fbpx

გალერეა 4710-ში ჯგუფური გამოფენა “აუცილებელი რიტუალები” მიმდინარეობს


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

 

გალერეა 4710-მა 27 სექტემბერს, გალერეის გახსნიდან ერთი წლისთავზე, ახალი ჯგუფური გამოფენა – “აუცილებელი რიტუალები” წარმოადგინა. გთავაზობთ ინტერვიუს გალერეის დამფუძნებლებთან, ნინი დარჩიასთან და ანა გაბელაიასთან

 

რა პრინციპით აარჩიეთ ხელოვანები?

ხელოვანების არჩევის პრინციპი გალერეის პოლიტიკას უკავშირდება. გალერეა 4710 ახალგაზრდა ხელოვანებთან, ე.წ. Emerging art-ზე მუშაობს, შესაბამისად, ამ გამოფენაზეც სწორედ ეს ხელოვანები ავარჩიეთ. სულ რვა ხელოვანი. მათგან ერთი, ანუშკა ჩხეიძე, ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელმაც სპეციალურად გამოფენისთვის საუნდი შექმნა, დამთვალიერებელს მისი მოსმენა გამოფენაზე უსადენო ყურსასმენით შეუძლია. საინტერესოა ისიც, რომ გამოფენაში მონაწილე ყველა ხელოვანთან გალერეამ პირველად ითანამშრომლა, ესენი არიან: თამარ ნადირაძე, შოთიკო აფციაური, სალომე ჯოხაძე, სალომე ჩიგილაშვილი, მარი ყალაბეგაშვილი, მერაბ გუგუნაშვილი, თორნიკე რობაქიძე და ანუშკა ჩხეიძე.

როგორი იყო გამოფენისთვის ნამუშევრების არჩევის პროცესი?

კარანტინის პერიოდი ხელოვანების უმატესობისთვის შემოქმედებითად აქტიური პერიოდი აღმოჩნდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ ნამუშევრებს და შემდეგ სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით აზიარებდნენ. მასალების არქონის გამო მოუწიათ არატრადიციულ ფორმატში მუშაობა, რაც, ვფიქრობ, საინტერესო ექსპერიმენტები იყო და ძალიან კარგი ნამუშევრები შეიქმნა. კარანტინის შემდეგ გალერეა გავხსენით სალომე დუმბაძის პერსონალური გამოფენით – “იქ სადაც ბრწყინვალება იღვრება”.  გამოფენა მარტში უნდა გახსნილიყო, მსოფლიო პანდემიის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში,  თუმცა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაიხსნა და გამზადებული ექსპოზიცია  სამი თვის განმავლობაში დახურულ გალერეაში ელოდა დამთვალიერებელს. როცა გალერეა, როგორც იქნა, გავაღეთ, მივხვდით, რომ ხალხსაც მოენატრა ხელოვნება. ხშირად გვეკითხებოდნენ, კიდევ რომელი გალერეები იყო ღია და სად შეეძლოთ ახალი თუ ძველი გამოფენების ნახვა. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც გადავწყვიტეთ შემდეგ გამოფენაზე მეტი არტისტი გვეჩვენებინა. ნამუშევრების არჩევისას, ბუნებრივია,  გამოფენის კონცეფციას არ ვარღვევდით –  მთავარი პრინციპი გამოფენის სახელწოდებასთან არაპირდაპირი, თუმცა აუცილებელი კავშირი იყო.  ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, რომელიც “აუცილებელი რიტუალებისთვის” დისტანციურად ავარჩიეთ, სალომე ჩიგილაშვილის ობიექტი იყო, ქვა კერამიკის თვალით. 

სალომესთან სახელოსნოში მისვლისას მივხვდით, რომ უფრო მეტის ჩვენება გვინდოდა, ვიდრე მხოლოდ ერთი ობიექტის და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ ობიექტზე იმუშავებდა.  საბოლოოდ, ექსპოზიციაში სალომეს ექვსი ნამუშევარი გვაქვს. მოგვწონს მუშაობის ცოცხალი პროცესი, როცა არ მიჰყვები წინასწარ განსაზღვრულს, შესაბამისად, საკუთარ თავს და ერთმანეთს  არ ვზღუდავთ ხოლმე. შოთიკო აფციაურის ობიექტებზე ფიქრისას, მაინც ვერ დავთმეთ მისი არაჩვეულებრივი ფერწერა,  ვაჩვენებთ მის ქაღალდზე შესრულებულ პატარა ნამუშევრებსაც, რომელთა ნახვაც, როგორც წესი, მხოლოდ შოთიკოს სახელოსნოშია შესაძლებელი. 

ნამუშევრების ასარჩევად სტუდიაში  ვიზიტებისას არტისტებს შორის ბევრი საინტერესო კავშირი  აღმოვაჩინეთ ფორმის, ფერის, სტილის თუ მედიუმის არჩევანის თვალსაზრისით. მოგვინდა, რომ ეს კავშირები უფრო თვალსაჩინო გაგვეხადა იმ ხალხისთვის, ვინც მათ სტუდიოებში ვერანაირად მოხვდებოდა. რამდენად გამოგვივიდა, ეს დაკვირვებულმა დამთვალიერებელმა  უნდა განსაჯოს. 

რატომ “აუცილებელი რიტუალები”? გვესაუბრეთ გამოფენის კონცეფციაზე

მსოფლიო პანდემიამ ბევრ ყოველდღიურ რიტუალზე გვათქმევინა უარი, თუმცა ბევრი ახალიც გააჩინა.  გამოჩნდა, რომ არსებობს ზოგი რელიგიური თუ სოციალური რიტუალი, რომელიც პანდემიის პირობებშიც კი აუცილებლად შესასრულებლად მიაჩნია ჩვენი საზოგადოების ნაწილს, თუნდაც სახეცვლილი ვარიანტით. ამასთან, თვითიზოლაციამ, საკუთარ თავსა თუ ოჯახთან მეტი დროის გატარებამ ახალი რიტუალები გააჩინა. ეს ძალიან ვრცელი და საინტერესო საკვლევი თემაა, თუმცა ამ გამოფენაზე მუშაობისას ჩვენი კურატორული მიდგომა კვლევითზე უფრო პოეტური იყო. თვითონ შემოქმედებით პროცესსაც მივუდექით ისე, როგორც რიტუალების მთელ წყობას, რომელიც, ამჟამად მთავარი, დამაგვირგვინებელი რიტუალის, გამოფენის გახსნის გარეშეა დარჩენილი. 

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

“აუცილებელი რიტუალები” 10 ნოემბრამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ ვიწყებთ თამარ ნადირაძის პერსონალური გამოფენის აწყობას. თამარ ნადირაძის ორი ნამუშევარი მიმდინარე გამოფენაზეც შეგიძლიათ იხილოთ. სამუშაო პროცესი უკვე იმდენად საინტერესოა, რომ ამ გამოფენას ჩვენ თვითონაც ძალიან ველოდებით. გამოფენებს შორის კიდევ ერთი ივენთი იგეგმება, რომელზეც ამჯერად არაფერს ვიტყვით. 

გეგმაში 2021 წლისთვისაც ბევრი რამ გვაქვს. იმედია, მალე გადავლახავთ ამ კრიზისს და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით. 

მანამდე გვესტუმრეთ  უსაფრთხოების წესების დაცვით. ხელოვნება ნამდვილად ყველაფერს უკეთესს ხდის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.