კრებული – კონცეპტუალური საოჯახო სასტუმრო ყაზბეგში, რომელიც დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ
მაშინ, როდესაც ქალაქური ცხოვრება გვღლის და ერთი სული გვაქვს ისეთ ადგილზე აღმოვჩნდეთ, სადაც თავისუფლად სუნთქვას, განტვირთვას და ყოველდღიური რუტინის დავიწყებას შევძლებთ, მთაში მოგზაურობა საუკეთესო გამოსავალია. საქართველო რომ ულამაზესი სამთო კურორტებით არის დაჯილდოვებული, ამის მოყოლას არ დავიწყებთ. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ყაზბეგია – ადგილი, სადაც ცა და დედამიწა თითქოს ერთმანეთს ერწყმის. ზამთარში თუ ზაფხულში, აქ გატარებული დრო დაუვიწყარი და მომაჯადოვებელია.
ახლა კი, როცა უკვე ზამთარი კარზე გვიკაკუნებს, გადავწყვიტეთ ერთი კოხტა და მყუდრო სასტუმრო, კრებული გაგაცნოთ. სასტუმროს მშენებლობა 2019 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, 2020 წლის ივლისში გაიხსნა.
“ჩვენს ოჯახში ყველას ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, საინტერესო ქვეყნების და ქალაქების მონახულება, კულტურული ღირშესანიშნაობების დათვალიერება, ეგზოტიკური ადგილების აღმოჩენა, უცხო კერძების დაგემოვნება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი პირადი გამოცდილებებით დაგროვილი ცოდნით, გაგვეკეთებინა ისეთი სასტუმრო, რომელსაც ექნებოდა თავისი ხელწერა და, ამავდროულად, იქნებოდა დამსვენებელზე ორიენტირებული”, – ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი თამარ თოფურიძე.
სასტუმრო მდებარეობს დაბა სტეფანწმინდაში. Krebuli არის ბუტიკური სტილის, კონცეპტუალური სასტუმრო, რომელიც ორიენტირებულია სტუმრის კომფორტზე. სასტუმროს მიზანია, დამსვენებელს შეუქმნას სასიამოვნო, მყუდრო და უსაფრთხო გარემო. კრებულის თითოეული ოთახის კედელს ქართველი ახალგაზრდა ხელოვანები ხატავენ. ეს გადაწყვეტილება ეხმიანება სასტუმროს კონცეფციას, რაც გულისხმობს ახალგზარდა არტისტების ნიმუშების ერთგვარი, არატრადიციული ფორმით გამოფენასა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას.
სასტუმროს ეზოში მდებარეობს კაფეტერია, რომელიც სტუმარს სთავაზობს ჯანსაღ და გემრიელ კერძებს. კერძები მზადდება ადგილობრივი ინგრედიენტებით, ჯანსაღი პროდუქტით, სეზონური, ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით. ასევე, სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული, მცირე წარმოების ალკოჰოლური სასმელები, რომლის გასინჯვაც საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე ადგილას არის შესაძლებელი.
“მრავალფეროვანი, აქტიური დასვენების მოყვარულებს ვთავაზობთ ტურებს ადგილობრივი ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად, პარაპლანით ფრენას და ცხენით ჯირითს. ზამთარში, როგორც კი სათხილამურო ზონები გაიხსნება, თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის გვექნება მინივენის მომსახურება კობის საბაგირომდე და უკან”, – ამბობს თამარი.
თამარი გვიყვება, რომ სასტუმროს დამსვენებელი მათთვის არის სტუმარი, რომელიც მათთან მიდის სახლში, ამიტომ ცდილობენ, მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი და ისიამოვნონ.
“ეს განწყობა გვეხმარება, ყოველთვის სათანადოდ მომზადებულები დავხვდეთ მათ, გავითვალისწინოთ მათი რჩევები და ვიზრუნოთ მომსახურების ხარისხზე”, – გვითხრა მან.
სასტუმრო კრებულში ადგილის დასაჯავშნად შეგიძლიათ მიწეროთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.










