fbpx

t1000a – ახალგაზრდა ხელოვანების ახალი ბრენდი საინტერესო კონცეფციით


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინი დარჩია

ფოტო: დავით ჭალიძე, ათუ გელოვანი

 

At.ge წარმოგიდგენთ  ქართული ტანსაცმლის ახალ ბრენდს – t1000a-ს, რომელიც  ახალგაზრდა არტისტებმა – ათუ გელოვანმა და თინა სირაძემ შექმნეს.

მე ვარ ათუ გელოვანი. უკვე 4 წელია ვცხოვრობ გერმანიაში. ამჟამად ჰამბურგში  ვსწავლობ პროდუქტის დიზაინს. მანამდე თბილისში, სამხატვრო აკადემიაში, დავამთავრე არქიტექტურის ფაკულტეტი.  ასევე მაქვს სამკაულის ბრენდი – READYMADE

მე ვარ თინა სირაძე.  4 წელია მეც გერმანიაში ვცხოვრობ, სადაც მე და ათუ ერთი კვირის განსხვავებით, თითქმის  ერთდროულად გადავედით საცხოვრებლად და ვსწავლობ ბერლინში, Weissensee Kunsthochschule Berlin-ში, სკულპტურის ფაკულტეტზე. 

სწავლის პარალელურად ჩართული ვარ სხვადასხვა საქმიანობაში. მე და ათუს ყოველთვის გვინდოდა ტანსაცმლის შექმნა  ერთობლივად, ძალიან გვიყვარს ერთად მუშაობა და ყველაფერს ერთად ვაკეთებთ ხოლმე. ტანსაცმლის შექმნას  სულ სამომავლოდ ვდებდით ხოლმე  და ახლა ისეთი პერიოდი დაემთხვა, რომ 6 თვე თბილისში გავატარეთ და გადავწყვიტეთ, აგვესრულებინა  ჩვენი დიდი ხნის ჩანაფიქრი. 

თან ეს არ იყო ჩვენი პირველი თანამშრომლობა, მე და ათუმ ერთმანეთი მაშინ  გავიცანით, როცა 13-14 წლისანი  ვიყავით და სულ წიგნებს ვუცვლიდით ხოლმე ერთმანეთს, ჩემთვის ეგ არის ჩვენი პირველი კოლაბორაცია, ასევე ერთად ვმონაწილეობდით სხვადასხვა “ოფენ-ქოლებში”, ზოგი გამოდიოდა და ზოგი არა. ერთად  გავაკეთეთ  სანათის პროექტიც, ასევე  დიზაინური ობიექტი.  ათუს სამკაულის ბრენდის გადაღებებზე მე ვაკეთებდი ხოლმე “სთაილინგს” და ა.შ. და მიუხედავად იმისა, რომ t1000a ძალიან ჩქარა  გაკეთდა,  გვინდა, რომ  სულ გავაგრძელოთ.

 

მოგვიყევით ბრენდის სახელწოდებაზე

 T და A ჩვენი სახელების ინიციალებია, რაც შეეხება 1000-ს, ერთხელ მე და ათუ, როცა ბერლინში ახალი ჩასულები ვიყავით, ვსეირნობდით და შეგვხვდა რაღაც კონცეპტუალური მაღაზია, რომელიც ძალიან მოგვეწონა და სახელწოდება ჰქონდა მხოლოდ  რიცხვებით. მაღაზიიდან რომ გამოვედით,  ორივემ პირველ რიგში ის აღვნიშნეთ,  რომ რა მაგარი იყო ბრენდის სახელწოდებაში რიცხვები. 1000 – ვფიქრობთ, რომ კარგად ჩაჯდა, კონცეპტუალური დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ვხუმრობდით, რომ მოდი, 1000 ლუქი გავაკეთოთ-თქო. 

გვესაუბრეთ ბრენდის კონცეფციაზე

ბრენდის, t1000a-ს მთავარი კონცეფცია  ისაა, რომ მთელი კოლექცია ნაპოვნი ტანსაცმლისგან შედგება. თითქმის ყველაფერი გადაკეთებულია, მაგალითად, მაისურის სახელო  შარვლისგანაა და ა.შ.

ამ ჩამოსვლაზე ჩვენი მეგობრების დახმარებით ბევრი ვიარეთ ადგილებში, სადაც მანამდე ნამყოფები არ ვიყავით, აღმოვაჩინეთ  ძალიან საინტერესო მეორადი მაღაზიები და დავიწყეთ ტანსაცმლის შეგროვება. მეც და ათუც, ისედაც უმეტეს შემთხვევაში მეორადებში ვყიდულობთ ტანსაცმელს –  ვცდილობთ,  fast fashion-ს ხელი არ შევუწყოთ. იმის გამო, რომ  როგორც ბრენდს გვაქვს სრული თავისუფლება –  შეგვიძლია, რაც გვინდა ის ვაკეთოთ და თან, რადგან ჩვენი ბრენდი კომერციული არ არის და უფრო ექსპერიმენტულია და შესაბამისად, ყველაფერი ერთი ცალი (unique piece), გვაქვს ფუფუნება, რომ თუნდაც ეკოლოგიაზე ვიზრუნოთ.

ამ ეტაპზე სად შეიძლება t1000a-ს ყიდვა და რამდენად ხელმისაწვდომია?

