fbpx

Casa Chuck – ჩაკ რამირესის საკურთხეველი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ძიაპშიპა


როგორც ჭეშმარიტი Flâneur (მოხეტიალე), იზოლაციის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ჩაკეტილ საზღვრებში და სახლში გამოკეტილი განსაკუთრებულად დავიტანჯებოდი. აღმოჩნდა, რომ “უმიზნოდ ხეტიალი” არ ყოფილა მხოლოდ ფიზიკური გამოცდილება და ეს  თავისუფლად შემძლებია წარმოდგენებსა და მეხსიერებაშიც. 

წარსულში ბოდიალი ჩემივე ფიზიკურ მოგზაურობებს უკავშირდება. სადღაც მოვკარი ყური – “მეხსიერებას შვებულებები განსაზღვრავს”, ბოლომდე არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც მომწონს. ჩემი მეხსიერება კი ამ შემთხვევაში რამდენიმე მყარ დისკზე ეტევა. გადავწყვიტე, ნელ-ნელა გავხსნა ყუთები და “მტვრიანი” ფოტოები ამბებად ვაქციო. 

რამდენიმე დღის წინ საშინელი სურდო დამემართა (ტესტიც გავიკეთე და უარყოფითი აღმოჩნდა), ცხვირი გაჭედილი მქონდა და  სამყაროს მგრძნობელობითმა აღქმამ ისეთი განცდები მოიტანა, რომლებიც თითქმის დავიწყებული მქონდა. განსაკუთრებით ყნოსვა გამიმძაფრდა და ქალაქის გამონაბოლქვთან ერთად შემოსულმა რამდენიმე სახეცვლილმა სუნმა ბოლოდროინდელი ფიზიკური სივრცის მიღმა გადამისროლა – მეხსიერებაში დალექილ ყველაზე სასიამოვნო ადგილებში. გარეთ იმიტომ გავდიოდი, რომ მოგონებების ამ ლაბირინთებში მემოგზაურა, რადგან ძალიან მენატრება სხვაგან ყოფნა, სხვა ენაში, უცხო ხალხში, უცნობ ქალაქში არსებობა. ამის გამო ჩემ მყარ დისკს ისევ მივუბრუნდი. 

ხელოვანი ჩაკ რამირესი სან-ანტონიოში ცხოვრობდა. ძირითადად ტიპოგრაფიული და დიგიტალური ტექნოლოგიების გამოყენებით ის ყველასთვის ნაცნობი ობიექტების და ტექსტების რეკონტექსტუალიზაციით იყო გატაცებული. მისი შემოქმედება ყოველთვის აქტუალური იყო, თავის ფოტოებსა და ინსტალაციებში კულტურულ იდენტობას, მოკვდაობას და კონსიუმერიზმს იკვლევდა. სან-ანტონიოს კულტურულ ცხოვრებაში მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა 2010 წლამდე, სანამ ავარიაში დაიღუპებოდა. 

რამირესის გარდაცვალების შემდეგ მისი სახლი რეზიდენციად იქცა. ეს ადგილი დღეს სხვა ხელოვანებს, მწერლებს და კურატორებს ეთმობა, რომლებიც თვეობით რჩებიან ამ ძალიან ცოცხალ სახლში და ერთგვარად ჩაკის საქმეს აგრძელებენ. მე მეგობრის დახმარებით მოვხვდი ამ ისტორიებით სავსე ადგილას და რამდენიმე დაუვიწყარი დღე გავატარე აქამდე ჩემთვის უცნობი  მხატვრის ძალიან პირად სივრცეში.       

შემოსასვლელი კარიდან პირდაპირ საძინებელში შეიძლებოდა შემოსვლა. ზუსტად ძილის წინ საწოლის პირდაპი დაკიდებულ ამ ქალის კბილებს ვუყურებდი, დილას კი მის თვალებს. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა სახლის პატრონმა თავისი ღამეების და განთიადების ამ ქალთან დაკავშირება. პორტრეტის გარდა გარშემო ბევრი ისეთი ნივთია, რომელიც რამირესის ყოფას, მის წარმოდგენებს ან მეხსიერებას უკავშირდება. ყველაზე უცნაური და საინტერესო ამ დროის განმავლობაში ზუსტად ეს იყო, მის სხეულში არსებობა და ამ დატოვებული საგნებით მის სამყაროში შეღწევა. როგორც რეზიდენციის პატრონებმა მითხრეს, აქ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც სახლის პატრონმა ბოლო დღეს დატოვა. 

