fbpx

ინტერვიუ ბოღმასთან – პირველი კოლექცია


გააზიარე სტატია


ღეს სოციალური ქსელებიდან ზღვა ინფორმაცია მოედინება – როგორც ტექსტუალური, ისე ვიზუალური – შენი შემოქმედებით რომ ბევრი დააინტერესო, მართლაც განსაკუთრებულად გამორჩეული რამ უნდა გააკეთო. ასე მიიქცია ჩვენი ყურადღება ახალმა კონცეპტუალურმა  ბრენდმა, უცნაური სახელწოდებით “Thebogma”, ანუ “ბოღმა”. ძალიან მოგვეწონა როგორც მათი პირველი კოლექცია, შარფები, ისე მისი პრეზენტაციის ფორმა და ხარისხი. რა თქმა უნდა, სახელმაც თავისი საქმე ქნა და გადავწყვიტეთ გაგვერკვია, ვინ დგას ამ ახალი ბრენდის უკან.

 

 

ვესაუბრებით “Thebogma”-ს შემქმნელს, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.

At.ge: რატომ “ბოღმა”? რა არის ბრენდის კონცეფცია?

Thebogma: ზოგადად, ჩვენი ბრენდის სურვილია, რომ  რეალობის და ესთეტიკის სინთეზი მოვახერხოთ. ჩემ მიერ პირველ ეტაპზე შექმნილი შარფები სწორედ ამის დემონსტრირებაა. ხშირ შემთხვევაში ისინი ატარებენ რაიმე მძაფრად კრიტიკულ თუ სოციალურ მესიჯებს, მაგრამ, იმავდროულად,  ვიზუალურად ლამაზები არიან. ბრენდი ჩვენს ყოველდღიურობას ასახავს, სადაც გარეგნულად ყველა ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს და პარალელურად კი უწევს ამ სახით საკმაოდ დამძიმებულ გარემოში არსებობა. დღესაც ძალიან დიდია ხალხში აგრესია, გაუტანლობა, შური, ბოღმა. ჰოდა, პირველ სიტყვად სწორედ “ბოღმა” ავარჩიეთ. ძალიან თვალსაჩინოა, რომ ხალხს სხვისი კარგი არ ახარებს. 

ახელი და ლოგოც აქედან გამომდინარეობს. სახელწოდება ბოღმა რა თქმა უნდა სარკაზმია. ალბათ ხშირად გაგიგიათ, რა ლამაზი, ან რა კარგი რამე გაცვია, დავიბოღმე – ეს თითქოს ხუმრობით ნათქვამი, ხშირ შემთხვევაში რეალობაა. რაც შეეხება ლოგოს, ბორჯღალს, ის იმიტომ ავირჩიე, რომ ყველა მისი სხივი დადებითი ნიშან-თვისების სიმბოლოა. მსგავსი სხივები ყველა ჩვენთაგანშია, თუნცა ხშირად ბოღმა ხელს უშლის მას გამონათებაში.

 

At.ge: როგორ შეიქმნა  ”ბოღმა”?

ბოღმა არის  ჩემი მორიგი შინაგანი აფეთქების შედეგი, რომელიც იქცა რეალობად და ახლა თქვენ წინაშეა. დღეს შარფის სახით იქმნება, ხვალ ეს შეიძლება იყოს გარდერობის სხვა ნებისმიერი ნივთი, ზეგ კი მუსიკის სახით გამოვლინდება, ან დაიდგმება ინსტალაციად. ჩვენ არ გვაქვს ლიმიტი. Thebogma-შია თავმოყრილი  ჩემი ყველა ის ემოცია, ფიქრი თუ აზრი, რომელიც ჩემში, ერთ-ერთ ”ლეიერში” იყო ჩაკუჭული, შეიკრიბა როგორც ენერგიის ბურთი, აივსო და  ასე ამოვარდა.

At.ge: რა არის Thebogma-ს მიზანი?

 Thebogma: “ბოღმას” მიზანია, რომ შევძლოთ თვითკრიტიკა, რაღაცები უკეთესობისკენ შევცვალოთ, ან  მივიღოთ ჩვენი თავი ისეთებად, როგორებიც ვართ  და რაც მთავარია, სხვებს მივცეთ ისეთებად არსებობის თავისუფლება, როგორც მათ სურთ. მივიღოთ სხვაც და ჩვენი თავიც ჩვენივე მინუსებით და პლუსებით.

 

 

 

At.ge: რატომ მალავთ თქვენს ვინაობას? დღევანდელ სამყაროში ყველა ხომ თვითპრეზენტაციას მიმართავს. 

მე და “ბოღმა” არ ვგავართ ერთმანეთს. “ბოღმა” არის განაცხადი, კონცეფცია. მე როგორც ადამიანს მაქვს ლიმიტები, თუნდაც ჩემივე დაწესებული.”ბოღმა” კი ამისგან თავისუფალია და ყველას ეკუთვნის, არ აქვს ერთი კონკრეტული სახელი და გვარი.

 

At.ge: პროექტი მხოლოდ შენ გეკუთვნის თუ სხვებიც არიან მასში ჩართულები?

ამ პროექტზე მუშაობისას არაერთი ნიჭიერი, უნიჭიერესი და კეთილი ადამიანი დამიდგა გვერდში, უმეტესობა აბსოლუტურად უანგაროდ. სწორედ მათმა მხარდაჭერამ განაპირობა ბრენდის თავდაპირველი წარმატება. თუკი Thebogma-ს ინსტაგრამგვერდზე შეხვალთ, ნახავთ არაერთ ცნობილ სახეს, რომელმაც ძალიან  შემიწყო ხელი ბრენდის ცნობადობის გაზრდაში. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, გადასაღები, შესაქმნელი და მოსაფიქრებელი. იდეები კი უამრავი მაქვს. ძალიან დამეხმარა ადამიანი, რომელმაც გრაფიკულად შექმნა ზუსტად ის, რაც მქონდა ჩაფიქრებული.

 

At.ge: რა ამოძრავებს ბოღმას?

ბოღმა ცოცხლობს ემოციებით, არსებობს ადამიანური გრძნობების ხარჯზე.

ბოღმა იმედია გაქრება ადამიანებში და დარჩება მხოლოდ ჩვენი ბრენდის დასახელებად.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.