5 ვეგანური და ვეგეტარიანული კაფე თბილისში
ავტორი: რუსა გვენცაძე
დღეს თბილისში უკვე შესაძლებელია იყო ვეგეტერიანელი, თუ ვეგანი და ამავდროულად გემრიელადაც იკვებო. ქალაქში შეიძლება ბევრი არა, მაგრამ მაინც გაჩნდა რამდენი ძალიან გემრიელი ადგილი, სადაც კერძებიც გემრიელია და გარემოც კომფორტულია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს უპრობლემოდ მივყვეთ ჩვენი ცხოვრების სტილს.
სტატიაში წარმოდგენილი 5 ვეგანური და ვეგეტარიანული კაფე ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ ასეთი საკვები უგემურია.
SEED
გაზაფხულზე თბილისის ერთ ერთ ყველა ლამაზ უბანში, სოლოლაკში, ერთერთ ყველაზე ლამაზ სახლში – ტაბიძის 24 ნომერში, ვეგანური კაფე Seed გაიხსნა. დავიწყოთ იქიდან, რომ:
- იქ შესვლისთანავე დაგხვდებათ ძალიან საინტერესო ინტერიერი.
- ამ ინტერიერში ძალიან კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალი.
- პერსონალი კი, მრავალფეროვანი მენიუს გარდა, არ დაიზარებს და თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს გაგაცნობთ.
- სტარტაპის დამფუძნებლებმა თითოეული ინგრედიენტის ისტორია კარგად იციან და კერძების მომზადების პროცესშიც თვითონ მონაწილეობენ.
5, 6, 7… ძალიან ბევრი დადებითი პუნქტის ჩამოთვლა შეგვიძლია კიდევ, მაგრამ ჯობია თავად ეწვიოთ SEED-ს და ამას იმ შემთხვევაშიც კი გირჩევთ, თუ ჯერ არც ვეგანი ხართ და არც ვეგეტარიანელი. გემრიელ კერძს აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შეარჩევს.
ჩვენ გავსინჯეთ და გირჩევთ იმას, რაც ჩვენ განსაკუთრებით მოგვეწონა: Seed-ის ერთ-ერთი გამორჩეული კერძი ტოფუ კრისპ ბურგერია, რომლისთვისაც ფუნთუშებს ყოველდღიურად Seed-ის სამზარეულოში აცხობენ, იქვე კეთდება ყველი და კიტრისა და ხახვის მარინადები ბურგერისთვის. გარნირად ბურგერს სალათა, გამომცხვარი კარტოფილი და სტაფილო მოჰყვება აიოლის სოუსით. საბოლოო ჯამში კი, კერძი ნოყიერი და ძალიან გემრიელია.
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის 24.
გობი
სწრაფი კვების ობიექტი “გობი“ თბილისში 2018 წელს გაიხსნა და დღემდე აქტიურად უმასპინძლდება სტუმრებს გემრიელი და ჯანსაღი საკვებით. სამზარეულო ქართულ-აღმოსავლურია და ბევრ ახალ და უცხო გემოებს აღმოგაჩენინებთ.
გობი გამორჩეულია იმითაც, რომ სწრაფი კვებაა – მაგრამ ჯანსაღი და ახალი პროდუქტისგან მზადდება ყველაფერი, რაც ასევე იმას ამტკიცებს, რომ სწრაფი კვება შესაძლოა, ჯანსაღი და გემრიელი იყოს, და გარდა ამისა – ნაკლებცხიმიანი.
რესტორნის კოცეფციის ერთერთი მთავარი ნაწილია გობები – რამდენიმე გობი სადაც 6-7 კერძი იდება და ადამიანი იღებს დაბალანსებულ კვებას, სადაც არის ბოსტნეულიც, ბურღულეულიც, რძის ნაწარმიც. გობის პრინციპი აღებულია ძველი გობიდან, სადაც მრავალნაირი საჭმელი იდებოდა ხოლმე და ქართველები ამ გობიდან მე-გობ-რებთან ერთად, ანუ გობის გამზიარებლებთან ერთად იღებდნენ საკვებს.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ “გობის” შეგიძლიათ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთადაც ეწვიოთ, აქ მასაც სიამოვნებით უმასპიძლებენ.
გირჩევთ ფალაფელის სენდვიჩი გასინჯოთ, რომლისთვისაც პიტას პურს „გობის“ სამზარეულოშივე აცხობენ.
„გობის“ კერძების დაგემოვნება ნიკოლაძის 4 ნომერშია შესაძლებელი.
Kiwi კაფე
„Kiwi კაფე“ პირველი ვეგანური კაფეა საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.
