fbpx

რა გვაქვს საერთო? თბილისის მე-2 არქიტექტურული ბიენალე


გააზიარე სტატია

ავტორი: დათო კოროშინაძე

27 ოქტომბერს თბილისის მეორე არქიტექტურული ბიენალე გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილია ფიზიკური და ვირტუალური პროგრამები. ბიენალეს წლევანდელი კითხვა – „რა გვაქვს საერთო?“ – როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გალერეებს, ინსტიტუტებს, ჯგუფებს და კურატორებს ქალაქში საერთოობის ფენომენის გარშემო აერთიანებს. წარმოდგენილია რამდენიმე ფართომასშტაბიანი გამოფენა, რომლებშიც შეინიშნება გაზრდილი ინტერესი საჯარო სივრცეების და არქივების მიმართ. 

თიბისის განახლებულ სივრცეში, „კონცეპტში“, ირინა ქურთიშვილის კურატორებით, გამოფენა „მარჯანიშვილის უბანი“ გაიხსნა, რომელიც ამ ტერიტორიის ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ გარდაქმნებზე გვიყვება. გამოფენას თან დაერთო ტურიც, რომელსაც  კურატორი თავად უძღვებოდა. პროექტის ფარგლებში არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს ვხვდებით, ისინი მე-19 და მე-20 საუკუნეების თბილისის ისტორიას გვიყვებიან.

პირველ რიგში, ეს არის თავად „თიბისი კონცეპტის“ შენობა და მისი ისტორიული ტრანსფორმაციები, ოფიცერთა ეკონომიკური სახლიდან (1913) თანამედროვე სახემდე. აღსანიშნავია გერმანული კოლონიის, „ნოი ტიფლისის“ შესახებ თავმოყრილი ცნობები, მათ შორის მასალები თბილისის ორი წამყვანი არქიტექტორის – ლეოპოლდ ბილფელდის და ოტო იაკობ სიმონსონის მიერ დაპროექტებული ლუთერანული ეკლესიის, „კირკეს“ (1894) შესახებ, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს გაანადგურეს. პროექტი მოიცავს მარჯანიშვილის მეტროს არქივებსაც, თბილქალაქპროექტის შენობას და სხვა ბევრ საინტერესო დოკუმენტს, რომელიც 1980-იან წლებში მარჯანიშვილის რეკონსტრუქციას მოიაზრებდა. მთლიანობაში, ვხედავთ, თუ როგორ გამოიცვალა უბნის კონტექსტი მე-19 საუკუნის ბოლოდან უახლეს პერიოდამდე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ქალაქის ისტორიაში საკუთარი იდენტობა კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ.

თანამედროვე ურბანულ ცვლილებებს  უამრავი  ინფორმაცია სჭირდება, რომლებიც სივრცის და მასთან ურთიერთობის პრობლემატიკას აღწერენ. ამ კუთხით, დიდ როლს თამაშობს W2KSHOP კოლექტივის მიერ გალერეა „მაუდიში“ მოწყობილი გამოფენა „სივრცული წარმონაქმნები“. 

პროექტი რვა დასახლებული პუნქტის გარდაქმნის ისტორიას მოიცავს, რომელშიც საცხოვრებელ გარემოსთან სხვადასხვა სოციალური ფენების ურთიერთობაა ასახული. ცალკეულ შემთხვევაში ეს სივრცე კულტურული მნიშვნელობის ძეგლსაც წარმოადგენს. მთლიანობაში, გამოფენა იმ უხილავ პროცესებს ამჟღავნებს, რომლებიც თბილისში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობენ, განსაკუთრებით კი 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 

შიდა მიგრაციამ, ეკონომიკურმა ცვლილებებმა, ისტორიის გათიშულობამ და რიგ შემთხვევებში გაურკვეველმა კანონებმა შექმნეს დამოუკიდებელი პრაქტიკები, რომლებშიც მცხოვრებლები საკუთარი ინიციატივით გარდაქმნიან სივრცეს. „სივრცული წარმონაქმნები“ იმაზეც მიგვანიშნებს, თუ როგორ შეიძლება ქალაქში არსებულ ველურ პირობებში უხილავი სოციალური პრობლემების წინ წამოწევა, მათი რეპრეზენტაცია და სამომავლო ანალიტიკური სამუშაოებისთვის მომზადება.

