fbpx

ჯგუფმა The Rylans ტრანსგენდერი ადამიანების სოლიდარობის ნიშნად ვიდეოკლიპი გადაიღო


გააზიარე სტატია

ყველა ადამიანს აქვს თავისი როლი, რომელიც უნდა ითამაშოს, თავისი მისია, რომელიც უნდა შეასრულოს. ჯგუფმა The Rylans ტრანსგენდერი ადამიანების სოლიდარობის ნიშნად ვიდეოკლიპი გადაიღო.

მებო ნუცუბიძე, ჯგუფ The Rylans-ის წევრი:

The Rylans-ის შექმნის იდეა ზაფხულში გაჩნდა, როცა 5 განსხვავებული ადამიანი შევხვდით ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ საერთო მუსიკალური სათქმელი გვქონდა. 

რაც შეეხება ამ სიმღერას და ამ ვიდეოს, ყველაფერი ცოტა უფრო ადრე, გაზაფხულზე დაიწყო. 30 აპრილს, კარანტინის დროს, ტრანსგენდერმა ქალმა, მადონამ, პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. 

ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო ხალხის რეაქცია ამ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ილექება ადამიანების ცნობიერებაში და შემდეგ რაღაც ფორმით გამოიხატება სამყაროში. ჩვენ შემთხვევაში, ეს იყო სიმღერა, რომელიც ზაფხულში დავწერე. Voices in your head. ძალიან გვინდოდა ამ სიმღერაზე ვიდეოც გადაგვეღო. პირველი ადამიანი, ვინც გამახსენდა, იყო დათო ქორიძე, რომლის შემოქმედება და ხელოვნებისადმი დამოკიდებულება ყოველთვის ძალიან მომწონდა. 

დათოსთან შეხვედრის შემდეგ, ყველაფერი თავისით წავიდა. აღმოჩნდა, რომ ორივეს გვქონდა საერთო სათქმელი. ჩვენი მუსიკალურ გზავნილი, დათომ ვიდეო გზავნილად აქცია და ასე გაჩნდა ვიდეო, რომელმაც დღეს იხილა დღის სინათლე. 

ჩარჩოები წარმოსახვითია. საზღვრები არარსებული. ნორმები, წესები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები დროთა განმავლობაში ცვდება. ის, რაც გუშინ სწორად გეჩვენებოდა, დღეს აბსურდია და პირიქით. ნუ შეაფასებ ფაქტებს, მოვლენებს, ადამიანებს, მათ ქცევებსა და სურვილებს წინასწარ განსაზღვრული საზომებით. უსმინე ხმებს საკუთარ თავში.

 

დათო ქორიძე, ვიდეოკლიპის რეჟისორი:

მე და მებო ვმეგობრობთ უკვე ძალიან ბევრი წელია. დაახლოებით თვენახევრის წინ, დამირეკა და მითხრა, რომ ახალი ჯგუფი ყავდა და ერთ სიმღერაზე უნდოდა ვიდეოს გადაღება. მე რადიო თავისუფლებაში ვმუშაობ და მითხრა, რომ ნახა რადიო თავისუფლების ვიდეო-ინტერვიუ მადონასთან, ქალთან, რომელმაც თავი დაიწვა. ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. 

პირველი შეხვედრისთანავე, თავში თავისით დაიბადა იდეა და კადრი: ადამიანი დგას და სიბნელიდან შემოდიან ხელები. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, უკვე მთლიანად გამოიკვეთა მთელი ვიდეოს მონახაზი. მერე, რა თქმა უნდა, დაიწყო ყველაზე მთავარი: შევკარით ძალიან კარგი სამუშაო ჯგუფი. 

ფოტოგრაფი ვარ და მარტო მუშაობას ვარ მიჩვეული. ვიდეოს გადაღება კი სულ სხვა სპეციფიკაა – აუცილებელია ერთ გუნდად მუშაობა და ეს ასეც მოხდა: გამნათებლიდან დაწყებული, კვამლის გამშვებით დამთავრებული, ყველანი გავერთიანდით ერთი იდეის გარშემო და ეს იდეა კლიპშიც კარგად ჩანს. ეს ვიდეო არ არის მუსიკალური ვიდეო კლიპი. ეს არის იდეა, სათქმელი, ერთგვარი მანიფესტი. ბრძოლას აქვს ძალიან დიდი ძალა, უნდა უსმინო შენს ხმას.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ვიდეოს მთავარი ოპერატორი, კახა მშვიდობაძე, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა. კლიპი უწყვეტ კადრშია გადაღებული და ეს არც ისე ადვილი საქმეა. 

ცალკე უნდა ვისაუბროთ ლუკა ეშლიზე, ვიდეოს მთავარ გმირზე. მთელი ვიდეო, ახლო ხედით ჩანს მხოლოდ ლუკა და რეალურად, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მან კი ისე ფანტასტიკურად შეასრულა თავისი როლი, პროფესიონალ მსახიობებსაც შეიძლება გასჭირვებოდათ იგივეს გაკეთება. ლუკამ იდეალურად გადმოსცა ჩვენი იდეა. 

ვიდეოზე მუშაობის მოსამზადებელი პროცესიც ძალიან საინტერესო იყო, კაბების შეკერვა, რეპეტიციები. ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენით: პარიკის საყიდლად წავედით მე, მებო და ლუკა, ლილოში ნაჭრების საყიდლად მებო იყო წასული, ხელოვნური ფრჩხილების ყიდვაც მას დაევალა და ა.შ. ვისაც რა შეგვეძლო, ყველანი მაქსიმალურად ჩავერთეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ის შედეგი მიგვეღო, რაც გვინდოდა. 

ეს კლიპი არის ტრანსგენდერ ადამიანზე, რომლის ცხოვრებაც დაუსრულებელი ბრძოლაა. ამავდროულად, ეს არის მხატვრული ფორმა: ტრანსგენდერი ადამიანის მაგალითზე, გვინდოდა გვეჩვენებინა ადამიანის ცხოვრება, რომელიც საზოგადოების მიერ გამოგონილი დოგმების, კანონებისა და წესების მსხვერპლი ხდება, მაგრამ ბოლომდე იბრძვის და მაინც აღწევს თავს. ამ დოგმების მსხვერპლი ხომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. ეს ვიდეო ყველა იმ ადამიანზეა, ვინც არ უშინდება ზეწოლას და არის ის, ვინც არის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.