fbpx

„ბიძოს ბლუზი“ მზისა და ვარდების ქალაქისთვის


გააზიარე სტატია



ავტორი: დავით ბუხრიკიძე

 

„ამჯერად ვსაუბრობ ადამიანზე, რომელიც ღმერთს შენობით მიმართავს და baby-ს ეძახის. ამ ადამიანმა განსაზღვრა თანამედროვე მუსიკის განვითარების გზები. 50 წლის განმავლობაში ჩაწერა 600-ზე მეტი სიმღერა. მისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომია ჯაზი, როკ-ენ-როლი, პოპი, ქანთრი და რიტმ-ენ-ბლუზი. მან დაამტკიცა, რომ მუსიკა ენაა, რომლითაც ღმერთი ადამიანებს ელაპარაკება. მოდი და ამის მერე დაიჯერე, რომ რეი ჩარლზი თბილისში ჩამოდის…” 

ეს არის ფრაგმენტი ჟურნალისტისა და როკმუსიკის კრიტიკოსის, ბიძინა მაყაშვილის სტატიიდან, რომელიც 1996 წლის აგვისტოს ბოლოს გაზეთ „7 დღეში“ დაიბეჭდა. მაშინ მეც იქ ვმუშაობდი და კარგად მახსოვს ზაფხულის ხვატში გახვეული ის შოკი და მოლოდინიც, ვიდრე შავსათვალიანი ლეგენდა „ღმერთთან მუსიკის ენაზე“ საუბარს დაიწყებდა. 

ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ… გასაგებია, რომ ვნებები და 

შეგრძნებები დაცხრა, თუმცა მოგონებები არ გახუნებულა. დღეს ისინი შეგვიძლია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემულ  წიგნში – „ბლუზი მტკვრის პირას ანუ მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში“ – ამოვიკითხოთ. 

 

 

„ბიძო“, ან „თავადი მაყაშვილი“, როგორც ჩვენ მას რედაქციაში ვეძახდით, დღეს თავად მიყვება ამ წიგნის შექმნის შესახებ, რომლის „ჰარდ“ თუ „ლაით“ ისტორიებში მაინც ჩაგესმით სახიჩარი საბჭოთა წარსული. საკმარისია მხოლოდ გადაფურცლოთ, ან ადგილ-ადგილ გადაიკითხოთ წიგნი, რომ მაშინვე თვალში მოგხვდებათ ავტორის ლაღი და საფირმო შავი იუმორი; სრულიად გამორჩეული, ლაკონიური და ყოველგვარ გაპრანჭულობას მოკლებული თხრობის მანერა;  მოკლე, ზუსტი და უბრალო წინადადებები, რომელიც ძალიან მსუბუქად იკითხება და რომელშიც მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან მოყოლებული, ლამის მთელი მუსიკალური მიმდინარეობებია ჩატეული.

 

 

ბიძო, როგორ მოხვდი “7 დღეში“ და როგორ დაიწყე როკ-მუსიკის შესახებ წერა?

1992 წლის გაზაფხულზე, როცა ქვეყნის ცხელი პოლიტიკური ამბები ასე თუ ისე დაცხრა, ჟურნალისტებმა ზვიად ქორიძემ და ხათუნა მაისაშვილმა (გაზეთ „7 დღის“ დამფუძნებლები – დ.ბ.) დამიძახეს და მთხოვეს, გაზეთში მუსიკის შესახებ რუბრიკა გამეკეთებინა. ხათუნას მანამდეც ვიცნობდი და მანაც იცოდა, რომ როკი და განსაკუთრებით ბრიტანული მუსიკა მიყვარდა. თავიდან ცოტა ვყოყმანობდი, მეგონა, გაზეთი „7 დღე“ ამის გარეშეც კარგი იყო, მაგრამ პირველივე წერილების მერე, ასე ვთქვათ, გავხურდი და თანაც მაშინ თანამედროვე მუსიკის შესახებ ცოტა რამ იწერებოდა. წამეხმარა ჟურნალები, რომლებიც მაშინ გამოდიოდა, გაზეთები, რადიო, ტელევიზია. ინფორმაცია მწირი და გაფილტრული იყო, თუმცა ბრიტანულ პრესას მეგობრები მაინც მაწვდიდნენ ხოლმე…

 

 

წერის შენეული, ცოტა მსუბუქი სტილი და ბრიტანული იუმორიც ამის შედეგი ხომ არ არის?

ცოტა ხოო, თუმცა ჩემი პატარა საიდუმლობებიც მქონდა. ზოგი სხვათა შორის, ამ სტილს ვერ იგებდა და ან არ ესმოდა და მეუბნებოდა, ამდენს რატო ღადაობო…არადა, მაშინ ბევრი ახალი და ჩვენი მკითხველისთვის უცნობი ინფორმაცია იწერებოდა მუსიკის შესახებ. 

