“, შემდეგ “Pants”, საბოლოოდ კი 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პროექტთან, “Mother On Mondays”-თან მივედით. ამ უკანასკნელი პროექტის ჩამოყალიბებას საინტერესო ისტორია აქვს.

„1992 წელი იყო. თბილისში მოეწყო როკ-მუსიკის ფესტივალი, სადაც გავიცანი გოგლიკა ფარეშიშვილი, რომელიც ბენდთან ერთად სწორედ ამ ფესტივალზე გამოდიოდა. როდესაც დაკვრა დაიწყეს, გოგლიკამ დაიწყო ხავილი, შემდეგ იატაკზე გაწვა და ფორთხვა გააგრძელა, თან იქვე, სპონტანურად შექმნილ ინგლისურ ტექსტს მღეროდა. ბენდი კი ამ ყველაფრის ფონზე პანკ-მუსიკას უკრავდა. ამ ყველაფრის შემყურე მე და ლევან ჯავახიშვილი იმდენად გავგიჟდით, რომ გოგლიკას ჩვენს ჯგუფში დავუძახეთ“.  ორი წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ალბომი „Clear & Cold“ გამოსცა, რომელსაც მალევე მოჰყვა ჩანაწერი „Friends“ (1996). 

გოგი იხსენებს, რომ 90-იანი წლების ატმოსფეროს როგორც ხელის შემშლელი, ასევე ხელის შემწყობი ფაქტორიც ჰქონდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს: “სოციალური ფონი ხელს გვიშლიდა იმ მხრივ, რომ არანაირი ტექნიკური და მორალური დახმარება არ იყო, მუსიკას თუ აკეთებდი მაშინ, იყავი უკანასკნელი ლუზერი. თუმცა, ამავდროულად, ამას არ ვაკეთებდით ფულისთვის, ან იმისთვის, რომ ვყოფილიყავით ცნობილები, შესაბამისად, ეს მუსიკა უფრო გულწრფელი გამოვიდა და იმას ვუკრავდით, რაც გვინდოდა”.

გოგის და “Mother On Mondays” სურვილი იყო – სხვებისგან განსხვავებული და მაქსიმალურად ექსცენტრიკული მუსიკა შეექმნათ, რომელიც არა სოციალურ-პოლიტიკური ამბოხის ძალით, არამედ წმინდა ხელოვნების ფორმებით შეძლებდა თავისი მესიჯის გაჟღერებას. Talking Heads, The Smiths, Cure, Pet Shop Boys, Siouxie and the Banshees – ეს იმ ბენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გავლენაც გოგის შემოქმედების საწყის პერიოდში შეგვიძლია დავინახოთ, თუმცა ის ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ სცენაზე მიმდინარე პროცესებიც. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ქართული ალტერნატიული მუსიკის ლეგენდა დადა დადიანი და მისი პროექტი Children’s Medicine, რომელიც 90-იანი წლების სცენის საუკეთესო დოკუმენტურ მასალას ინახავს.

ამ პერიოდის ძალიან საინტერესო ეპიზოდია სახელოვნებო გაერთიანება Goslab-ის შექმნაც, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, რეალობას და საზოგადოებას სრულიად მოწყვეტილ ხელოვანთა წრეს წარმოდგენდა. „ეს სამეგობრო ისევე სპონტანურად შეიქმნა, როგორც ალბათ ნებისმიერი სამეგობრო – უბრალოდ, ჩვენი საერთო ინტერესები და ზოგადად, სამყაროს ხედვა იმდენად აცდენილი იყო მაშინდელ ყოველდღიურობას, რომ ერთად ყოფნას გართობის გარდა ჰქონდა თვითგადარჩენის, თვითდამკვიდრების ფუნქცია“. 

ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას ხშირად ძალიან საინტერესო კოლაბორაციული პროექტები მოსდევდა, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო 1997 წელს შექმნილი „მჟავა მესიჯი“, რომლის ფორმირებაშიც  გოგის გარდა, ნიკა მაჩაიძე, ნინო ჩუბინიშვილი, გიო სუმბაძე და მაია სუმბაძე მონაწილეობდნენ. ამ პროექტის ფარგლებში ვხვდებით ლეპტოპით ჩატარებულ ექსპერიმენტებს, რომლითაც ნიკა მაჩაიძემ და გიო სუმბაძემ პირველი მუსიკალური ნაბიჯები გადადგეს.

