fbpx

რვეული #3 – მწერლები, რომლებიც ეკრანიზაციაზე უარს ამბობენ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

 

თანამედროვე საგამომცემლო და კინოს ინდუსტრიები ერთმანეთზე ისე არიან გადაჯაჭვულნი, რომ ხშირად რომანის ეკრანიზაციის უფლებები ჯერ კიდევ გამოცემამდე იყიდება და მკითხველი და მაყურებელი თითქმის ერთ დროს ეცნობა ხოლმე ამბავს. 

ზოგადად, კინოს გამოჩენამ ხომ დიდი ცვლილებები შეიტანა ლიტერატურაში?! მწერლები ტექსტებს ვიზუალურად უფრო და უფრო ამდიდრებენ, რიგი ეპიზოდების წერისას ირგებენ ოპერატორისა თუ მემონტაჟის როლს. 

ასეთ დროს რთულია გადააწყდე მწერალს, რომელიც უარით ისტუმრებს ეკრანიზაციის მსურველებს. მსგავსი პოზიცია, ერთი მხრივ, გვარიან ფინანსურ სარგებელზე უარის თქმასაც ნიშნავს, მეორე მხრივ კი, ავტორი ნაწარმოების აუდიტორიას ზღუდავს.

ყოფილა შემთხვევები, როცა მწერლებს თავად გაუფუჭებიათ ნაწარმოებები ეკრანიზაციის შექმნით. უფრო ხშირია, როცა მწერლებს არ მოსწონთ საკუთარი წიგნის ეკრანიზაციები; მაგალითად, კომიქსების მწერალ ალან მურს თავისი ნაწარმოებების არცერთი ეკრანიზაცია არ მოსწონს და მისი სახელი ფილმების თუ სერიალების ტიტრებშიც კი არ გვხვდება. კლასიკური მაგალითია კენ კიზის დამოკიდებულება მილოშ ფორმანის „…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდას“ მიმართ. არც სტანისლავ ლემს მოსწონდა ტარკოვსკის გადაღებული „სოლარისი“ და ა.შ. ასეთი შემთხვევები არ გამოილევა. 

ამ გამოცდილებით თუ სხვა მიზეზების გამო, ზოგი მწერალი თავიდანვე უარს ამბობს ეკრანიზაციაზე, ან კი მიმდინარე პროცესში ხვდება, რომ მის წიგნს კინოს მედიუმი არ შეეფერება.  

 

 

გაბრიელ გარსია მარკესი – მარტოობის ასი წელიწადი (1967)

გაბრიელ გარსია მარკესი თავის ყველაზე ცნობილი ნაწარმოების ეკრანიზაციას უტოპიურ იდეად განიხილავდა. ჰარვი ვაინშტაინი წლების განმავლობაში ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ „მარტოობის ასი წელიწადი“ ფილმად გადაეღოთ, მაგრამ მის მრავალმილიონიან პროექტს კოლუმბიელი მწერალი მხარს არ უჭერდა. ფილმის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 200 წუთი იქნებოდა და თითო წელიწადზე ორწუთიანი ქრონომეტრაჟი იყო მოაზრებული, რაც, ბუნებრივია, მარკესისთვის სხვა თუ არაფერი, სასაცილო გადაწყვეტილება იყო. ერთ-ერთ წერილში მარკესი წერს, რომ თუ საქმე ოდესმე მაინც მიდგება ეკრანიზაციაზე, ის ამას რეჟისორ ჯუზეპე ტორნატორეს ანდობდა; მწერლის აზრით, ტორნატორე შეძლებდა რომანის მთლიანი სულის გადმოცემას. მაგრამ ამ ყველაფერს ფილმის მედიუმი მაინც ვერ დააკმაყოფილებდა. გარდა ამისა, მარკესს არც ის სურდა, რომ ფილმი, თუკი მას გადაიღებდნენ, ესპანურის გარდა რომელიმე ენაზე ყოფილიყო.