 

მახსოვს შენი წერილები ბაჩი ქიტიაშვილზე, ირაკლი ჩარკვიანზე, ლადო ბურდულზე… რამდენადაც ძნელი იყო მაშინ ინფორმაციის მოძიება, იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი წასაკითხად.

 ეს მართლა ბევრ რამეს ნიშნავდა. არა მხოლოდ ქართული მუსიკის შესახებ წერა (როგორებიც იყვნენ ჯგუფები – „ბლიცი“, „კონტრასტი“ ან „ბერმუხა“), არამედ 60-70-იანი წლების მსოფლიო მუსიკის შეხსენებაც. მაგალითად, „ბიტლზი“, „როლინგ სტოუნზი“, „ყვავილების თაობის“ ამბოხი, როკის მნიშვნელობა და გავლენა, ბლუზისა და ჯაზის სურნელი… ასევე, 90-იანი წლების რთული და უკვე მრავალ ჟანრებად დანაწევრებული მუსიკაც შეიძლება გავიხსენოთ. ბევრი რამ, რასაც ახლა ყურადღებასაც არ ვაქცევთ, მაშინ მნიშვნელოვანი და ინფორმაციულად ფასეული იყო. ეს ინტერნეტის ეპოქაში გახდა ყველაფერი იოლად მისაღწევი და მოსასმენი.

 

„ბლუზი და როკი სამყაროში დიდი ხმაურით შემოიჭრა და მსოფლიოში არ დარჩენილა ადგილი, სადაც მას თავისებური გავლენა არ მოუხდენია. გამონაკლისი არც საბჭოთა კავშირი იყო – რკინის ფარდის მიღმა არსებულ სივრცეში როკ-მუსიკას ნამდვილი შოკის ეფექტი ჰქონდა. მუსიკას, რომელიც ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა და რომელსაც შეზღუდვით დაინტერესებული ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, ორმაგი ინტერესით ელტვოდნენ საბჭოთა ახალგაზრდები, შემდგომ კი უკვე – დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები“… – ეს ფრაგმენტიც შენი წიგნიდანაა… რამეს ხომ არ დაუმატებდი?

ჰო, გლობალური ფრაგმენტი მოგიძებნია…საბჭოთა სისტემის შეცვლის მერე ბევრი რამ გადავაფასეთ და ეს ბუნებრივია. ერთი რამ, რასაც დღევანდელი თაობა საბედნიეროდ ვერ გრძნობს, ესაა სწორედ აკრძალვა და შეზღუდვა, რომელიც ჩემი თაობისთვის მუდმივ ტრავმასავით აღიქმებოდა. 

ჩვენი მეხსიერება „რკინის ფარდის“ გამო ბევრ რამეს გაცილებით გამახვილებულად და მგრძნობიარედ აღიქვამდა. იქნებოდა ეს როკ-მუსიკა თუ ენდრიუ ლოიდ ვებერის რატომღაც აკრძალული მიუზიკლები. 80-იან წლებშიც იყო იშვიათი გამონათებები: მაგალითად, ევგენი მაჭავარიანის პოპულარული სატელევიზიო გადაცემა „ეს მუსიკაა“, გამოდიოდა რუსული ჟურნალი „რავესნიკი“, რომელშიც იბეჭდებოდა საინტერესო სტატიები თანამედროვე მუსიკაზე. 

თუმცა ბრიტანული პრესის ხელში ჩაგდება უკვე „პერესტროიკის“ მერე, სულ სხვა რამ იყო. იქიდანაც ბევრ რამეს ვიგებდი. ცოტა გვიან, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, თბილისში გაიხსნა „ბრიტანეთის საბჭო“ და ქალბატონ მაია ყიასაშვილის დამსახურებით ბრიტანულ პრესას თითქმის ყოველდღიურად ვეცნობოდი.

 

შენი წერის მანერა მსუბუქია, თითქოს შინაურული, სასაუბრო და უბრალოც. ამავე დროს, დახვეწილი და ინფორმაციული. თუ არის ეს ყველაფერი წიგნში შენარჩუნებული?

სრულად და თითქმის ბოლომდე. ეს მაინც „7 დღეში“ დაბეჭდილი მასალებია, რომელიც ქრონოლოგიური პრინციპით არის დალაგებული: 60-იანი წლებიდან მოყოლებული, მეოცე საუკუნის ბოლომდე. ეს გახსენებაცაა და ერთგვარი შეჯამებაც.  ცოტა მემუარულია, რეპორტაჟულიც. თუმცა კარგად მახსოვს ჩვენი გაზეთის მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური ამბებიც – ტერაქტი შევარდნაძეზე, მოქალაქეთა კავშირის დაარსება, მირიანაშვილისა და რეზო ამაშუკელის შავრაზმული სტატიები, „7 დღის“ დარბევა თუ სხვა… და ეს სოციალური თუ პოლიტიკური ფონი მაინც სულ გასდევს ჩემს ნაწერებს.

 

 

როგორ შეადარებდი დღევანდელ მედია-გარემოს და იმ დროს, როდესაც შენ წერდი?