ნიკას და გოგის თანამშრომლობა რამდენიმე წლის შემდეგაც გაგრძელდა –  მათ ერთად იმუშავეს მანანა მენაბდის ალბომზე – „სამი“.  მანანას რეპერტუარის ახლებურად არანჟირება და სიმღერების უფრო მეტად ელექტრონული ვერსიების შექმნა საბოლოოდ ძალიან კარგი ჩანაწერის წინაპირობად იქცა. თუმცა გოგის დისკოგრაფიის მთავარი მარგალიტის დაბადების დრო ჯერ კიდევ წინ იყო.

პროექტი Post Industrial Boys დაიწყო ამავე სახელწოდების სიმღერიდან, რომელიც დავწერე ირაკლი კაკაბაძის ტექსტზე – ეს იყო ჩემი და ირაკლის პირველი კოლაბორაცია. სიმღერის გამოცემა მოისურვა გერმანელმა მუსიკოსმა ტომას ბრინკმანმა.  ამის შემდეგ ტუსია ბერიძემ ტომასს ჩემი სხვა სიმღერებიც მოასმენინა და გადაწყდა, რომ სინგლის ნაცვლად მთლიანი ალბომი გამოსულიყო“.  – Post Industrial Boys  ერთ-ერთი პირველი ალბომია, რომელიც შეიძლება გაგვახსენდეს, როდესაც თანამედროვე ქართულ მუსიკაზე ვსაუბრობთ. ასეთი კომპლექსური, მრავალშრიანი და მუსიკალურად საინტერესო ალბომი ქართულ მუსიკალურ სივრცეს ძალიან ცოტა თუ მოეპოვება. 

 

 

ამის მერე  გოგიმ კიდევ ერთი ალბომი – Trauma გამოსცა, რის შემდეგაც ის ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზით დაგვემშვიდობა. მუსიკოსი იხსენებს, რომ ის ერთი დეკადა, რომელიც მუსიკალური თვალსაზრისით პასიური იყო, ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა თვითრეფლექსიის და შინაგანი ძიების პროცესისთვის. 

ადრე უფრო გარედან ვღებულობდი ინსპირაციას: მუსიკის მოსმენით, მეგობრებთან ურთიერთობით ან ნებისმიერი სხვა აქტივობით.  დღეს ინსპირაცია თითქოს უფრო შიგნიდან ამოდის, შესაბამისად, მუსიკაც ალბათ უფრო ინტიმურია. ამ პაუზამ და მუსიკასთან დისტანცირებამ მკაფიოდ დამანახვა, თუ რამხელა უნარი აქვს მუსიკას და ზოგადად, ხელოვნებას, რომელსაც შეუძლია ერთმანეთს დააკავშიროს სრულიად განსხვავებულ სივრცესა და დროში მყოფი ადამიანები, და როგორი ბედნიერებაა, რომ ამ პროცესში  მონაწილეობ.“ – Post Industrial Boys-ის 10-წლიანი პაუზა 2016 წელს ალბომით – Unintended დასრულდა, რომელშიც ვხვდებით ყველაფერს, რაც გოგი ძოძუაშვილის შემოქმედებაში ოდესმე მოგვწონდა: მელოდიურობა, დახვეწილობა და უცნაური შემოქმედებითი სილაღე, რომელიც თითოეულ კომპოზიციაში მარტივად შეიმჩნევა. ამ სილაღის მიღმა ხშირად ძალიან რთული და კომპლექსური პროცესები გვხვდება. 

 

გოგი აღნიშნავს, რომ შემოქმედებითი პროცესი ხშირად იდეით ან კონკრეტული განწყობით იწყება, რომელსაც ცალკეული მუსიკალური ინსტრუმენტი ასხამს ხორცს. თუმცა საბოლოო ჟღერადობის მიღება შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, როგორც ეს ამ უკანასკნელი ალბომის შემთხვევაში ხდება. აღიარებს, რომ ალბომზე მუშაობა მისთვის ასე არასდროს გაწელილა, მაგრამ ისიც იცის, რომ ყველაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ.

მათ, ვისაც ახალი ალბომის გამოსვლამდე მოთმენა ეძნელებათ, შეუძლიათ გოგის და ირაკლი კაკაბაძის ახალი ჩანაწერით – Condominium of Free Will დატკბნენ, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიცა და რომელიც როგორც ახალ, ასევე 20 წლის წინ შექმნილ კომპოზიციებსაც მოიცავს.  ამის შემდეგ კი იქნება ახალი – Post Industrial Boys და კვლავ  მიბრუნება ბავშვობასა  და ისეთ მომენტებთან, რომლებსაც ვერ დაიჭერ ან ვერ მოიხელთებ;  ბოლოს კი – ალბათ მორიგი უპრეტენზიო გაქრობა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.