Rave სცენის ოდისეა – ინტერვიუ შონა გავინთან
ავტორი: ქეთო შურღაია
90-იანების დიდი ბრიტანეთი, რეივ-კულტურის ჩამოყალიბება, მეორე სიყვარულის ზაფხული (Second Summer of Love), თავისუფალი წვეულებები, რეივის აკრძალვა, სახელოვნებო კოლექტივები, მათ შორის ცნობილი ხმის სისტემა – Spiral Tribe და ამ საზოგადოების მოგზაურობა ევროპის გარშემო არალეგალური რეივების ჩასატარებლად – ეს არის ის მცირე ჩამონათვალი და ისტორიული ნაწილი, რომელიც შონა გავინის ახალ წიგნს – Spiralled-ს უდევს საფუძვლად.
წიგნი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში IDEA-მ გამოსცა, ფოტოგრაფის ცხოვრების 10 წელს აღწერს (1993-2003), მეტწილად იმ პერიოდს, როცა ბრიტანეთში მცხოვრებმა 16 წლის შონამ ბარგი ჩაალაგა და შეუერთდა ევროპისკენ მიმავალ ქარავანს, რათა ყოფილიყო იმ წვეულებების მონაწილე, რომელიც დიდ ბრიტანეთში 1994 წელს აიკრძალა. ეს არის პერსონალური რეალობის დოკუმენტაცია, რომელიც გარდა ფოტოებისა, აერთიანებს დღიურებს, ჩანაწერებს, წვეულებების ფლაერებსა და მოგონებების სხვა რეპრეზენტაციებს. შონა გავინის ეს არქივი პირველად გასულ ზაფხულს პარიზის ერთ-ერთ გალერეაში, galeriepcp-ში გამოიფინა სახელწოდებით Spiral Baby.
როგორ განსაზღვრავ ტერმინს – “Spiral Baby”?
ადრეულ 90-იანებში შეიქმნა ხელოვნებისა და მუსიკის ხმის სისტემის საკულტო კოლექტივი Spiral Tribe. ეს სახელიც აქედან მოდის. ტერმინი იმ ხალხს აღწერდა, რომელმაც ზემოთ ხსენებული კოლექტივის ეთოსი და ესთეტიკა გაითავისა, მათ, ვინც ამ სცენას მიეკუთვნებოდა და თავს უძღვნიდა მას, როგორც მე: გადავიპარსე თმა და დავიწყე შავი ტანსაცმლის ტარება. ეს სახელი განსაკუთრებით მე შემეფერებოდა, იმიტომ, რომ ამ სცენას 16 წლის ასაკში შევუერთდი და ნამდვილად baby ვიყავი. გარდა ამისა, ასევე ვიყენებდით ტერმინს – Spiralled იმ ხალხის აღსაწერად, ვინც ამ გარემოში არსებობდა და სწორედ აქედან მოდის წიგნის სახელწოდებაც.
რატომ ახლა? რა მოხდა 2003 წლის მერე ისეთი, რამაც წიგნის შექმნა გადაგაწყვეტინა?
სცენას ჩამოვშორდი 2003 წელს, მას მერე, რაც ჩემი მეგობარი საფრანგეთის ერთ-ერთ წვეულებაზე ტრაგიკულად დაიღუპა. წიგნში აღწერილი ევროპაში მოგზაურობის უმეტესი ნაწილი მის სატვირთო მანქანაში იგეგმებოდა. ამ წიგნის ძალიან ბევრი მასალის გაცოცხლება რთული იყო ჩემთვის 15-20 წლის განმავლობაში, თუმცა დროის ცვლილებასთან ერთად რაღაცები, ცხადია, შეიცვალა – გაიზარდა ინტერესი 90-იანების რეივ-კულტურის მიმართ და გავიაზრე, რომ ამ პერიოდის დოკუმენტაციის შესაძლებლობა ბევრს არ მისცემია.
გარდა ამისა, გამიმართლა, როცა პარიზის ერთ-ერთმა გალერეამ – galeriepcp-მა სოლო გამოფენა – Spiral Baby შემომთავაზა გასულ ზაფხულს, რომელიც ჩემი ფოტოებისა და დღიურის არქივების სელექციას წარმოადგენდა. ასევე, ამ დროს აღინიშნებოდა 20 წლისთავი მეორე სიყვარულის ზაფხულიდან, როცა პირველად დაიწყო Acid-ის განვითარება დიდ ბრიტანეთში. შესაბამისად, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის დრო იყო, როცა ჩემი მასალები სხვებისთვის უნდა გამეზიარებინა.
ეს წიგნი არის იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს 2020 წელს ფოტოგრაფი თავის წარსულს, დაუსრულებელ რეივებს, ძველ მეგობრებსა და ცხოვრების სტილს თუ გვაჩვენებს და გვიყვება ახალგაზრდა შონას ისტორიას, რომელიც Spiral Tribe-ის წევრი იყო?
ეს წიგნი არ არის Spiral Tribe-ის ისტორია, უბრალოდ, ეს იყო ის დასაწყისი – ჩემი პირველი რეივი სპირალის წვეულებაზე ლონდონში – რომელმაც, ასე ვთქვათ, ამ სცენასთან მჭიდროდ დამაკავშირა.
