fbpx

„შეხების წერტილი“ – სამი ხელოვანის კოლაბორაციული პროექტი Gamrekeli Modern-ში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

ფოტოგრაფი: ტასო ბეჟიტაშვილი

„შეხების წერტილი“ კონცეპტუალისტი მხატვრის, სოფო ჩერქეზიშვილის,  პრაქტიკოს-თეორეტიკოსი არქიტექტორის, სანდრო ჩუბინიძის და ხმის ოპერატორ თენგო ასიტაშვილის ერთობლივი პროექტია. არტისტების კოლაბორაციის შედეგი კულტურული გამოღვიძების იდეას უსვამს ხაზს და საზოგადოებასაც სწორედ ამისკენ მოუწოდებს.

პროექტი გულისხმობს ინტეგრირებული სივრცის შექმნას, სადაც თითოეული შემოქმედი, ერთიან საგამოფენო სივრცეში, დამოუკიდებელი კონცეპტუალური წინადადებით შემოდის.

თითოეულ არტისტს დამოუკიდებლად აქვს ინტელექტუალურ-ემოციური ინსპირაცია, თუმცა ნამუშევრების ჰარმონიული შერწყმა სასიამოვნო ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის დამთვალიერებლისთვის. 

სანდრო ჩუბინიძის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია, სათაურით „ანტიუტილიტარიზმი – ანუ სხეული ორგანოების გარეშე“, კვლევის ორიგინალურ ველს ეხება. ნამუშევარი შედგება ათი გრაფიკული იმიჯის და ერთი ცენტრალური პანო-ობიექტისაგან, რომელთა კომბინირება ქმნის ალტერნატიული არქიტექტურის მოდელს – კულტურისგან დაცლილ სივრცეს. არტისტი ნამუშევრით აქცენტს აკეთებს კულტურის მნიშვნელობაზე საზოგადოებისთვის და ამავდროულად, შემოქმედებისთვის. 

სანდრო ჩუბინიძის კონსტრუქციული აზროვნების საპირწონედ წარმოდგენილია სოფო ჩერქეზიშვილის კონცეფცია, სათაურით „არავინ ქვევით აღარ იყურება“ „სიმაღლე – იზოლაცია; კავშირი ცასთან; შიში, რომ ვერ ახვალ და თუ ახვედი, ვეღარ დაეშვები. შენ ხედავ ყველას და ამყარებ კავშირს აწმყოსთან, კავშირს ჩემთან და სივრცესთან. რაც უფრო მაღლა აგიყვანს შენი სურვილი, მით მეტად წითლდება წერტილი, ის გამოიყოფა, გამოირჩევა. იქმნება ლაბირინთი, რომელიც არქიტექტურულად ქმნის წითელი სვეტების ტყეს. ეს არის  სვეტების წერტილი, სადაც არავინ ქვევით აღარ იყურება”.  სოფო ჩერქეზიშვილის ეს ხედვა მხატვრულ იდეათა მკვეთრი, თვითმყოფადი ფორმულირებით იქმნება.

საგამოფენო მედიუმი წარმოადგენს ინსტალაციას ინტეგრირებული ფერწერული ტილოებისაგან. წითელი ფერის სიმბოლიკით არტისტი თითქოს ხაზს უსვამს და გვაფრთხილებს საშიშროების შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოშვას კულტურისგან დაცლილმა სივრცეებმა. წითელი ფერი აქტიურად გამოიყენება ხელოვნებაში, როგორც საფრთხის ნიშანი, თუმცა ეს ფერი, ამავდროულად, არ არის უცხო, ადამიანური ფორმისთვის. ვინაიდან ჩვენს ძარღვებში მიმდინარე სისხლი სწორედ წითელია, ის ერთდროულად ხდება უცხოც და ნაცნობიც. ეს ფერი აღძრავს საშიშროების მოლოდინსა  და სიმძაფრეს. ადამიანების ბავშვობის პირვანდელი ტრამვები, სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება, ჩვენი პირველი ჭრილობის ან დაზიანების დროს. სწორედ ამიტომ არის ის ასე მძაფრი და ერთდროულად ნაცნობი კაცობრიობისთვის. 

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ორ შემოქმედს შორის „დიალოგის“ ვიზუალურ კვლევას  გულისხმობს. ვიზუალური და ხმოვანი ნიშნების მეშვეობით, ცოდნის ტრანსფორმაციის პროცესი იშლება დამთვალიერებლის თვალწინ. სანდრო ჩუბინიძის „დიალოგი“ სოფო ჩერქეზიშვილის იმიჯებთან, პოსტარქიტექტურული ობიექტების საშუალებით შედგება.  

პროექტს – „შეხების წერტილს“ ექსპერიმენტულ იერს აძლევს მისი  შემადგენელი ნაწილი  აუდიო გამოფენა.   პროფესიონალი ხმის ოპერატორის – თენგო ასიტაშვილის მიერ ჩაწერილი  ხმოვანი  ტექსტები  მთლიანად აგებულია  მხატვრის და არქიტექტორის  შექმნილ  ვიზუალზე და ნამუშევრებს შორის დიალოგს თვალსაჩინოდ წარმოადგენს.

 

კურატორი: ნინო გუჯაბიძე 

გამოფენა გაგრძელდება 25 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ჭავჭავაძის N83-ში

პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში“  ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.