ბიენალეს კიდევ ერთ ფოკუსს პროექტი Dicho წარმოადგენს, რომელიც რუსთაველის 52 ნომერშია მოთავსებული. ის არალოკალური, ნეიტრალური სივრცეა, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით, პანდემიის პირობებში, ყოველდღიურობის პრობლემას განიხილავს. Dicho ცდილობს გააანალიზოს ვირტუალურ სივრცეში გამოკეტილი ჩვენი პირადი ცხოვრება. სოციალური სივრცე, რომელიც სრულიად გაუდაბურდა, ყოველდღიურად იჭრება ჩვენს საცხოვრებელ ბინაში, თავის მხრივ, ჩვენც მის მონახულებას მხოლოდ ქსელების საშუალებით ვახერხებთ. ეს სიცარიელე, რომელიც რეალობისგან რჩება კომუნიკაციის ტრადიციული სფეროდან, ადამიანის გაუცხოებას იწვევს, პრობლემები, რომლებსაც ის წარმოშობს, ჯერ კიდევ დაუდგენელი და ბუნდოვანია ჩვენთვის.

Dicho-ს მახლობლად, რუსთაველის მეტროს სახურავზე, კიდევ ერთ პროექტს ვხვდებით – ნამუშევარი „ჩემს სათამაშო მოედანზე ვიღაცაა, მაგრამ ეს მე არ ვარ“ მწვავე სოციალურ მესიჯს ატარებს, რომელიც საჯარო სივრცის პრივატიზაციას ეხება. 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე თბილისის სივრცე დანაწევრდა და გაიყიდა. ველური პრივატიზაციის პირობებში საჯარო სივრცე იმდენად დავიწროვდა, რომ ზოგჯერ პარკი, ტროტუარი და სხვა ტიპის თავშეყრის ადგილები კერძო საკუთრებაა. პროექტი კითხვას უსვამს ამ გარემოებას მეტროს ტერასაზე სათამაშო მოედნის განთავსებით, რომელიც არ არის ფუნქციური. ამავდროულად, ეს სივრცე, სრულიად ირონიულად, პრივატიზირებულია. ჩვენ ვხედავთ საჯარო სივრცის ნიშნებს, რომელთა გამოყენებაც არ შეგვიძლია. ეს ესთეტიკური მომენტი ორაზროვნებას წარმოშობს. მართლაც, ვის ეკუთვნის ქალაქი, სად არის საჯაროობის ელემენტი, თუკი საჯარო ინფრასტრუქტურაც კერძო მიწაზეა მოთავსებული?

თბილისის გამქრალი ზონები არანაკლებ ინტერესს იწვევენ,  ვიდრე ცნობილი ადგილები. მათ შორის არსენალის მთა, სადაც თავდაპირველად რუსეთის სამხედრო ბაზა იყო განლაგებულო. ეს ადგილი გაველურდა, დაზიანდა და ნარჩენებით გაივსო. Isthmus Group-ი არსენალის მთის ისტორიას იკვლევს და მისი მომავლის ალტერნატივას გვიხატავს. ყველა ასეთი ზონა თბილისის მწვანე რეზერვუარია, რომელიც საჯაროობის დიდ პოტენციალს მოიცავს. ეს ის ადგილებია, რომლებშიც ჯერ კიდევ არ აღმოგვიჩენია ერთმანეთი, რომლებიც საერთოობის უხილავ და ჯერაც ბუნდოვან ელემენტებს მალავენ. მათი იდენტიფიცირება, კვლევა და განჭვრეტა გადამწყვეტია არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ კულტურული და პოლიტიკური კუთხითაც. ველური ურბანიზაციით დამძიმებული ქალაქი გაქცევას სწორედ ასეთ სივრცეებში თუ შეძლებს. თუკი ცენტრი უხეში კერძო ინიციატივით ივსება, რატომ არ შეიძლება ეს სივრცეები თავისუფალ ზონებად ვაქციოთ? რა თქმა უნდა, მთავარ პრობლემას ისევ გასხვისება წარმოშობს და სივრცის მომავალიც პირდაპირ არის დამოკიდებული მის მფლობელზე. მიუხედავად ამისა, ყველა ასეთი პროექტი და ინიციატივა ზრდის საჯაროობის პოტენციალს, ქალაქის რეზერვუარების გადარჩენის შესაძლებლობას.