ამ ეტაპზე t1000a შეგიძლიათ თბილისში, Chaos Concept Store-ში შეიძინოთ, ასევე შესაძლებელია ონლაინ – ჩვენი ინსტაგრამგვერდის მეშვეობით. რაც შეეხება ფასებს, ვფიქრობთ, ბრენდს აქვს ნორმალური ფასი, მით უმეტეს, რომ მთელი კოლექცია შედგება უნიკალური ნივთებისგან, რომლებიც ერთადერთია და მეტჯერ არ განმეორდება.

თქვენს წარმოდგენაში როგორია თქვენი ბრენდი, როგორ გააცნობდით მას ადამიანებს?

პირველ რიგში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,  t1000a უნისექსია და ყოველთვის შევეცდებით ყველა ფოტოსესიაში და ლუქბუქში ჩანდეს ეს. 

ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, კაბა იქნება თუ პერანგი, გათვლილია როგორც ბიჭზე, ასევე გოგოზე. ასევე მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ ფორმები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ ჩვენი გახდა და ბრენდის ხასიათს მომავალშიც გაუსვამს ხაზს. კონცეფციის ნაწილი გახდა ისიც, რომ “პირიმზეში” აღმოვაჩინეთ საოცარი ქალი, რომელმაც შეგვიკერა პირველი კოლექცია და გვინდა სულ  მასთან ვიმუშაოთ.

ჩვენი მკერავი ასევე მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ მთელი კოლექცია ესკიზების გარეშე შეგვიკერა და ფაქტობრივად,  უსიტყვოდ ესმოდა ჩვენი.

იყო რამე პირველ კოლექციაში, რაც გინდოდათ, მაგრამ ვერ გააკეთეთ?

ძალიან გვწყდება გული, რომ პირველი კოლექციისთვის ვერ გავაკეთეთ ფეხსაცმელი, დროის უქონლობის გამო, თუმცა მომავალში აუცილებლად გავაკეთებთ.

 

თინა, ათუ, თქვენს ბრენდში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ერთიანდება: ის, რომ უნისექსია, ასევე body positive-სკენ მიმართული კოლექციაა, გარდა ვიზუალისა და უბრალოდ მოდური სამოსისა, ძალიან მნიშვნელოვანი სოციალურ მესიჯებსაც აგზავნით  t1000a-ს მეშვეობით. რა მოლოდინი გაქვთ,  როგორ მიიღებს და გაიგებს მას ქართული საზოგადოება? 

უპირველესად,  გაცნობიერებული გვაქვს, რომ მესიჯები, რომელსაც ბრენდი ატარებს, ძალიან მნიშვნელოვანია და გვინდა, რომ ეს მესიჯები ყოველთვის იყოს t1000a-ს მთავარი ღირებულება. ვაპირებთ, რომ ყველაზე მეტი თბილისში ვიმუშაოთ და პრეზენტაციაც შესაბამისი გავუკეთოთ ხოლმე – ცოტა ხმაურიანი, შეიძლება ეპატაჟურიც. 

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბრენდს კომერციული დატვირთვაც ჰქონდეს და ბევრ ადამიანს მოეწონოს, გვინდა მთავარი “სტეიტმენტის” თქმა მოვახერხოთ და ეს ყველაფერი ვიწრო წრეს გასცდეს.

რაც შეეხება უნისექს ბრენდს, ძალიან რთულია საქართველოში ამ კონცეფციით სწორად დაიცვა ზღვარი, რადგან მოდელის პოვნა ცალკე რთული საკითხია და რეალურად, ვინც ფოტოსესიაზე გთანხმდება,  მას,  გარკვეულწილად, ინტერნეტთავდასხმისთვის ამზადებ, რაც, ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და სანერვიულო საკითხია. 

თუმცა მთავარი ის არის, რომ ამ ყველაფრის გამო უკან არ დავიხევთ და ჩვენს სათქმელს ბოლომდე ვიტყვით, თუმცა აუცილებლად გავითვალისწინებთ უსაფრთხოების ნორმებსაც, რაც, სამწუხაროდ, აქ ისევ გასათვალისწინებელია.

თუ გიფიქრიათ ადამიანზე, რომელსაც ყველაზე მეტად მოუხდება t1000a ან ძალიან გაგიხარდებათ, თუ ვინმე კონკრეტული ადამიანი ჩაიცვამს  თქვენს ტანსაცმელს?

ალბათ, პირველ რიგში, მეგობრები. მათ შორის – ნატატა, ვინც იყო ჩვენი პირველი კოლექციის მოდელი და არარეალურად უხდებოდა ყველა ლუქი. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი ბევრი საყვარელი არტისტისგან გამიხარდებოდა feedback. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მკერავის შეფასებაც, რომელსაც ჩვენს კოლექციაში ყველაზე მეტად სტაფილოსფერი პერანგი მოსწონს.

რა იქნება, თქვენი აზრით, t1000a-ს ყველაზე დიდი წარმატება და რა არის თქვენი მიზანი?

ალბათ ის, რომ ყველა ჩვენი პროტესტი და სოციალური კონტექსტი გახდეს რეფლექსიის წყარო. 

დაბოლოს, თქვენ თვითონ რამდენად ხართ t1000a-ს მომხმარებელი?

კი, რა თქმა უნდა ჩვენ ვართ ჩვენი ბრენდის პირველი მომხმარებელი. ალბათ შენ თუ არ მოგწონს რასაც აკეთებ,საინტერესოს და პროცესში შენთვის აღმაფრთოვანებელს ვერაფერს შექმნი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.