“კივის” მიზანი თავიდანვე იყო ვეგანური საკვების პოპულარიზაცია. მისმა შემქმნელებმა ალტერნატივა შესთავაზეს იმ ადამიანებს, ვინც უარი თქვა ცხოველურ პროდუქტებზე ცხოველთა უფლებების, გარემოს დაცვის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო.
აქ ყველაფერი იმდენად გემრიელია, რომ არც კი ვიცით რა გირჩიოთ გასასინჯად, ავოკადოს ტოსტი, თუ ფალაფელის ვრეპი, ვეგანური ცეზარი, თუ ატრია ტოფუთი და ბოსტნეულით…კივიში შაურმაც კი შეგიძლიათ მიირთვათ, ტოფუს შაურმა რომელიც საფირმო სუნელებითაა შეზავებული.
“კივი კაფე” ასევე შექმნილია, როგორც სივრცე სოციალური შეხვედრებისათვის, სადაც თქვენ ან თქვენს ორგანიზაციას შესაძლებლობა გექნებათ მოაწყოთ საინფორმაციო ან საგანმანათლებლო ღონისძიებები, სემინარები და სხვა. ეს არის უფასო და არ გავალდებულებთ კაფეში რაიმეს შეკვეთას. არ არის აუცილებელი, რომ თქვენი საქმიანობა კავშირში იყოს ვეგანიზმთან.
ამჟამად კაფე ი. მაჩაბლის 6 ნომერში მდებარეობს და ალტერნატივას სთავაზობს იმ ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს ცხოველური პროდუქტის მიღებაზე.
ნამუ
„ნამუ“ ერთერთი ყველაზე პოპულარული კაფეა ჯანსაღი კვების მოყვარულთა შორის; სწორედ მათ მიერ გაზიარებულ ფოტოებს ნამუს პროდუქტებით, არაერთხელ იხილავდით სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.
ნამუ მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული კონცეფციის პირველი სამზარეულოა საქართველოში, რომელიც 2016 წელს გაიხსნა და პირველ რიგში, დაინტერესებულია იმით, რომ მომხმარებელს ჯანსაღი საკვები შესთავაზოს. და რაც მთავარია კერძები არა მხოლოდ ჯანმრთელია, არამედ ძალიან გემრიელიც.
კაფე „ნამუში“ შეგიძლიათ მიირთვათ ავოკადოს ტოსტი, წითელ დოლის პურზე ფერმენტირებული ქეშიუს ყველით, ან მუხუდოს ომლეტი – ასევე ფერმენტირებული მუხუდოს მარცვლებით. აღსანიშნავია, რომ აქ კერძების უმეტესობა ფერმენტირებული პროდუქტისგან მზადდება და ამით კიდევ უფრო სასარგებლო თვისებებს იძენს.
კაფე „ნამუს“ სტუმრობა საინტერესო გამოცდილებაა, ამიტომ აუცილებლად ესტუმრეთ შალვა დადიანის 30 ნომერს, სადაც უგლუტენო, უფქვილო და უშაქრო საკვებით გიმასპინძლებენ.
კაფე ლეილა
იოანე შავთელის 18-ში მდებარე „კაფე ლეილა“ ვეგეტარიანული რესტორანია, რომელიც სულ რომ არ გშიოდეს, ისე უნდა მოინახულო, იმდენად ლამაზ ადგილასაა და ისეთი უნიკალური ინტერიერი და დეკორი აქვს.
„ლეილას” ერთ-ერთი დამფუძნებელი ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი შეფმზარეული მერიკო გუბელაძეა, და შესაბამისად კერძების ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან თქვენთვითონ მიხვდებით, რამდენად მრავალფეროვანი და გემრიელი მენიუ გელოდებათ ამ რესტორანში. უბრალოდ ცნობისთვის გეტყვით, რომ ვეგეტერიანული სამზარეულოში ქართულ-ევროპული კერძები მზადდება.
კიდევ ერთი სიახლე, რაც სტატიის მომზადებისას “ლეილას” ფეისბუქის გვერდიდან შევიტყვეთ: “დანო და ძმანო, ცოტა ხანში თანწაღებით დაგვემატება – თუშური ერბო, ალვანის ყველი დიდი ბორბალი, კახური მინდორველის თაფლი და თხის ყველი”.
ასე რომ შეგიძლიათ კაფეს ეწვიოთ, გემრიელად მიირთვათ და გემრიელობები სახლშიც წამოიღოთ.
P.S. თუკი Facebook-ით სარგებლობთ, აუცილებლად დაიმეგობრეთ “კაფე ლეილას” გვერდი. ძალიან ცოტა გვერდს თუ მართავს ადმინი ასეთი არაჩვეულებრივი იუმორით. Highly Recommended.