fbpx

ქუჩაში გასული ხელოვნება – მანიფესტები გალერეებს მიღმა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

ხელოვნების და ქუჩის გადაკვეთა უძველესია და მისი მნიშვნელობა, როგორც ადრეულ, ასევე თანამედროვე ეპოქაშიც ერთია. პარეზისტებად ქცეული პოეტები გადმოფენდნენ მოედნებზე ენას და ჰყვებოდნენ ათას ამბავს,   ამბები ძირითადად ომისა იყო. დროთა განმავლობაში ქუჩა და მუდმივი ხეტიალი ხელოვნების ნაწილი გახდა. ასე მივიღეთ, კომედია დელ არტე – მოხეტიალე დასი, რომლებიც ყოფიერებაში გაჩენილ პრობლემებს ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ ქილიკით ჰყვებოდნენ.

 

მეოცე საუკუნეში, კერძოდ, გვიან მოდერნულ ეპოქაში,  ხელოვნების სხვადასხვა სახეობების გადაკვეთით, წარმოიქმნა ახალი დარგი – პერფორმანსის ხელოვნება. სპონტანური მოქმედების აქტი, ჰეფენინგი, მუდმივი აფეთქებები, თუმცა ხშირად ტრადიციული თეატრალურობით დაგეგმილი და კონკრეტული კონტექსტის მიხედვით მიმდინარე – მეოცე საუკუნის ნაყოფი, რომელსაც ტექნოლოგიურმა განვითარებამ მისცა  შინაარსის გაზრდის საშუალება, რადგან სხეული – არტისტი დადგა წინა ფლანგზე, მეტიც, თავად არტისტი იქცა განსხეულებულ  ხელოვნებად. და ნაწარმოების შექმნის  პროცესიც  ხელოვნებად გადაიქცა.

ამ  საქმეში ჩართული არტისტები მალე გაეცალნენ გალერეებს, მუზეუმებს, შენობებს, მეტიც, სახელოსნოებსაც კი და ქალაქებს მოედვნენ. ქუჩები, მოედნები, პარკები… ერთი სიტყვით, საჯარო სივრცეში გაშალეს სცენა და დაიწყეს სანახაობების დადგმა. ამ სტატიაში  სწორედ ქუჩაში გასულ ხელოვნებას წარმოგიდგენთ, რომელიც ამ აქტით – ქუჩაში გასვლით, პირველ ყოვლისა, ხელოვნების რუდიმენტულობიდან გასვლაზე მიგვანიშნებს.  პანდემიის ეპოქაში, როცა თეატრალური და ზოგადად, სახელოვნებო წარმოდგენების დახურულ სივრცეში ჩატარება აიკრძალა, მნიშვნელოვანი მგონია, გავიხსენოთ  ხელოვნების ის ნაწარმოებები, რომლებიც არა დახურულ სივრცეში, არამედ ქუჩაში შეიქმნა.

პირველ ყოვლისა, ვინც ამ  თემაზე  შეგვიძლია გავიხსენოთ ფუტურისტების მოხეტიალე დასებია. ყვითელ პერანგებში გამოწყობილი პოეტები და მხატვრები, ჰალსტუხის ნაცვლად ბოლოკებით და ხელში უცნაური ნივთებით, მთელ ქვეყანაში  დადიოდნენ და საკუთარ იდეას აცნობდნენ ხალხს. მათი მოთხოვნილება და ამავდროულად,  უნარიც,  გარემოს, პოლიტიკისა და ზოგადად, საზოგადოების შეცვლა იყო.

ქუჩაში გამოსული ხელოვნება ძირითადად, სწორედ ამ ისტერიკული სწრაფვით გამოირჩევა, რომელიც ჩვეულებრივი, ადამიანური მდგომარეობაა, ფსიქიკური ფენომენია, სადაც მწვავედ ვლინდება საკუთარი თავის გაწირვის უნარი. ამ მოკლე შესავლით დროა გავეცნოთ ავსტრიელი მხატვრების კოლექტივს –  ვენის აქციონიზმს – მეოცე საუკუნის პერფორმანსის ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს ჯგუფს.

