fbpx

ერთა ლიგის მატჩების ირგვლივ


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

განვლილმა სათამაშო კვირამ არაერთი ნაკრებისთვის უაღრესად დრამატულად ჩაიარა და ამ დრამის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს ნაკრებიც აღმოჩნდა, რომლის კარშიც არბიტრმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის უკანასკნელ წუთზე გამოგონილი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. 

სრულიად უიმედოდ, ათი კაცით დარჩენილმა ჩრდილოეთ მაკედონიამ კი ასეთი საჩუქარი ხელიდან არ გაუშვა და მატჩის ანგარიში გაათანაბრა. 

ერთი მხრივ, საწყენია, რომ საქართველოს ნაკრებმა როგორც სომხეთთან, ისე ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებები მის კარში ბოლო წუთებზე დანიშნული თერთმეტმეტრიანების შედეგად გაანიავა. 

მეორე მხრივ კი, ამ შეხვედრების მიხედვით აშკარაა ჩვენი გუნდის წინსვლა, რადგან ორივე მათგანში იგი უპირატესობას ფლობდა, მოთამაშეების თავდაჯერებულობამ აშკარად იმატა და მთლიანი მატჩის განმავლობაში დაშვებულმა შეცდომებმა იკლო.

ნოემბრის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებებში კი აუცილებელია, რომ იმატოს საგოლე მომენტების რეალიზაციამ, რადგან 12 ნოემბრის შეხვედრა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს, ხოლო 15 და 18 ნოემბრის მატჩებში  გატანილი გოლების სიჭარბე კი C ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში დაეხმარება…

სამწუხაროდ, ბოლო წუთზე ხელიდან გაშვებულმა გამარჯვებებმა შეიძლება ჩვენ გუნდს C ჯგუფში პირველი ადგილი და ერთა ლიგიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეუმცირა, მაგრამ ახლა წარსულის გახსენების დრო აღარ არის და საქართველოს ნაკრებმა 12 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი გადამწვეტი მატჩის მოსაგებად, უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიურ ბრძოლაში უნდა დაამარცხოს ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი.

ეს ბრძოლა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდება, რადგან ჩვენებმა ჯერ სომხეთთან და შემდეგ უკვე მაკედონიელებთან, ექსპერიმენტული შემადგენლობის  მიუხედავად, მეტოქეებს მრავალი თავსატეხი გაუჩინეს.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა მაკედონიელებთან გადამწყვეტი მატჩის წინ არა მხოლოდ საკუთარ სტადიონზე თამაშში, არამედ მისი სამწვრთნელო შტაბის მიერ ჯერ კიდევ არგამოვლენილ სიურპრიზებშიც გამოიხატება.

აშკარაა, რომ ჩვენი გუნდი ფანტაზიით აშკარად აღემატება მომავალ მეტოქეს, რომელიც სწორედ მის დეფიციტს განიცდის, უაღრესად ერთფეროვანია და მისი რეალური ძალა მხოლოდ ფიზიკურ ასპექტში გამოიხატება.

საქართველოს ნაკრებთან ჩატარებულმა მეორე მატჩმა ჩრდილოეთ მაკედონია უფრო „კარგ ბელორუსიად“ წარმოაჩინა, ვიდრე მზარდ გუნდად. 

ასეთი კი საქართველოს ნაკრებია, რომლის შემადგენლობაშიც სულ უფრო თავდაჯერებული ხდება მაკედონიელებთან ულამაზესი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია…

აქედან გამომდინარე, თუკი 12 ნოემბრის შეხვედრას საქართველოს ნაკრები სრული შემართებით დახვდება და სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაშვებულ რამდენიმე ძირეულ შეცდომასაც აღარ გაიმეორებს, წარმატება აუცილებლად მის მხარეზე იქნება და უდიდესი მოლოდინის წინაშე მდგომი ჩვენი ქვეყანა 1981 წლის 13 მაისის შემდეგ პირველად გაიხარებს დიდი გამარჯვებით!

შეცდომებს კი დიდი გუნდებიც და რაც მთავარია მათი მწვრთნელები უშვებენ. ამის საუკეთესო მაგალითი ინგლისის ნაკრები და მისი ხელმძღვანელი გარეთ საუთგეიტია, რომელსაც ეტყობა, ჯეროვნად არ შეუფასებია ჰარი მაგუაიერის წვლილი ინგლისის პრემიერლიგის განვლილ ტურში „ტოტენჰემის“ მიერ „მაჩესტერ იუნაიტედის“ განადგურებაში.

მაგუაიერის ტექნიკურ წუნს მისი მოედნიდან გაძევება მოჰყვა დანიელებთან მატჩის 31-ე წუთზე. ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი სულ ორჯერ ჩაერთო თამაშში და ორჯერვე, თავდაპირველად ფლანგზე და საბოლოოდ მოედნის ცენტრში, მან სამარცხვინოდ იუხეშა გუნდისთვის სრულიად უხიფათო სიტუაციაში. 

