fbpx

როგორ გადავლახოთ ჩაკეტილობა და მოვიპოვოთ სიმშვიდე


გააზიარე სტატია

სტატიას წარმოგიდგენთ: ბენეფიტსი

ილუსტრატორი: თაკო კოპალიანი


 

ადამიანები სხვადასხვაგვარი თვისებებით გამოირჩევიან. ზოგიერთები უფრო კომუნიკაბელურები და გახსნილები არიან, ზოგიერთები კი ჩაკეტილები და სოციუმთან ნაკლებად ადაპტირებულები. ამას თავისი მიზეზები შეიძლება ჰქონდეს, თუმცა სია იმდენად გრძელი შეიძლება გამოდგეს, რომ მასზე საუბარს დიდ დროს არ დავუთმობთ.

გადაჭარბებულ კომუნიკაბელურობასა და გახსნილობასაც აქვს თავისი გვერდითი ეფექტები, თუმცა ცხოვრების წესად ქცეული ჩაკეტილობა შესაძლოა ცუდი შედეგების მომტანი იყო ადამიანისთვის. ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ განმარტოების სურვილი და ჩაკეტილობა, ეს ორი განსხვავებული რამ არის. ხშირად, როდესაც ადამიანები ფსიქოლოგებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმართავენ, აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი დაბრკოლება სურვილის მიუხედავად კომუნიკაციის დამყარების უნარების ნაკლებობაა.

“ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. თავს მუდამ კონტექსტიდან ამოვარდნილად ვგრძნობ”, – ასე შეიძლება შევაფასოთ ერთ წინადადებაში ჩაკეტილობის საკითხი. ასეთი მდგომარეობის გამო, როცა ადამიანს სურს მეტად ჩაერთოს სოციუმის ცხოვრებაში, თუმცა არ გამოსდის, შფოთისა და დეპრესიის საწყისიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

ჩაკეტილობა კორონავირუსის პანდემიის დროს ყველას შეგვეხო და ამას თავისი ლოგიკური შედეგებიც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც რეგულაციები შემსუბუქდა, ადამიანები კვლავ დაუბრუნდნენ ჩვეულ რიტმს, თუმცა უკვე განსხვავებული გამოცდილებით. სწორედ ამ პერიოდში გახდა აქტუალური ჩაკეტილობისა და შფოთვის საკითხები.

როგორ უნდა გადავლახოთ ჩაკეტილობა?

ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა პრაქტიკაში არაერთი გზა არის გამოცდილი და ჩვენ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ, რომელთაგან თქვენთვის სასურველი კომბო შეგიძლიათ ააწყოთ.

პირველ რიგში, აუცილებელია მიმართოთ პროფესიონალს, რომელიც თქვენთან მუშაობას აქტიურად დაიწყებს და დაგეხმარებათ იმ ძირითადი მიზეზები აღმოჩენაში, რაც იწვევს ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. იქნებ არასწორი სამეგობრო წრე გყავთ არჩეული? იქნებ სხვისი გავლენის ქვეშ ხართ და  გსურთ მათ გავდეთ? იქნებ საკმარისად კარგად არ იცნობთ საკუთარ თავს? ან იქნებ უბრალოდ ინტერესთა წრის გაფართოება გესაჭიროებათ? – ამ კითხვებზე პასუხის პოვნა მნიშვნელოვნად გააფართოებს ჩაკეტილობისგან თავის დასაღწევ კარს.

სწავლა – დიახ, სწავლა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ თქვენთვის საუკეთესო ადამიანების წრე იპოვოთ. აქ არ ვგულისხმობთ განათლებას, არამედ ბიჰევიურისტულ შესწავლას იმ საზოგადოების, რომლის გარშემოც გიწევთ თანაცხოვრება. ეს პროცესი დაგეხმარებათ ისეთი საჭირო უნარების სწავლაში, როგორიცაა კომუნიკაციის წარმოება, საინტერესო დიალოგებში ჩართულობა, სიტყვით გამოსვლაც კი.

საკუთარი თავის უკეთ შეცნობა და დაფასება – იცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ყოველდღიურ, არამედ პირად და კარიერულ ცხოვრებაშიც კი. ერთ-ერთი მიზეზი რაც ჩაკეტილობასა და შფოთვას იწვევს, სწორედ არასრულფასოვნების განცდაა. იმისთვის, რომ საკუთარი თავი მეტად შეიყვაროთ და დააფასოთ, აუცილებელია თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობით დაკავდეთ. ჩაიცვათ ისე, როგორც მოგწონთ თქვენ და არა სხვებს. ისაუბროთ ისე, როგორც ეს ბუნებრივად გამოგდით და რაც მთავარია, საკუთარი თავი ხშირად გაანებივროთ კომპლიმენტებითა და წამქეზებელი ფრაზებით.

დაიწყეთ მცირედით – ნუ იფიქრებთ, რომ ჩაკეტილობიდან ღიაობამდე ერთი ნაბიჯია. პირიქით, ეს ძალიან რთული და გრძელი პროცესია, რომელსაც სწორი მიდგომა სჭირდება. მაგალითად, ხშირად ადამიანებს ურჩევენ ეწვიონ სხვადასხვა ლიტერატურულ, კინო, სპორტულ წრეებს (ინტერესის მიხედვით), ეძიონ მათი საერთო ინტერესების მქონე ადამიანები და ნელნელა დაუახლოვდნენ მათ.

წერეთ საკუთარ თავზე – წერა ძალიან კარგი თერაპიაა, რომელმაც საკუთარი თავი შესაძლოა სულ სხვა კუთხითა და სიღრმით დაგანახოთ. ასე რომ, აუცილებლად სცადეთ.

ამ რჩევების გათვალისწინებამ შესაძლოა თქვენზე დადებითად იმოქმედოს და სწორად დაგანახოთ პრობლემა, თუმცა მაქსიმალური შედეგისთვის ჩვენი რეკომენდაციაა ეწვიოთ პროფესიონალს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.