fbpx

„ბარსელონას“ გოლი გაურბის…


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

შემთხვევითი არაა, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენშიც „ბარსელონას“ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ეს უპირველეს ყოვლისა იმ სანახაობრივი ფეხბურთის დამსახურებაა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ლეგენდარული კლუბი უჩვენებს. 

რონალდინიოს ეპოქა მესიმ ჩაანაცვლა და უკვე თხუთმეტი წელიწადია, რაც არგენტინელის გარეშე ფეხბურთის მოყვარულებს არა მარტო „ბარსელონა“, არამედ ზოგადად, ფეხბურთი ვერ წარმოუდგენიათ. 

იმავდროულად, წელიწადზე მეტია, რაც მიუნხენის „ბაიერნი“ იმ ახალი თაობის ფეხბურთს უჩვენებს, რომელიც მას თვით ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ზედიზედ 13-მატჩიანი მოგებების სერიის მოწყობის უნარს ანიჭებს.

დღევანდელი „ბაიერნი“ ობიექტურად „ბარსელონაზე“ (და ყველაზე) ძლიერი რომაა, აქ ნახსენებ რეკორდთან ერთად, კატალონიურ კლუბთან გამანადგურებელი ანგარიშით 8:2 მოგებულმა ისტორიულმა მატჩმაც დაადასტურა. 

მაგრამ „ბარსელონაში“ ყველაფერი წესრიგში რომ არაა, ეს აუცილებლად სხვების და არა მის ლიდერ ლიონელ მესის სინდისზეა… 

მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის წარუმატებლობებმა მესის სკეპტიკოსები ფეხბურთელის ასაკზე აალაპარაკა. 

თითქოს არგენტინელს ძველებური სისწრაფე აღარ აქვს და მისი კარიერის საუკეთესო წლები წარსულს ჩაჰბარდა.

ძნელია ამას დაეთანხმო ან არ დაეთანხმო. კრიტიკული შეფასებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ „ბარსელონაში“ ვერაფრით მოხერხდა მესის ძველი პარტნიორების, ჩავის და ინიესტას ჩანაცვლება.

მისი პოტენციური საუკეთესო პარტნიორები კი სწორედ რომ დღევანდელი „ბაიერნის“ სპირინტერული სისწრაფის მქონე „ვინგერები“ იქნებოდნენ და არა კოუტინიო და გრიზმანი… 

გასულ კვირას მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდა „ელ კლასიკოს“. „ბარსელონას“ და „რეალის“ მორიგი დაპირისპირების მოლოდინს სატრანსფერო პერიოდში ამ კლუბებში განხორციელებული ცვლილებებიც ამძაფრებდა. 

მადრიდის „რეალს“ სიახლეები ნაკლებად შეეხო. 

აი „ბარსელონას“ კი ცოტა ხანში ახალი პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ეყოლება, რომ აღარაფერი ვთქვათ აქ მოღვაწე ახალ მწვრთნელსა თუ მოთამაშეებზე.

წარსულში სახელგანთქმულ ფეხბურთელ რონალდ კუმანს შარშან ჰოლანდიის ნაკრები ჩააბარეს. 

ახალმა მწვრთნელმა უმოკლეს პერიოდში ფეხზე წამოაყენა კრიზისში მყოფი გუნდი და ურთულესი ჯგუფიდან, სადაც ჰოლანდიელთა მეტოქეები გერმანიის და საფრანგეთის ნაკრებები იყვნენ, ერთა ლიგის A კატეგორიის ფინალში გაიყვანა.

ფინალი „ნარინჯისფრებმა“ პორტუგალიელებთან დათმეს, მაგრამ განვითარებად ნაკრებს ერთი წლით გადავადებული ევროპის ჩემპიონატი ხომ წინ ჰქონდა, რომ აღარაფერი ვთქვათ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლისთვისაც კუმანს კიდევ უფრო მაღალ დონეზე შეეძლო მიეყვანა გუნდი…

მაგრამ კუმანი ძველი „ბარსელონელიცაა“ და სტაჟიან გულშემატკივარს მშვენივრად ახსოვს მის მიერ „სამპდორიას“ კარში გატანილი გოლი, „ბარსელონას“ ნანატრი ჩემპიონთა თასი რომ მოუტანა.

ეტყობა, ცდუნებაც დიდი იყო და თანხაც, რომელმაც კუმანს ნაკრებში დაწყებული საქმე შუა გზაზე მიატოვებინა და მესისთან და მის თანაგუნდელებთან გაუშვა.

„ბარსელონა“ მას მძიმე მდგომარეობაში დახვდა. 

ალბათ მეტად, ვიდრე ეს „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანგარიშით 0:4 წაგების შემდეგ შეიძლებოდა  ყოფილიყო, რადგან 2:8 ბევრად დიდი ანგარიშია…

„ბაიერნმა“ უბრალოდ დასცინა „ბარსელონას“.