ეს ობიექტები ჩემი ძილის დარაჯები იყვნენ, ზუსტად ყველაფრის ფუნქცია და მნიშვნელობა არ ვიცი, მაგრამ სამი დღის განმავლობაში, ყოველ დილას, ჩემ გარშემო – კედელზე, იატაკზე, ჭერზე, კუთხეებში რაღაც ახალს და საინტერესოს ვპოულობდი. 

 

ეს პალმები ტექსასური ლანდშაფტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სან-ანტონიოც და ოსტინიც საკმაოდ ქარიანი ქალაქებია, და მაღალი პალმებიც ასეთი ლურჯი ცის ფონზე ხშირად ასე ირხევიან. 

 

ამ ნივთებით გადატენილ სახლში ყველაფერი ცოცხალია, მაგრამ რაღაცები მოძრავი. არ ვიცი რატომ მომინდა, ხელი დამედო ზეთოვანი და წებოვანი ტვინისთვის, მაგრამ როგორც კი თითი დავაკარე, იმ საათის მიმართულებით ამოძრავდა, რომელსაც “NOW” – ახლა აწერია. ზუსტად ის, რაც იმ დროს მჭირდებოდა – ტკბობა იმით, რაშიც და სადაც ვიყავი. 

საძინებლიდან ვიწრო დერეფნით მისაღებ ოთახში გასვლა შეიძლება, ოთახის ფანჯრები პატარა ბაღში იყურება, სადაც რამირესის კატა შემოდგომის თბილ მზეზე ნებივრობს. ჩაკის კატა დღემდე ამ სახლის კანონიერი ბინადარია. 

საძინებლის და მისაღები ოთახის დამაკავშირებელი ვიწრო დერეფანიც სიმბოლოებით არის დატვირთული. ეს ანგელოზი, სავარაუდოდ, სახლის მფარველია, რომელიც ყოველ დილით სამზარეულოსკენ მიმავალს ზემოდან დაგცქერის. 

სამზარეულოც მთელი სახლივით მოქმედი და ცოცხალია. აქ ყველაზე მეტად გრძნობ, რომ ამ სახლში აშკარად კიდევ ვიღაც არის. თითქოს სახლის პატრონი ცოტა ხნის წინ გავიდა და ამ არეული სივრცის წყნარად დათვალიერების და გაცნობის დრო მოგცა; ყველაფერთან მისვლის, ხელით მოსინჯვის, წაკითხვის და გადაღების უფლება დაგიტოვა.

არ ვიცოდი, რა უნდა მენახა ამ ინტენსიური მეხსიერებით გაჯერებულ სახლზე მეტი სამი დღის განმავლობაში ამ ქალაქში, თუმცა ერთ საინტერესო გამოფენაზე მოვხვდი. Monarchs: Brown and Native Contemporary Artists in the Path of the Butterfly

ამ გამოფენაზე როდოლფო მარონ III-ის ეს მექსიკური საკურთხეველი ვნახე და სამუდამოდ დამამახსოვრდა ჩაკის სახლის სტუმართმოყვარეობასთან ერთად. უცებ მივხვდი, რომ რამირესის ათასგვარი ნივთებით გატენილი სახლიც მიძღვნითი საკურთხეველია. მექსიკური კულტურის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის გავლენა აქ ყოფაშიც და კულტურაშიც ხშირად იგრძნობა. 

აქ ყოფნის დროს პიტსბურგის სინაგოგაში მასობრივი მკვლელობა მოხდა. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ჩაკ რამირესის საძინებელში ვიყავი წამოწოლილი, როდესაც კარზე კაკუნი გავიგონე. რეზიდენციის პატრონს მეგობრები და მეზობლები შეეკრიბა სინაგოგაში მოკლული 11 ადამიანის გასახსენებლად. წრეში ამ 11 ადამიანის მოკლე ბიოგრაფია წავიკითხეთ. ამ რიტუალური შეკრებისას (რომლებსაც ძირითადად ვერიდები ხოლმე) უცნაური განცდა მქონდა: თითქოს ტერაქტის მსხვერპლი ადამიანები და მათი ყოფა ჩემ თვალწინ გაცოცხლდა, იმდენად ახლობელი გახდა, რომ ალბათ მასობრივად დაღუპული ადამიანების არსებობა ჩემთვის მხოლოდ სტატისტიკა ვეღარასოდეს იქნებოდა.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.