Spiralled არის ჩემი ცხოვრების პერსონალური დოკუმენტაცია 1993 წლიდან 2003 წლამდე, პერიოდისა, როცა ჩართული ვიყავი თავისუფალი წვეულებების მოძრაობაში დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში. ეს არის ისტორია ჩემი ცხოვრების იმ ნაწილზე, როცა ახლო მეგობრები მობილური სახლებით მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდით სხვადასხვა ხმის სისტემების საზოგადოებებთან ერთად, მათ შორის Spiral Tribe-სთან, რადგან ისინი აწყობდნენ არალეგალურ რეივებს. ამ წიგნის გამოცემის მიზანი ის არის, რომ მნახველს ვაჩვენო ჩემი ცხოვრების ერთი დეკადა, რომელიც ასახავს ჩემს მეგობრებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სცენას განსაზღვრავდნენ, ასე ვთქვათ, აშენებდნენ მას. ეს წიგნი მათ ეძღვნებათ და კიდევ იმ ხალხს, ვინც ამ თავგადასავლისას დავკარგეთ.
ეს წიგნი არ არის ფოტოჟურნალისტის პერსპექტივა, რომელიც გარედან აკვირდება მოვლენებს. ფოტოების გადაღებისას მე ისეთივე მონაწილე ვიყავი ამ სცენის, როგორც ის ადამიანები, რომელთაც ამ ფოტოებზე აღვბეჭდავდი. ეს იყო ჩემი ცხოვრება და მოგონებებს პირადი ჩანაწერებისთვის ვაგროვებდი. მაშინ არც კი მიოცნებია, რომ 20 წლის შემდეგ ჩემი ფოტოების არქივის გაზიარება ამხელა აუდიტორიისთვის მომიწევდა.
რა მოგცა და რა წაგართვა ამ ათმა წელმა?
როცა უკან მივიხედავ, არასდროს ვიტყვი – „საკმარისად ვერ გავერთე“. ჩემი აზრით, ჩემი ცხოვრება სწორედ ამ გართობის ხარჯზე განვითარდა, მე ამ წვეულებებისთვის ვცხოვრობდი. ყოველი ზაფხული ევროპის გარშემო ერთი დიდი თავგადასავალი იყო. ახალგაზრდა და უდარდელი ვიყავი და მქონდა შეგრძნება, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მომხდარიყო. მეგობრები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში შევიძინე, ჩემი დროებითი ოჯახი იყო. ერთობისა და საზოგადოებრიობის იმდენად დიდი შეგრძნება მქონდა, რომ მას შემდეგ მსგავსი აღარაფერი განმიცდია.
რა წამართვა? ამ კითხვაზე პასუხი ცალსახად ჩემი საუკეთესო მეგობრის, ბენის დაკარგვაა, რომელიც ძალიან მენატრება. შეიძლება ითქვას, რომ დროც დავკარგე. როდესაც სცენას ჩამოვშორდი და გავიზარდე, მქონდა მომენტები, როცა ვნანობდი. გავიაზრე, რომ კარიერულად არ ვიყავი ჩამოყალიბებული და ძლიერი, ფინანსურად ჩემს თავს ვერ უზრუნველვყოფდი, ცხოვრებისეული პროგრესისთვის მნიშვნელოვანი დრო გავფლანგე. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოზიტიური რაღაცები აღმოვაჩინე და უფრო დავაფასე ასეთი მნიშვნელოვანი მოძრაობის წევრობის შესაძლებლობა. გამოფენაც და წიგნიც სამკურნალო აღმოჩნდა ჩემი ყველა იმ მწუხარე ემოციისთვის, რომელიც ტრაგიკული გარემოებების გამო სცენიდან ჩემს წამოსვლას უკავშირდება.
ცხოვრების ეს სტილი შეიძლება ახალგაზრდა თაობის ბევრი წარმომადგენლისთვის საოცნებო იყოს. რას ეტყოდი მათ?
მესმის ახალგაზრდა თაობის, განსაკუთრებით ამ გარემოებაში, როცა პანდემიის გამო რთულია ნებისმიერი სოციალური თავშეყრა, თუმცა, იმედია, მალე მოგვარდება ეს. ანდერგრაუნდი ისევ არსებობს, მაგრამ ახლა ის განსხვავებულია. სუბკულტურები ციკლში მოექცა, თუმცა, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია იმის გამეორება, რაც წარსულში იყო, განსაკუთრებით ახლა – ტექნოლოგიების, სმარტფონებისა და სოციალური მედიის პირობებში. ჩემს დროს ეს ყველაფერი არ იყო, რაც გარკვეულწილად, მისტიკურობისა და იშვიათობის შეგრძნებებს აჩენდა. წვეულებები იგეგმებოდა ფლაერებით, ერთმანეთისთვის ამბის მიტანით ან ღამე წვეულების ხაზის ნომერზე დარეკვით. შეიძლება ახლა დროა, რომ ჩვენი სმარტფონები გვერდზე გადავდოთ და მეტად ვიყოთ აწმყოში ჩართულები. ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ შეზღუდვების გარეშე დაიწყოს ფიქრი იმაზე, როგორ შექმნას თავისი ახალი სცენა.
ძალიან მარტივია შორიდან იმ პერიოდის გაიდეალიზება, რომელიც წიგნშია აღწერილი, თუმცა, ყველაფერი ასე სრულყოფილად არ ყოფილა. ეს რთული ცხოვრება იყო, ძლიერი უნდა ყოფილიყავი. ნარკოტიკები ძალიან ახალი იყო, ამიტომ ყველა ვერ ახერხებდა ფიზიკური და მენტალური პრობლემების გარეშე ყოველივე ამის გადატანას. ზოგიერთი მათგანი ციხეშიც კი მოხვდა, ზოგი კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან პატარა ასაკში დავკარგეთ.
რომელი სამი სიტყვა აღწერს საუკეთესოდ ამ რეივ-სცენის ოდისეას?
კოსმოსური/თავისუფლება/საზოგადოება
წიგნის პირველი გამოცემის ტირაჟი ამოიწურა, თუმცა მეორე გამოცემის შეძენას მალე შეძლებთ აქ.