fbpx

მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამა ავტორებისა და მთარგმნელებისთვის


გააზიარე სტატია

2020 წლის 4 ოქტომბერს მწერალთა სახლმა პირველად გამოაცხადა სარეზიდენციო პროგრამა თანამედროვე ავტორებისა და უცხოენოვანი ლიტერატურის ქართულ ენაზე მთარგმნელებისთვის. 

 

18 განაცხადიდან კონკურსის საფუძველზე შეირჩა 7 ავტორი, რომელიც 2020 წლის 3 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით თბილისში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებენ, იმუშავებენ ახალ ტექსტებსა და თარგმანებზე, ასევე მიიღებენ სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით.

სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ავტორებსა და/ან მთარგმნელებს, რომლებიც მუშაობენ ლიტერატურული ტექსტის შექმნაზე ან თარგმანზე. ჟანრი შეზღუდული არ იყო. პროგრამის მონაწილისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ქართულ გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულება  ტექსტის/თარგმანის გამოცემასთან დაკავშირებით.

 

სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეები არიან:

  • არჩილ ქიქოძე, მწერალი
  • ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
  • გია ბერაძე, მთარგმნელი
  • კატო ჯავახიშვილი, მწერალი
  • აბო იაშაღაშვილი, მწერალი
  • დათია ბადალაშვილი, მწერალი
  • ნინია სადღობელაშვილი, მწერალი

მწერალთა რეზიდენცია მწერალთა სახლის მესამე სართულზე  2017 წელს  გაიხსნა. სამწერლო რეზიდენციების გახსნით მწერალთა სახლი  მსოფლიოს ლიტერატურული სახლებისა და რეზიდენციების ქსელს შეუერთდა. მწერალთა სახლის რეზიდენციების დიზაინი ცნობილმა ქართველმა მხატვარმა გუგა კოტეტიშვილმა საგანგებოდ მწერალთა სახლისთვის შექმნა. 

სარეზიდენციო ოთახების დახვეწილი, ექსკლუზიური გაფორმება ორგანულად ერწყმის და აგრძელებს მეოცე საუკუნის დასაწყისში აგებული მოდერნის სტილის შენობის უნიკალურ დიზაინს.

რეზიდენციების თითოეული ოთახი საქართველოსთან დაკავშირებული ხუთი სხვადასხვა უცხოელი მწერლის სახელს ატარებს და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა. 

ალექსანდრე დიუმას, ნიზამი განჯელის, ბორის პასტერნაკის, მარჯორი და ოლივერ უორდროპებისა და ჯონ სტეინბეკის სახელობის ხუთი ოთახი მწერალთა რეზიდენციაში ერთგვარ “მუზეუმ-ოთახებს” ქმნის, სადაც ინტერიერის თითოეულ დეტალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. 

მწერალთა რეზიდენციის პირველი სტუმარი იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელორუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.