ამის გამო კოლუმბიელი მწერალი უარით ისტუმრებდა დაინტერესებულ კინოკომპანიებსა და რეჟისორებს. მისი გარდაცვალებიდან მალევე Netflix-მა მარკესის ოჯახს რომანის მიხედვით ესპანურენოვანი სერიალის გადაღება შესთავაზა. მწერლის ვაჟმა, როდრიგო გარსიამ, რომელიც 30 წელზე მეტია თავად მოღვაწეობს კინოინდუსტრიაში, პროექტს მხარი დაუჭირა და დასძინა, რომ იდეალური დროა რომანის ეკრანიზაციისთვის მაშინ, როცა სერიალების ოქროს ხანა დგას. თანაც სერიალის მედიუმი საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს მწერლის სურვილიც ქრონომეტრაჟთან დაკავშირებით.

მართლაც, ბუენდიების დინასტიის ვრცელმა და მაგიურმა ამბავმა, ეკრანზე მხოლოდ კარგი სერიალის მეშვეობით თუ შეიძლება ივარგოს. „მარტოობის ასი წელიწადის“ აღმასრულებელი პროდიუსერი თავად როდრიგო გარსიაა, რომელიც ძმასთან, გონსალოსთან ერთად თაოსნობს პროექტს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, Netflix-ის ამ ინიციატივას უკვე ბევრი მკითხველი წინასწარ ხვდება ნეგატიური განწყობით. 

 

 

ოთარ ჭილაძე – ყოველმან ჩემმან მპოვნელმან (1976)

 

მარკესის თანამედროვე ქართველი კლასიკოსი ოთარ ჭილაძეც მსგავს პოზიციას იზიარებდა მის რომანთან – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ დაკავშირებით. ჭილაძის რომანიც საგაა, რომელიც მაკაბელების ოჯახის ოთხ თაობაზე მოგვითხრობს და გამოგონილ ქართულ სოფელ ურუქში ვითარდება.

რომანის ეკრანიზაციით რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი იყო დაინტერესებული. მან ფილმისთვის სცენარიც კი დაწერა, თუმცა ის ოთარ ჭილაძემ დაუწუნა. მისი აზრით, სცენარი კინოს მოძველებული ფორმებისთვის იყო მორგებული; კინოს მედიუმში იკარგებოდა თითოეული პერსონაჟის სახე, სიმბოლოები, რომანის ავტორისეული-ფილოსოფიური მხარე. პრობლემები იყო პერსონაჟების ენობრივ მხარესთან დაკავშირებითაც.

თუმცა მხატვრული ფილმის იდეას მხარს არ უჭერდა, ოთარ ჭილაძე უარზე არ იდგა რომანი ეკრანზე გადატანილიყო. ის ამისთვის სერიალის გზას ამჯობინებდა და ეს ნახსენებიც აქვს წერილში, სადაც ის მერაბ კოკოჩაშვილს საკუთარ აზრს უზიარებს ეკრანიზაციასთან და სცენართან დაკავშირებით. 

სერიალის იდეა მაშინ, 1977 წელს, ნაკლებად რეალისტურად მიიჩნეოდა, (ქართულ სატელევიზიო სივრცეში მანამდე მხოლოდ ორი სერიალი იყო გასული – “ხიდი” (2 ეპიზოდი) და “ღამის ვიზიტი” (7 ეპიზოდი) და გაჭირდა კიდეც მისი რეალიზება. თუმცა მალევე ტელეეკრანებზე გამოვიდა პირველი ქართული სერიალი, რომელიც რომანის ადაპტაციას წარმოადგენდა – გიგა ლორთქიფანიძის და გიზო გაბესკირიას „დათა თუთაშხია“.

 

 

არუნდატი როი – წვრილმანების ღმერთი (1997)

 

ინდოელი მწერალი არუნდატი როი წლებია მტკიცედ დგას ერთადერთ აზრზე მის პირველ რომანთან დაკავშირებით: „წვრილმანების ღმერთი“, რომელიც ბუკერის პრემიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებული წიგნია, არასდროს არ უნდა იქცეს ფილმად თუ სერიალად და ამ პოზიციას ავტორი არავითარ ფასად არ შეიცვლის.

„წვრილმანების ღმერთი“ ტყუპი და-ძმის, რაჰელისა და ესტას ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა ფონზეც იშლება ინდოეთის ისტორია, სოციალური და პოლიტიკური ყოფა. რომანი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ფერადოვანი ტექსტია მეოცე საუკუნის ლიტერატურაში და არუნდატი როისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ფერადოვნება. 