იქამდეც უშინაარსოდ და ერთფეროვნად შემტევი მასპინძლები კი კაცნაკლულ მდგომარეობაში რაღას გააწყობდნენ მეორე ნომრად მოთამაშე, შესანიშნავი დაცვითი ხაზის მქონე დანიის ნაკრების წინააღმდეგ? 

მაგუაიერის გაგდებიდან ცოტა ხანში გოლმაც არ დააყოვნა და მის ავტორად ყოფილი „ტოტენჰემელი“ ერიქსენი იქცა, რომელმაც მაკედონიელთა მსგავსად, გამოგონილი პენალტი გაიტანა მეტოქის კარში… 

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები მთელი მატჩის მანძილზე ცდილობდნენ წონასწორობის აღდგენას, მაგრამ საბოლოოდ ერთადერთი აშკარა საგოლე მომენტით შემოიფარგლნენ.

ბოლო წუთზე კი მათ კიდევ ერთი მოთამაშე გაუგდეს და მატჩიც სრულიად ლოგიკურად, დანიელებმა მინიმალური ანგარიშით -1:0 მოიგეს.

ინგლისელთა მარცხმა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ პრემიერლიგაში ამინდს ლეგიონერები ჰქმნიან, ინგლისის ნაკრების მოგება ბელგიასთან მინი-სენსაციად უნდა შეირაცხოს და ცნობილი ფრაზა – „ინგლისს რომ არასოდეს არაფერი ეშველება“  დღესაც აქტუალურია… 

სამაგიეროდ, განვლილი სანაკრებო ფანჯრის მიხედვით, ამჟამად ევროპაში თამაშის უმაღლეს ხარისხს საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებები უჩვენებენ. 

ფრანგებმა უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 7:1 გამარჯვების შემდეგ, ერთა ლიგის ტურნირზე პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლეს. 

შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, მაგრამ გულშემატკივარმა საოცრად ტექნიკური ფეხბურთელების შესრულებით  უმაღლესი დონის ფეხბურთი იხილა.

პორტუგალიელებმა ზოგიერთ სიტუაციაში აჯობეს კიდეც მასპინძლებს. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი პეპეს თავური გოლით დასრულდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა VAR-ის არარსებობის პირობებშიც მოახერხა ორიოდე სანტიმეტრის თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირება. 

მომდევნო ტურში ფრანგებმა ხორვატები ტრადიციული 4:2-ის ნაცვლად, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს, პორტუგალიელებმა კი შვედებს 3:0 მოუგეს და ფრანგებთან შედარებით ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, სატურნირო ცხრილს სათავეში ისინი ჩაუდგნენ.

ახალ მწვრთნელ ფრანკ დე ბურის თაოსნობით ჰოლანდიის ნაკრებმა ფრედ უკვე ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა. 

ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 0:0 ნათამაშები მატჩის შემდეგ, „ნარინჯისფრები“ გასვლაზე უკვე იტალიელებს ანგარიშით 1:1 დაუზავდნენ. ნაკრების შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი „მანჩესტერელმა“ ვან დე ბეკმა გაიტანა.

იტალიელებთან ერთი შეხედვით დამაკმაყოფილებელი ფრის მიუხედავად, განვლილმა ორმა მატჩმა ცხადყო, რომ ჰოლანდიის ნაკრები ჯერ კიდევ შორსაა რონალდ კუმანის მიერ ორი წლის წინათ აწყობილი გუნდისაგან და ევროპის ჩემპიონატისთვის, დიდი ალბათობით, მისგან ვერ მოესწრება ტიტულისთვის მებრძოლი გუნდის აწყობა.

ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა გერმანიის ნაკრები, რადგან იოაჰიმ ლიოვის ექსპერიმენტებმა ზედიზედ ორ მატჩში ერთნაირი შედეგი – 3:3 განაპირობა.

თურქებთან ამხანაგურ შეხვედრაში ბუნდესნაკრების კარს „არსენალის“ გოლკიპერი ლენო იცავდა, შვეიცარიელებთან კი უკვე მანუელ ნოიერი გამოჩნდა, რომლის დადანაშაულებაც ერთ გაშვებულ გოლში, ნამდვილად შეიძლება. 

თუმცა, მხიარულ მატჩში მთლად უდანაშაულო არც მისი ოპონენტი ზომერი დარჩენილა, რომელსაც ამ კვირაში „მიონხენგლადბახის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო დაპირისპირება უწევს მილანის „ინტერთან“. 

გერმანელებმა ზემოხსენებულ ორ მატჩს შორის ერთა ლიგაზე გასვლაზე უკრაინის ნაკრები დაამარცხეს, რომელმაც თავის მხრივ გმირობა ჩაიდინა და ბოლო ტურში მის კართან შექმნილი არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, ციგანკოვის ეფექტური გოლით, თვით ესპანეთის ნაკრები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.