თბილისის მეორე არქიტექტურულმა ბიენალემ, გარკვეულწილად, გადაიტანა აქცენტი არქიტექტურიდან სივრცეზე. ეს ცვლილება, თავის მხრივ, ქალაქში მიმდინარე ორგანულმა პროცესებმაც განაპირობეს. ბოლო ათ წელიწადში გაიზარდა ურბანული მოძრაობა, რამაც ქალაქის კრიზისული კერები კიდევ უფრო ნათლად გამოაჩინა. ველური კომერციალიზაცია, პრივატიზაცია, კერძო ინიციატივებით და გადაწყვეტილებით აგებული სამშენებლო პროექტები, ბარბაროსული ურბანული განაშენიანებები ცდებიან ყველანაირ ლოგიკას და ესთეტიკას. ახალგაზრდა სოციალურ მოძრაობებს არ გააჩნიათ საკმარისი ენერგია, რომ სივრცეზე კვალი დატოვონ. ჩვენი ტრადიციული ღირებულებები კი ვეღარ უძლებენ აჩქარებულ ტემპს და მომძლავრებულ დინამიკას. შედეგად, საკითხი ისმის არა ქალაქის გეგმარებაზე, ან არქიტექტურულ ექსპერიმენტებზე (რისგანაც ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ), არამედ უშუალოდ სივრცის დაკავებაზე, პარაზიტულ კერებზე, გაურკვევლობაზე, რომლითაც შეფუთულია ქალაქში მიმდინარე ურბანული პროცესები, ისტორიაზე, რომელიც გამქრალი და გაუჩინარებულია არსებული პრობლემების მიღმა.

კიდევ ერთი, რაზეც TAB მუდმივად რეაგირებს თანამედროვე მსოფლმხედველობაში, ფუნდამენტური ცვლილებებია. იქ, სადაც ტრადიციულად იდეა და შემოქმედებითი პოტენციალი მოიაზრებოდა, ახლა ასლები და კოდები გვხვდებიან. ვირტუალური სამყარო იდეების საერთო ველიდან ციფრულ ველამდე დავიწროვდა. მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი, სხვადასხვა ტიპის კვლევები, აუარებელი ჯგუფური სამუშაო პროექტირების წინაპირობა ხდება. ამ პროცესში ნებისმიერი ინოვაცია ჯერ საკუთარ ისტორიას ქმნის და შემდეგ ფრთხილად ცდილობს თანამედროვეობაში მის რეალიზაციას. ამისათვის კი, არც მეტი, არც ნაკლები, საჭიროა ქალაქის და მისი დაფარული დეტალების ინფორმაციად გარდაქმნა. რა თქმა უნდა, ნათელია, რომ ფიზიკური სივრცის პარალელურად, საუბარია საინფორმაციო სივრცის დაკავებაზეც, მის გასაჯაროებაზე, რაშიც ბიენალესთან ერთად, დიდი წვლილი შეაქვს ბოლო პერიოდის კულტურულ ღონისძიებებს.

როდესაც სანიმუშო ბაზებს ვქმნით, ისეთს, როგორიც ბიენალეს „ციფრული კორპუსია“, ამავდროულად, საინფორმაციო სივრცის დაკავებასაც ვცდილობთ. თბილისის დოკუმენტაცია, მისი ციფრული აღრიცხვა და სიმულაცია ჯერ კიდევ პირველ ბიენალეში ინტენსიურად იყო მოცემული. ჩვენი ისტორიის და გამოცდილების კატალოგიზირებას ის დატვირთვაც აქვს, რომ სამომავლო იდეების, ქალაქის მშენებლობის და საინფორმაციო გახსნილობის პროცესებში შეაქვს წვლილი. მომავალში სწორედ ანალოგიური სივრცეები იქნებიან შემოქმედებითი პალიტრები, სოციალური და ურბანული ცვლილებების აგენტები – ციფრული არქივები, რომლებიც სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილები ხდებიან. ყველა ამ მოვლენის სწორად წაკითხვა და გააზრება მოგვცემს შანსს თანამედროვე სამყაროში დროული და აქტუალური გზავნილები გავაჟღეროთ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.