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მრავალი პროდიუსერი დაუკავშირდა როის ეკრანიზაციის იდეით, თუმცა მწერალს მიაჩნია, რომ რომანს აქვს თავისი ვიზუალური მხარე, რომელსაც თითოეული მკითხველი თავის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციასა და ფერთა პალიტრას უსადაგებს. სწორედ ეს ხდის მის ტექსტს მნიშვნელოვანს და საყვარელს მკითხველისთვის. მისი ეკრანიზაცია კი ამ ყველაფერს ჩამოშლის და ამბის შესახებ ერთ, მონოლითურ ვიზუალურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რითაც სრულიად გააფუჭებს მას.

 

 

უმბერტო ეკო – ფუკოს ქანქარა (1988)

 

იტალიელი ფილოსოფოსისა და მწერლის მეორე რომანი „ფუკოს ქანქარა“ დღემდე ელოდება რეჟისორს, რომელიც შეეჭიდება უმბერტო ეკოს მისტიკურ-დეტექტიურ და ლიტერატურულ-გიკურ სამყაროს. მწერალი უკმაყოფილო იყო მისი პირველი რომანის, „ვარდის სახელის“ კინოადაპტაციით და ამის გამო გადაწყვიტა, რომ მის არცერთ ტექსტზე ეკრანიზაციის უფლება აღარ გაეცა.

მან უარით გაისტუმრა სტენლი კუბრიკიც, რომელსაც ძალიან სურდა რომანის ეკრანიზაცია, მაგრამ ამავდროულად, არ სურდა ეკო თავად ყოფილიყო სცენარის ავტორი. კუბრიკი რომანისადმი ინტერესს სიცოცხლის ბოლომდე არ კარგავდა, თუმცა მას არასდროს მიეცა საშუალება გადაეღო „ფუკოს ქანქარა“. ისიც ითქვა,  რომ მწერალი თავის სიჯიუტეს ნანობდა კუბრიკის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა, ფაქტია – უკვე უმბერტო ეკოს გარდაცვალებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგაც კი, არცერთი კინომწარმოებელი არ ფიქრობს პროექტზე, სახელწოდებით  „ფუკოს ქანქარა“. 

 

 

არტ შპიგელმანი – მაუს: ცოცხლად დარჩენილის ნაამბობი (1986-1991)

 

არტ შპიგელმანის „მაუს“ იმ იშვიათ წიგნებს შორისაა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ლიტერატურაში ერთი კონკრეტული ჟანრისადმი დამოკიდებულება. 1986 წელს, როცა რომანის პირველი წიგნი გამოიცა (ამავე წელს გამოიცა ალან მურის „დარაჯებიც“) საგამომცემლო ბაზარზე მოხდა გარდატეხა; გამომცემლებიც და მკითხველებიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომიქსის ჟანრი ისეთივე მნიშვნელოვანი და მაღალი ლიტერატურული ღირებულების მქონე შეიძლება იყოს, როგორიც თუნდაც რომანია. ყოველივე ამის გამო, გაჩნდა ტერმინი „გრაფიკული რომანი“, რათა გამომცემლებს უკეთ შესძლებოდათ სქელტანიანი კომიქსების გაყიდვა.

კომიქსი ხომ ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ადაპტირებადი ლიტერატურული ჟანრია კინოსთვის! აქ, ფაქტობრივად, მზა მასალაა ფილმებისთვის: კადრი, დიალოგი, რაკურსი, პერსონაჟების მოძრაობა და ჩაცმულობა – უკვე ყველაფერი გამზადებულია. ამიტომაცაა, რომ კომიქსი ხშირად პირდაპირ არის მიბმული გასართობ კინოინდუსტრიაზე და ისეთი დიდი კორპორაციები, როგორებიც თუნდაც DC და MARVEL არიან, კომიქსის გამოცემაში მის ფილმად ადაპტაციასაც მოიაზრებენ. 