მეორე მსოფლიო ომით გაბრუებული ავსტრიელი მხატვრები უარს ეუბნებიან ტრადიციული ხელოვნების ფორმებს და იწყებენ რადიკალური, “პირდაპირი ხელოვნების” შექმნას. გიუნტერ ბრუსი, ოტო მიული, ჰერმანი ნიჩი და სხვა მხატვრები სამოციან წლებში ქუჩაში დგამენ პერფორმანსებს, აწყობენ ჰეფინინგებს, ისინი მოულოდნელობით  საშიშნიც კი  ხდებიან,   მთავარი კი ისაა, რომ ხელოვნების ნაწარმოებს  ხშირ შემთხვევაში საკუთარი სხეულით ქმნიან. 

ისახიჩრებენ თავს, ხატავენ ერთმანეთის ზურგზე ბასრი საგნებით, მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს. ეს ყველაფერი ალბათ ძველ წარმართულ რიტუალებს გაგახსენებთ, და მართალიც იქნება, რადგან ისინი გვთავაზობდნენ ძველი ბერძნული, ქრისტიანული, მათ შორის კოლხური ტრადიციების თანამედროვე ვარიანტს, რომელსაც ყოველთვის მკაცრად განსაზღვრული პოლიტიკური მესიჯი ჰქონდა. ყველაფერთან ერთად კი, მათი მთავარი საყრდენი არისტოტელეს კათარზისის თეორია იყო. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ძალადობა დაიგმოს, – ამბობდნენ ისინი.

სამოციანი წლები განსაკუთრებით საინტერესო იყო პერფორმანსის ხელოვნებისთვის.

დროა გავიხსენოთ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული და გავლენიანი არტისტი – VALIE EXPORT. მის გარეშე შეუძლებელია აღნიშნულ  პერიოდზე საუბარი. ფემინისტი არტისტი, რომელიც საკუთარ სხეულს სასაქონლო ხორცად გარდაქმნიდა, რომლის დაგემოვნების საშუალებასაც ნებისმიერ მსურველს აძლევდა. ზოგჯერ კი, პირიქით, მამაკაცის სხეულს გარდაქმნიდა ცხოველურ პერსონაჟად. ქვემოთ წარმოდგენილია ორივე მაგალითი.

 

From the Portfolio of Doggedness – გავლენით უამრავი საინტერესო ნაშრომი შექმნილა, ამაზე ოდნავ ქვევით.

 

Touch Cinema

ევროპიდან ამერიკაში გადავინაცვლეთ, ამერიკიდან კი პირდაპირ რუსეთის მიმართულებით წავიდეთ და რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი გავიხსენოთ. რუსეთში, პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უამრავი საინტერესო რადიკალური აქცია გვხვდება.

პირველი, რაც საჯარო სივრცეში აქციას მახსენებს, რუსულ პოლიტიკასთან აქტიურად დაპირისპირებული ჯგუფის, Voina-ს  აქცია-პერფორმანსია, როცა მათ 2011 წელს პეტერბურგში, ეფესბეს ოფისის წინ, გასაშლელ ხიდზე პენისი გამოსახეს. ეს იყო სისტემისთვის უკანასკნელი მოთმინების წერტილი. მალე ალექსეი პლუცერ-სარნოსის და ჯგუფის  სხვა წევრების დევნა დაიწყეს.

 

 

მრავალგზის დევნილმა ოლეგ კულიკმა ზევით ნახსენები პერფორმანსის, From the Portfolio of Doggedness-ის საპირისპირო ვარიანტი შემოგვთავაზა. ის ევროპის ქვეყნების წამყვანი გალერეების კართან, სხვა არტისტის გამოფენის დაწყების დროს, როგორც ძაღლი, ოთხზე დგებოდა და ასოციალური ისტერიკით მათი მიმართულებით იღრინებოდა, ზოგ შემთხვევაში კბენდა კიდეც მაყურებელს. გალერეაში შესვლამდე აუდიტორიას ხვდებოდა პერფორმანსი, რომლის გამოხატვის ფორმებიც, თავისთავად ფარავდა უკვე შიგნით, გალერეაში მიმდინარე ხელოვნების ნიმუშს.