ამის შემდეგ კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კოუტინიოც გაუგზავნა, რომელიც იმ ავადსახსენებელ მატჩში მოედანზე 2:6-ის დროს შეუშვა. 

ბრაზილიელმა დარჩენილ წუთებში თავის ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა, მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა და თამაშში ეფექტური ჩართვით ეტყობა, დიდად მოხიბლა „ბარსელონას“ აწ უკვე გადამდგარი ხელმძღვანელობა.

ერთი კია, „რეკორდმაისტერს“ ეტყობა, ფლანგის მოთამაშეები საკმარისად დაუგროვდა და მათ შორის „ჩამოსაწერებს“ – კოუტინიოს და პერიშიჩს დაემშვიდობა. 

აი გნაბრი, კომანი და დევისი კი არსადაც არ წავლენ, რადგან 8:2-ს გამეორება თუ არა, შედეგს შენარჩუნება ხომ სჭირდება.

კოუტინიოში მოტყუვდა თუ არა „ბარსელონა“, ამას მომავალი გვიჩვენებს. მაგრამ ბევრი კია გნაბრის კატეგორიის მოთამაშეები ირგვლივ? 

„ბარსელონას“ უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონია და ახლა მთავარია, რომ ბრაზილიელი განვითარდეს და ადრინდელზე უფრო მაღალ დონეზე დაიწყოს თამაში.

რა დონეზე? ალბათ სულ მცირე, სწორედ იმ ზემოთ ხსენებული ფლანგის მოთამაშეებისა, რომლებიც „ბაიერნმა“ მას და პერიშიჩს ამჯობინა…

ლოგიკა მარტივია. 

აი სუარესის გაშვებისას კი „ბარსელონა“ შეიძლება არც შემცდარა, რადგან იმავე „ბაიერნთან“, „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში ურუგვაელმა ვერ ივარგა, „გრანადას“, „ოსასუნას“ და „ლევანტეს“ წინააღმდეგ კი ის „ატლეტიკოშიც“ ძველი სუარესი იქნება.

სამაგიეროდ, ჯერაც ვერ პოულობს „ბარსელონაში“ საკუთარ თავს ანტუან გრიზმანი, რომლის ცალკეული გაელვებები ახლოსაც ვერ მივა წარსულში მადრიდის „ატლეტიკოში“ თუ საფრანგეთის ნაკრებში (ამჯერადაც) მის თამაშთან.

მთავარი თავსატეხი კი ლიონელ მესია, რომელსაც კუმანი თავის წინამორბედ კიკე სეტიენზე ეფექტურად თუ ვერ აათამაშებს, წლის ბოლოს, ან სეზონის მანძილზე, მასაც მოუწევს „ბარსელონას“ დატოვება…

კუმანმა მოსვლისთანავე მართვის სადავეების ხელთ აღება გადაწყვიტა და კლუბის ავტორიტეტებსაც საკმაოდ მკაცრად ჩამოუყალიბა თავისი მოთხოვნები. 

მათ შორის მესიც იყო და საქმე კონფლიქტამდეც მივიდა.

საბოლოოდ, სეზონის დაწყების წინ, ყველა მიხვდა, რომ უპირველეს ყოვლისა საქმეა გასაკეთებელი. ბოლო პერიოდში კი კლუბმა გულშემატკივარი ისე გააბრაზა, რომ თუკი შედეგი არ დაიდება, მას არც მესი აინტერესებს, არც კუმანი და არც აწ უკვე გადამდგარი დირექტორატი.

„იუვენტუსთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონა“ „ალავესის“ წინააღმდეგ მატჩში ლა ლიგის გათამაშებაში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ წარდგა.

 

ლიონელ მესის და მის თანაგუნდელებს თითქოს სხვა გზა არ ჰქონდათ გარდა მოგებისა იმ გუნდის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც ორი წელიწადია ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და მისთვის ქულების დაგროვება უფრო მნიშვნელოვანია სატურნირო ცხრილის ფსკერზე განლაგებულ კონკურენტ გუნდებთან, ვიდრე „ბარსელონასთან“. 

თამაშის სცენარმა კი გულშემატკივარს სრულიად სხვა რამ დაანახვა. 

კერძოდ კი, მის თვალწინ უკვე „ტრადიციული“ კიკე სეტიენის პერიოდის გუნდი გადაიშალა დაცვაში ფატალური შეცდომებით და გამუდმებული უნიათო შეტევებით, როდესაც გოლი თითქოს ეს-ესაა უნდა გავიდეს, მაგრამ სადღაც გაურბის, ალბათ უფრო საკუთარ კარში, როგორც ეს „ალავესის“ შემთხვევაში იყო…

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.