ანდრო დადიანის “ნიჩვრიტი” – პერფორმანსი თბილისის ქუჩებში
ფოტო: @Kerosene_on_ice
ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ქართველ ხელოვანს, ანდრო დადიანს, რომელიც პერიოდულად საინტერესო პერფორმანსებს აკეთებს და ზოგჯერ გამომწვევი ან უჩვეულო ფორმით საზოგადოებას ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და პრობლემების დანახვისკენ უბიძგებს.
2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში (თითქმის) პროპორციული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ანდროს არც ეს თარიღი დავიწყებია.
26 ოქტომბერს მან ქალაქს 3-მეტრიანი “ნიჩვრიტი” შემოატარა და ამ ფორმის ინსპირაცია, როგორც ხელოვანი ამბობს, მღვდლების მიერ აპრილში ქალაქის კურთხევა და ხატების შემოტარება იყო.
მთელი ქალაქის მასშტაბით მოძრავი არტისტი რუპორით ადამიანებს ახსენებდა იმ დაპირებებს, რომლებიც წლებია ესმის ამომრჩეველს – შევარდნაძის, ასლან აბაშიძის, სააკაშვილის, გახარიას, სალომე ზურაბიშვილის, ბიძინა ივანიშვილის ხმები უკუღმა შეტრიალებული ისმოდა თბილისის ქუჩებში და მხოლოდ ტემბრები გვახსენებდნენ ამ პოლიტიკოსებს.
მოძრავი პერფორმანსი – გარშემო მყოფების ყურადღების მისაქცევად მას მისივე დამზადებული თაბაშირის “ნიჩვრიტის“ ძეგლი და შავი ნიღაბი დასჭირდა. თუმცა, გულწრფელად უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი უფრო შინაარსი და კარგად ნაცნობი ჟესტები იყო, რომლითაც ჩვენზე, როგორც ამომრჩეველზე, პოლიტიკოსები ხშირად მანიპულირებენ ხოლმე.
“ყველა არჩევნების წინ გვპირდებიან, მერე უკან მიაქვთ დაპირებები. ეს “ნიჩვრიტი” წლების მანძილზე დაგროვილი ტყუილების სიმბოლოა. როცა ამ “ნიჩვრიტს” ვხედავ, გამოვდივარ მოტყუებულის, ჩაგრულის პოზიდან, რადგან ვიცი, რასაც დამპირდებიან, ისიც ტყუილი იქნება.
აღარ ვტყუვდები.
მეორე მხრივ, ეს შეიძლება ირონიაც იყოს და ამ შემთხვევაშიც ჩაგრული და მოტყუებული კი აღარ ვარ, არამედ საკუთარი ირონიით, როგორც მჩაგვრელის შემაწუხებელი, მისი მამხილებელი ვხდები“, – ამბობს ანდრო დადიანი.
ხელოვანი დასძენს, რომ ნამუშევარს სახელს განგებ არ არქმევს და კონცეფციას არ უწერს, რათა მნახველებში ინტერპრეტაციისთვის სივრცე დატოვოს.