ალექსანდრ ბრენერი, რუს-ავსტრიელი პერფორმერი, რომელიც რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში შეიჭრა, დაიწყო სირბილი და ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა: ჩეჩნეთი! ჩეჩნეთი! საბოლოოდ  ქვეყნიდან გააძევეს. ბრენერი ანარქისტული, დაუგეგმავი ჰეფინინგებით გამოირჩეოდა. აღნიშნული პერფორმანსი კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი რუსეთის კრიტიკაა, სადაც არტისტი გზაჯვარედინზე დგას და ყვირის: “გამარჯობა, მე ვარ თქვენი ახალი კომერციული დირექტორი”.

 

 

რუსეთიდან კვლავ ევროპას დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე არტ-კოლექტივი, რომლის წევრები  თავს არა არტისტებად, არამედ აქტივისტებად ნათლავენ. ეს პოლიტიკური მშვენიერებაა, (მადლობა შესანიშნავი თარგმანისთვის მარიამ ნატროშვილს) და თუ ჩვენ დავეყრდნობით არისტოტელეს შეხედულებას პოლიტიკისადმი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკოსები არიან, ოღონდ არტისტის ფორმაში შენიღბულები.

არცთუ ისე შორეულ აზიაში გაჩაღებული ომის ფონზე ევროპას თავს “დაატყდა” დევნილთა კოლონები. დევნილები მოდიან, ევროპელები კი შეშინებულები არიან, ალბათ მათ უელბეკის “წინასწარმეტყველური” რომანი ახსენდებათ. ამ დროს კი პოლიტიკური მშვენიერება გვთავაზობს ძალიან საინტერესო პერფორმანს: ისინი ქუჩაში აწყობენ უზარმაზარ ვოლიერს, სადაც ვეფხვია გამომწყვდეული და აცხადებენ მიღებას მხოლოდ დევნილებისთვის – ვინ შევა შიგნით. ეს პარალელური თეორიაა, სისტემას – პოლიტიკასა და საზოგადოებას – აჩვენო საკუთარი გულგრილობა სახელოვნებო ჟესტით.

მეზობელ სომხეთსაც მოვავლოთ თვალი, თანაც ახლა, როცა იქ საომარი სიტუაციები მიმდინარეობს და გავიხსენოთ სომხური ინფანტილური მილიტარისტული პოლიტიკის კრიტიკა. ერევნელმა მხატვარმა არტაკ გევორგიანმა რამდენიმე წლის წინ მუყაოსგან შექმნილი მწვანე ფერის ტანკით ერევნის ქუჩებში, სახელმწიფო დაწესებულებების წინ გაისეირნა, საბოლოოდ კი კონსტრუქცია უსაფრთხოების სამსახურის კედელზე დაამსხვრია, როგორც სიმბოლო ყველანაირი ომის დასრულების, მათ შორის – ყარაბახის კონფლიქტის.

 

 

რეგინა ხოსე გალინდო გვატემალელი არტისტია, რომლის მინიმალისტური ხასიათის პერფორმანსი შესანიშნავად გამოხატავს ძალადობრივი სისტემის სახეს – 2003 წელს მან გვატემალაში სასამართლოს შენობამდე სისხლიანი ფეხებით მოაწყო მსვლელობა.

 

 

დაბოლოს, ზედმეტი სიტყვების გარეშე, შვეიცარიელი არტისტის, Pipilotti Rist-ის გასეირნება ქუჩაში

 

 

თავისთავად, კარგი ხელოვნება შეიძლება წარმოდგენილი იყოს  გალერეაში, მუზეუმში, თეატრის შენობაში ან სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში, ისევე როგორც ქუჩაში. ქუჩა ის  ადგილია, სადაც ყოველთვის შეგიძლია გაშალო სცენა, თანაც მაყურებლის პერსპექტივით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.