თუმცა არტ შპიგელმანს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არ აღელვებს და უკვე 30 წელიწადზე მეტია უარს ამბობს თავისი საკულტო წიგნის ეკრანიზაციაზე, რომელიც ჯიბეში რამდენიმე მილიონ დოლარს მარტივად ჩაადებინებს. 

„მაუს“, რომელიც ისტორიაში ერთადერთი კომიქსია, რომლის ავტორსაც პულიცერის პრემია მიენიჭა, ჰოლოკოსტის ისტორიას სხვადასხვა ცხოველების პორტრეტებით გვიყვება; თაგვი ებრაელია, კატა – გერმანელი, ძაღლი – ამერიკელი, ღორი – პოლონელი და ა.შ. რომანის ცენტრში მწერლის მამა, ვლადეკ შპიგელმანი დგას, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთში ცხოვრობდა, წლები გაატარა საკონცენტრაციო ბანაკში, ცოცხლად დარჩენილი კი ჯერ შვედეთში წავიდა ემიგრაციაში, შემდეგ ამერიკაში.

მწერლის აზრით, შპიგელმანების ოჯახური ამბავი მხოლოდ კომიქსის მედიუმში მოითხრობა ისე, როგორც თავად ავტორს აქვს ჩაფიქრებული. 

 

 

დონა ტარტი – საიდუმლო ისტორია (1992)

 

ამერიკელი მწერალი დონა ტარტი ჯერ ქართულ ენაზე არ თარგმნილა, თუმცა, მის რომანს, „ჩიტბატონა“ 2021 წლისთვის უნდა ველოდოთ. ტარტი სქელტანიან რომანებს წერს და ათ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. მისი წიგნი „საიდუმლო ისტორია“, რომელიც პირველია მის სამ რომანს შორს, არასდროს არ გამოვა ეკრანებზე ავტორის სიცოცხლეში. ამაზე დონა ტარტს მკაცრი პოზიცია აქვს.

რომანის გამოცემიდან მალევე ამერიკელმა რეჟისორმა ალან ჯეი პაკულამ, რომელსაც ეკუთვნის უილიამ სტაირონის „სოფის არჩევანის“ კლასიკად ქცეული კინოადაპტაცია, დაარწმუნა დონა ტარტი, რომ ერთად ემუშავათ რომანის ეკრანიზაციაზე და ამისთვის “უორნერ ბრაზერსმა” პროექტიც კი დაამტკიცა. თუმცა რამდენიმე თვეში, 1998 წელს, პაკულა ავტოავარიაში დაიღუპა. დონა ტარტმა კი გადაწყვიტა, რომ აღარასდროს გაეყიდა საავტორო უფლებები ამ წიგნზე.

საინტერესოა ისიც, რომ ტარტის მეორე რომანი „პატარა მეგობარი“ გვინეტ და ჯეიკ პელტროუებს აინტერესებდათ და სტუდია „მირამაქსთან“ ერთად აპირებდნენ გადაღებას, თუმცა პროექტზე მუშაობის დაწყებიდან მალევე და-ძმას მამა გარდაეცვალა და ეკრანიზაციაზე მუშაობის ხალისი დაკარგეს.

ეკრანიზაცია ჯერჯერობით მხოლოდ ტარტის მესამე რომანს, „ჩიტბატონას“ ეღირსა, რომელიც 2019 წელს გამოვიდა ჯონ კროულის რეჟისორობით, თუმცა ფილმმა ისეთი ინტერესი და სიყვარული ვერ დაიმსახურა, როგორიც წიგნმა.

 

 

ჯერომ სელინჯერი – თამაში ჭვავის ყანაში (1951)

 

ამერიკული ლიტერატურის კლასიკა, ჰოლდენ კოფილდის  მონათხრობი, დღემდე ელის ეკრანზე გამოსვლას, მაგრამ ვინმე თუ გაბედავს ან საავტორო უფლება გაყიდოს ან კი ხელი მოკიდოს ამ პროექტს, საკითხავი ესაა.

