fbpx

ო-ლა-ლა ყალბი ფემინიზმი სასამართლოს წინ დადგმული შიშველი მედუზას ქანდაკების გარშემო


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ჯერი ზალცი
მოამზადა ანა ძიაპშიპამ

 

კარგი ამ ყველაფერში მხოლოდ ის არის, რომ 2008 წელს 47 წლის არგენტინელი ხელოვანის, ლუჩიანო გარბატის მიერ შექმნილი იდიოტური, რეალისტური და განზოგადებული ბრინჯაოს ქანდაკება – “მედუზა პერსევსის თავით”, რომელიც ახლახან სენთერ სთრითზე, სასამართლოს შენობის წინ აღიმართა – ისეთი ცუდიც არაა, როგორიც იმ საშინელი, ერთმანეთზე შემჯდარი მარტორქების სკულპტურა, რომელიც ასტორ ფლეისს ამშვენებდა. ის არც ისეთი წარმოუდგენელი სისულელეა, როგორიც თომას ჰეზერვიკის კონუსის ფორმის ჭურჭელი, ჰადსონ იარდის ცენტრში რომ არის ჩაძირული და საჯარო გასართობის სივრცის ფუნქცია აქვს. 

საჯარო ხელოვნება საკმაოდ რთული საქმეა, თუ, რა თქმა უნდა,  კარა უოქერი არ ხარ. და მაინც ეს გამომწვევად შიშველი, შვიდი ფუტის სიმაღლის ქალის ქანდაკება აპარსული თმით მაინც ნეხვობაა და აქ საერთოდ არ უნდა იდგას. ნიუ-იორკის სითი პარკის სახელოვნებო ცენტრიდან   პროგრამის მეშვეობით მოხვდა – ორგანიზაციის, რომელსაც ადრე ბევრი საინტერესო რამ გაუკეთებია – მაგრამ “მედუზა” არის ტიპური მაგალითი იმისა, თუ ხანდახან როგორ ზედაპირულობას შეიძლება იწვევდეს არასწორი ბიუროკრატია და კარგი მენეჯერული განზრახვები. არც კი იფიქროთ იმის წარმოდგენა, თუ რატომ დგას ის ახლა სასამართლოს შენობის მოპირდაპირე ქუჩაზე. ეს ო-ლა-ლა მონსტრი აუცილებლად გახდება სიშიშვლის გამპროტესტებელი ფანატიკოსების მეხამრიდი და სელფების მოყვარულების საყვარელი გასართობი. 

ხელოვანი ფიქრობს, რომ ეს ფემინისტური ქანდაკებაა, იმიტომ რომ ის არსებულ მითს სხვა კუთხით გამოხატავს –  პერსევსმა, ბერძნულმა მითურმა გმირმა, მოკლა მედუზა, მოკვეთა მას თავი და ის მტრების წინააღმდეგ გამოიყენა. გარბატი ირწმუნება, რომ, როლების ცვლილების გამო, იმის გამო, რომ მედუზას პერსევსის თავი დააჭერინა, ამით რადიკალური პოლიტიკური აქტი შემოგვთავაზა. ეს ასე არ არის. ეს ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მას მისი გენიტალიები ეჭირებოდა ან სხეულს გათელავდა. აქ კი მორიგი შიშველი ქალის სხეული გვაქვს, რომელიც მორიგი თეთრკანიანი ხელოვანი კაცის მიერ არის გამოქანდაკებული – არაფერი ახალი. 

რას იტყვით უნაკლო შესრულებაზეო? იკითხავთ. ხელობა რუტინაა. საუკეთესო შემთხვევაში, ეს მოდელირების საუკეთესო მაგალითია. თუმცა, მედუზა ფლორენციის სუვენირების მაღაზიებში გასაყიდ  მიქელანჯელოს დავითის ფიგურების დიდ ვერსიას მოგვაგონებს. ან ჩელინის იმ ქანდაკებას, რომლის მიხედვითაცაა გაკეთებული  “პერსევსი მედუზას თავით”  (1545-1555). როგორც ობიექტი – ეს სკულპტურა მკვდარია, ოპტიკურად ინერტული, ინტელექტუალურად უნაყოფო. საუკეთესო, რისი თქმაც მასზე შეიძლება,  ისაა, რომ ის საკმაოდ რეალისტურია. ეს კონცეპტუალური ხელოვნებაა მისი ყველაზე პრიმიტიული გამოხატულებით. ყველა, ვინც ქანდაკებას ნახავს და  სათაურს წაიკითხავს,  მყისიერად პირველწყარო გაახსენდება და ყველაფერს “მიხვდება”. სულ ეს არის, არაფერი ჟურნალ ფლეიბოის გარდა – შიშველი რეალიზმი. საჯარო პორნოგრაფია. ავტორი პრესრელიზში ამტკიცებს, რომ მედუზა “გაძლიერებული თავდაცვის წამებშია გამოსახული”. სინამდვილეში, მედუზა კაცებს მზერით აქვავებდა. აქ კი მას… კაცის თავი უჭირავს. რეალურად, ის მამაკაცური მზერის ობიექტია, არა ფიქრის, შიშის, თაყვანისცემის, პათოსის, ძალის, გეგმის; არაფრის, გარდა მამაკაცური იდიოტიზმისა. 

ერთადერთი კარგი რამ, რაც ამ ქანდაკებაზე, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ გაკეთდა – და არავინ იცის, სად იყო ის აქამდე – შეიძლება ითქვას,  ისაა,  რომ ის 2021 წლის 30 აპრილიდან აქ აღარ იდგება. გაქრება, იმედია, ყველა ამჟამინდელ უბედურებასთან ერთად.

 

ორიგინალი: https://www.curbed.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.