დღეს ძალიან გაიოლდა წერა, რადგან ზოგჯერ ეპატაჟიც კი  საკმარისია, რომ საკუთარი ნააზრევი საჯარო გახადო. დაწერო ბლოგები, დაწერო ონლაინ, დაწერო სოციალურ ქსელებში… რეალურად აღარც გჭირდება მედია-პლატფორმა და რომელიმე გავლენიან გაზეთში ან ჟურნალში მუშაობა. თუ ნიჭიერი ხარ, ეგრევე შეგამჩნევენ და პოპულარული გახდები. ჩვენ დროს ეს გაცილებით რთული იყო, რადგან ავტორიტეტებისა და გავლენიანი მედიის დროში ვცხოვრობდით – პოლიტიკური და სოციალური ველით დაწყებული, მუსიკით დამთავრებული. 

დღეს ძალიან შეიცვალა წერის სტილი. რთულად ნააზრევსა და წერას მარტივად წასაკითხი ამბები და ინფორმაციული უნარები ჩაენაცვლა. საკუთარი სტილის მოძებნა აღარ გჭირდება და შეგიძლია ამის გარეშეც წერო. ბევრი რამ ძალიან გამარტივებულია და ეს კარგია, თუმცა ბევრი რამ ზედაპირული გახდა და ეს ალბათ, ინტერნეტის ეპოქის გარდაუვალი  სენია.

 

 

როგორ ფიქრობ, მკითხველი იოლად მოერევა შენს „მტკვრისპირა ბლუზს“?

მგონი, არ უნდა გაუჭირდეს და თანაც მუსიკაზე კითხვა მაინც სასიამოვნო რამაა და არაა ტვინისთვის ძალიან რთული და მავნე.

 

მაგალითად, კახა თოლორდავას წიგნი „გაუზავებლად“, რომელიც ასევე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა, ცოტა მძიმედ „მოსანელებელი“ აღმოჩნდა.

ალბათ იმიტომ, რომ წიგნი მაინც ჯაზის შესახებაა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგადაა დაწერილი, ცოტა სპეციფიკურია, რთული და უფრო ვიწრო წრეზეა გათვლილი. მაგრამ ვიმეორებ, შესანიშნავი წიგნია. ისევე როგორც, ზურაბ ქარუმიძის უფრო ენციკლოპედიური „ჯაზის ცხოვრება“.

 

რას იტყოდი დღეს ძალიან პოპულარულ, მოდურ ელექტრონულ მუსიკასა და მასთან დაკავშირებულ საკლუბო ცხოვრებაზე. არის ეს ახალი დროის შესატყვისი და ხარისხიანი მუსიკა? 

ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციით, ათასგვარი ფორმით გამდიდრებულ და ყველა ჟანრით გადატვირთულ მუსიკალურ გარემოში. ელექტრონული მუსიკაც ამ მრავალფეროვნების ნაწილია, რომელიც საკლუბო ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან სამყარო დღეს გახსნილია როგორც არასდროს და ყველა სიახლე თუ მუსიკალური მოდა მალევე შემოდის. 

ასეა თბილისში, რომელსაც „აღმოსავლეთ ევროპის ბერლინს“ უწოდებენ. ეს ძალიან კარგია, თუმცა ცოტა საფრთხილოც, რადგან ელექტრონული მუსიკა ზედმეტად მარტივი და ლამის ფუნქციურია. დღეს კომპოზიტორები იოლად წერენ ასეთ მუსიკას, რომელიც კლუბებში მალევე ხდება პოპულარული. საქართველოში არის კომპოზიტორი, რომელიც ძალიან კარგ, რთულ და ღრმა მუსიკას წერს ამ ჟანრში – გოგი ძოძუაშვილი.

 

დღეს ნაკლებად ხარ აქტიური, არც ფეისბუქზე იძებნები. რა ხდება, აღარ გაქვს წერის სურვილი?

ეჰ, ბუხრიკ, ამდენი რამეები რო ვიცოდე, ჩემთვისაც კარგია… ჯერ ერთი, ახალ წიგნს ჩავუჯექი, რომელიც უკვე 21-ე საუკუნის მუსიკის შესახებაა და რომელიც „ბლუზის“ ერთგვარი გაგრძელებაა, მეორეც – არ მაქვს სურვილი სოციალურ მედიაში და სმარტფონებში დრო და ენერგია დავხარჯო, მესამეც – უფრო ჩაღრმავებულ და მემუარულ ჟანრზე ვარ კონცენტრირებული და ამ ჟანრში ვაპირებ რამე დავწერო. თუმცა რა და როგორ, ჯერ არ ვიცი… ვიცი, რომ 21-ე საუკუნის მუსიკის შესახებ უნდა დავწერო და ამ ამბავში ჯერ უნდა წავივარჯიშო. ბევრი რამ ისევ პრესაში გამოქვეყნებული მასალებიდან იქნება, მაგალითად, გაზეთ „24 საათში“ დაბეჭდილი ჩემი სტატიებიდან.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.