ჯერომ სელინჯერს მკაცრი პოზიცია ჰქონდა, რომ მისი რომანის ეკრანიზაცია არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, და არაფრის ფასად არ გაყიდდა შესაბამის საავტორო უფლებას. წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი ხიბლი ხომ სწორედ ჰოლდენ კოფილდის ენა და ხმაა?! რომანში წარმოდგენილია ერთადერთი სუბიექტური სამყარო, რომელსაც მთავარი პერსონაჟის თვალით ვხედავთ. სწორედ ეს ხედვა და რეალობის ჰოლდენისეული აღქმა თუ ინტერპრეტაცია არის მიზეზი, რაც წიგნს დღემდე საყვარელსა და მნიშვნელოვანს ხდის მკითხველისთვის. შანსი კი დიდია, რომ ეკრანიზაციის შემთხვევაში ეს სუბიექტურობა დაიკარგოს და ამბავი სულ სხვა მიმართულებით განვითარდეს. სწორედ ამიტომ არ სურდა სელინჯერს ოდესმე ფილმად ენახა „თამაში ჭვავის ყანაში.“ 

იგივე პოზიციას იზიარებს სელინჯერის მკითხველთა  უმეტესობა და ბევრნი ხუმრობით იმასაც კი ამბობენ, რომ თავად ჰოლდენსაც არ მოეწონებოდა, მისი ამბავი ეკრანზე რომ ენახა. მას ხომ კინო არ უყვარს! 

საერთოდაც რა ეკრანიზაციაზეა საუბარი, როდესაც სელინჯერიცა და მისი ვაჟიც ეწინააღმდეგებოდნენ წიგნის ციფრული ვერსიის გამოცემას და მხოლოდ 2019 წელს დართეს ნება გამომცემელს, წიგნი ელექტრონული წიგნის მკითხველებისთვისაც გამოეცათ.

 

 

ნანა ექვთიმიშვილი – მსხლების მინდორი (2015)

 

ნანა ექვთიმიშვილის რომანი „მსხლების მინდორი“, რომელმაც აქაური ლიტერატურული ჯილდოებიც აიღო და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ქართულ რომანად რჩება ევროპული წიგნის ბაზრისთვის, მაინც ვერ გახდა პოპულარული ქართველ მკითხველში. არადა, იშვიათია ისეთი ამბები, როგორიც ამ რომანში ხდება. 

წიგნის მთავარი პერსონაჟი თვრამეტი წლის ლელაა. ის თბილისის გარეუბანში, სკოლა-ინტერნატში იზრდება და მის ირგვლივ, მასწავლებლებთან და სხვა ბავშვებთან ერთად, თანაარსებობს ძალადობაც. ეს ძალადობა რომანში აღწერილი ყოველდღიურობის ჩვეულებრივი და ბუნებრივი ნაწილია, მის გვერდით ვერსად შეხვდებით პათეტიკას. ავტორი ტექსტში ამ და სხვა ეფექტების მისაღწევად კინემატოგრაფიულ ხერხებსაც იყენებს. არაერთ მკითხველს აღუნიშნავს, რომ „მსხლების მინდორი“ თითქოს გამზადებული კინოსცენარიცაა.

მიუხედავად ამისა, ნანა ექვთიმიშვილს მკაცრი და გაცხადებული დამოკიდებულება აქვს იმაზე, რომ რომანი ფილმად არ გადაიქცევა. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, მწერალი და რეჟისორი განმარტავს: „სცენარად არ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ წერის მანერაზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ, რომ ეს ჩემი პირველი წიგნია… მოთხრობებზეც, რომლებიც არ გამოცემულა, ვინც კითხულობდა, ამბობდა, რომ ვიზუალურია და კინოს ჰგავს… შეიძლება იმიტომ, რომ ვხედავ და მერე ხდება იმ დანახულის ჩაწერა და ეს ჩემმა კინოგამოცდილებამ კიდევ უფრო გაამყარა, მაგრამ სცენარად არ იყო ნამდვილად ჩაფიქრებული, და მე არა მაქვს სურვილი, რომ ეს ფილმად იქცეს. ამ შემთხვევაში, ამ ტექსტის წარმოსახვა ჩემთვის საკმარისია, რომ დასრულდეს ეს ნაწარმოები და აღარ იყოს ჩემთვის საჭირო, რომ ეს ეკრანზე გამოჩნდეს ვიზუალურად.“


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.