fbpx

They Said Books – წითელი: კონცეპტუალური სივრცე წიგნების, ბეჭდური გამოცემებისა და ყავის მოყვარულთათვის


გააზიარე სტატია

ავტორი: გვანცა ფოცხვერია

ფოტო: სერა ძნელაძე

 

ყოველთვის თვალს მჭრის წითელი. ამ პატარა სივრცეში, სადაც ყველა დეტალი კონცეფციის ნაწილია, წითელი ფერის რამდენიმე საინტერესო ნივთი აღმოვაჩინე, რისი გაზიარებაც მომინდა.

მაღაზიის ერთი კედელი მთლიანად IDEA-ს პროდუქციას უკავია. თუ არ გსმენიათ IDEAS შესახებ, მოკლედ გიამბობთ.

 ლონდონის Dover Street Market-ზე, რომელიც იაპონელი დიზაინერის, რეი კავაკუბოს ინიციატივით შეიქმნა, უკვე წლებია IDEA books მთელი თავისი პროდუქციითაა წარმოდგენილი. მეტიც, IDEA dover street market-ის კონცეფციის ნაწილად იქცა. თავდაპირველად IDEA ვინტაჟური წიგნების მიმწოდებელი იყო, ახლა უკვე ყველაზე cool წიგნების გამომცემელია. IDEA-ს გამოცემები ლიმიტირებულია, არანაირი კომერცია, მხოლოდ ხარისხზე და კონტენტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებელს საკოლექციო ნამუშევრებს სთავაზობს. შესაბამისია ამ გამოცემების ღირებულებაც. They said books IDEA-ს ოფიციალური წარმომადგენელია.

გარდა ბეჭდური გამოცემებისა, IDEA სხვადასხვა აქსესუარებსაც აწარმოებს. They said books-ში IDEA-ს პროდუქციისთვის განკუთვნილ კედელზე ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი აქსესუარი წითელი კეპია, რომელიც გერმანელი კინორეჟისორის, ვიმ ვენდერსის და IDEAS ერთობლივი ნამუშევარია. კეპი ვენდერსის ფილმის, “პარიზი, ტეხასის” ინსპირაციით შეიქმნა. ფილმში მსახიობი ჰარი დინ სტენტონი, რომელიც ტრევის ჰენდერსონის როლს ასრულებს, წითელ კეპს ატარებს. სწორედ ეს კეპი იქცა ფილმის მთავარ იარლიყად.

 

They said books-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ეს უნიკალური კეპი, რომლის რაოდენობაც ლიმიტირებულია და არცერთი კეპი იდენტური არ არის.

დიდი ხანი არ არის, რაც არქიტექტურამ გამიტაცა.

წიგნებით სავსე სივრცეში ჩემდაუნებურად არქიტექტურაზე საინტერესო გამოცემების ძიებას ვიწყებ.  They said books-ში წითელ ყდიანმა წიგნმა მიიქცია ჩემი ყურადღება, სახელწოდებით – „წითელი არქიტექტურა“.

ყველაზე ადრეულ არქიტექტურულ ნამუშევრებში, ისევე როგორც თანამედროვე შენობებსა და ნაგებობებში წითელი ტრადიციულ და ამავე დროს ყველაზე მოწინავე ფერად ითვლება. ამ წიგნში ასახულია წითელი ფერის როლი და გავლენა მსოფლიო არქიტექტურაზე. თუ თქვენ ჩემსავით გიტაცებთ შენობები, კონსტრუქციები, ფორმები და ზოგადად, არქიტექტურა, აუცილებლად გაეცანით “წითელ არქიტექტურას”.

როდესაც მეგობრები ერთი მაგიდის გარშემო სავახშმოდ ან სადილად ვიკრიბებით, გარდა კერძების მრავალფეროვნებისა, მნიშვნელოვანია საუბრის თემა. ან თუ გავითვალისწინებთ პანდემიის პირობებში ჩვენს უჩვეულო ყოველდღიურობას, ვირტუალურ ურთიერთობებსა და შეკრებებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში zoom, meet ან skype-ში იმართება, საუბრის საგანი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვირტუალური თუ რეალური შეხვედრებისთვის,  იდეალური გასართობი აღმოვაჩინე they said books-ში –  Conversation Menus, ანუ საუბრის მენიუ.

20 მენიუ, თითოეულ მენიუზე მოცემულია 12 სხვადასხვა სასაუბრო თემა, ძირითადად შეკითხვების სახით. სიყვარული, ფული, მოგზაურობა, ამბიცია, ოჯახი, ცხოვრების არსი –  ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საუბრისას შეეხებით. თემები ერთმანეთს ლოგიკურად ებმის და იმდენად კარგად არის მოწოდებული, რომ მეტწილად ღიმილს მოგგვრით, გაგხსნით და აგალაპარაკებთ ისეთ ინტიმურ საკითხებზე, რომელთა განხილვაზე არც გიფიქრიათ.

ჩემი ახალი აღმოჩენა – Conversation Menus ძალიან საინტერესო ბრენდის – the school of life-ის პროდუქტია.

The School of Life – შემეცნებით-შემოქმედებითი ორგანიზაციაა, რომელიც 2008 წელს მწერალმა და ფილოსოფოსმა ალან დე ბოტონმა სხვა ინტელექტუალებთან ერთად დააარსა. კომპანიის მიზანი ადამიანის ფსიქო-სოციალური ჰარმონიის უზრუნველყოფისთვის გონივრული რჩევების და გამოცდილების გაზიარებაა.

the school of life ერთგვარი სახელმძღვანელოა, იმისთვის რომ სწორად ვმართოთ ემოციები, შევიცნოთ საკუთარი თავი, განვამტკიცოთ ურთიერთობები და განვავითაროთ ჩვენი სოციალური არეალი. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვისწავლოთ ყველაფერი ის, რასაც სკოლაში არ ასწავლიან. 

ამისთვის, the school of life ქმნის ფილმებს, წიგნებს, სხვადასხვა გასართობ და ამავე დროს შემეცნებით ობიექტებს, ატარებს ვორკშოპებს, საგანმანათლებლო კურსებს და განსხვავებული ეროვნების ადამიანებს ვირტუალურ სივრცეში აერთიანებს. The school of life-ის პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია წარმოდგენილი და მათ შორის ჩვენთან, თბილისში, they said books-ის კონცეპტუალურ მაღაზიაში. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.