“კლდის ციხესიმაგრე” – გამოფენა ჩაძირულ ქალაქზე
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი
ფოტოები: ანგას ლედლი ბრაუნი
“ელენე აბაშიძის საზიარო სივრცე” 22 ოქტომბრის ჩათვლით ინგლისში მოღვაწე ვიზუალური არტისტის – ჟალა ვაჰიდის გამოფენას მასპინძლობს. წარმოშობით ქურთი არტისტის შემოქმედებაში ჩანს უძველესი ქურთული კულტურის გავლენის კვალი, რომელსაც მან გამოფენა “კლდის ციხესიმაგრე” მიუძღვნა. ის ეძებს საგნების სიმბოლიკის პოტენციალს მუსიკაში, სიმღერაში და ტრადიციულ ქურთულ კულტურაში. ჟალა ვაჰიდი იკვლევს ნაციონალიზმის სირთულეებს მოქალაქეობის არმქონე ხალხში, ასევე ისტორიასა და იკონოგრაფიას, როგორც წარსულის დაარქივების მეთოდს. ს ამავდროულად, ჟალა სწავლობს ქურთულ კულტურას და პოლიტიკას, როგორც თვითგადარჩენისა და დაუმორჩილებლობის ფორმას.
გამოფენა “კლდის ციხესიმაგრე” სახელწოდებას ჩრდ. ქურთისტანის ქალაქ ჰესკიფიდან იღებს. ეს უძველესი ქალაქია, რომელიც ათასწლეულის მანძილზე შექმნილი ცივილიზაციის ფენებს მოიცავს. დღეს ჰესკიფი სრულადაა ჩაძირული წყალში თურქეთის “სამხრეთ ანატოლიის” პროექტის შედეგად. ეს პროექტი მოიცავს 22 კაშხლის, 19 ელექტროსადგურის და სარწყავი სისტემების აშენებას 17 000 კვ. კმ-ზე, მდგრადი განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მრავალსექტორული რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში. ათწლეულების მანძილზე ამ პროექტის მიმდინარეობამ განაპირობა ათასობით ქურთის მიგრაცია და ხელოვნური დატბორვის შედეგად მათი კულტურის განადგურება.
ქანდაკების, ხმის და სინათლის ინსტალაციის საშუალებით “კლდის ციხესიმაგრე” იკვლევს წყალქვეშ მიმდინარე ჩუმ ომს, სადაც სიჩუმე როგორც ფიზიკური, ასევე პოლიტიკურია. საინტერესოა, რომ არტისტი გამოფენის აღწერებში ქალაქს მოიხსენიებს არა ჰასანკიეფად, როგორც ქალაქის თანამედროვე წყაროებშია მითითებული, არამედ ჰესკიფად, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს არტისტის ისტორიულ მახსოვრობას და გამოფენის მთავარ იდეას – ჩაძირული ისტორიების მნიშვნელობას დღევანდელი სამყაროს ფორმირებაში.
დატბორვის შემდეგ, ათასწლეულების განმავლობაში ცივილიზაციებით მოცული იკონოგრაფიული ლომები მღერიან და იყენებენ კურმანჯულ მელოდიებს, რომელიც წარმოადგენს ქურთულ კულტურას. თავად ნამუშევრების სახელწოდებაც უძველეს ღმერთებს უკავშირდება. ქალაქი ჰესკიფი ისტორიულ-არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა, რომელიც საპორტო დანიშნულებით გამოიყენებოდა, რის გამოც უამრავი უძველესი კულტურის თავშეყრის ადგილი გახდა. ჰესკიფის ისტორიაზე გავლენა იქონია როგორც უძველესმა შუმერულმა და აქამედურმა , ასევე ერაყულმა კულტურამ. სწორედ ქალაქის უდიდეს კულტურულ და ანტიკურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს ჟალა საკუთარ ნამუშევრებში. მაგალითად, ქანდაკებები Guennol და Collossal Guardian ანტიკური, ერაყული მფარველი ღმერთების სახელწოდებითაა წარმოდგენილი, Aion of Sidon შუმერების დამცველი ღვთაებიდან იღებს სათავეს, ხოლო Ugally კი აქადური მფარველი ღმერთის სახელწოდებაა. ღრმა და ყოვლისმომცველია ის ფაქტიც, რომ არტისტმა ნამუშევრებს დავიწყებული მფარველი ღმერთების სახელები მიანიჭა, რომელიც ისტორიულმა დროის ნაკადმა წყალს გაატანა.
პროცესის მიმდინარეობისას წამოიჭრა კითხვები ისტორიული ფაქტების ინტერპრეტაციისა და გეოპოლიტიკური კონტექსტის მიღმა ქურთისტანის სამომავლო საზღვრების წარმოდგენების ეთიკურობასთან დაკავშირებით.
საბოლოოდ, გამოფენა გვთავაზობს დაუვიწყარ მოგზაურობას უძველეს ანატოლიაში, ასევე ინფორმაციას ჩვენთვის საკმაოდ ახლო, მაგრამ უკვე ჩაძირული კულტურის შესახებ.
გამოფენის ხილვას დამთვალიერებლები 22 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ “ელენე აბაშიძის საზიარო სივრცეში” ორშაბათის გარდა, ყოველდღე, 12:00-დან 20:00 საათის ჩათვლით, პუენ პრატი და ჯულიანა კატარინას მისტიკური მუსიკის თანხლებით.