fbpx

მედ სითი – სამედიცინო ქალაქი ინტერნეტ სივრცეში


გააზიარე სტატია

მაშინ, როცა პანდემიასთან ერთად გვიწევს ცხოვრება, მცირედი სიმპტომის გამოვლენაც კი გვაშინებს და უამრავ შეკითხვას გვიჩენს. ასეთ დროს სწორი და კომპეტენტური პასუხების მიღება ყველაზე მნიშვნელოვანია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ადამიანების რჩევები, ვინც ამა თუ იმ მიმართულების სპეციალისტები არიან, და ვისაც შემთხვევა, რომელსაც აღწერთ, საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი. სოციალურ ქსელში ბევრი სამედიცინო ჯგუფია შექმნილი, თუმცა მათ უმეტესობას აკლია ყველაზე მთავარი – პროფესიონალების ჩართულობა. არცთუ ისე დიდი ხანია, ეს დანაკლისი MED CITY / მედ სითის ფეისბუქ-ჯგუფმა შეავსო. ამ სივრცემ ძალიან მოკლე დროში ძალიან ბევრი მიმდევარი გაიჩინა და ჩვენც სწორედ ამით დაგვაინტერესა.

როგორც აღმოჩნდა, „მედ სითი“ ორმა თათამ შექმნა. თათა ცინცაძესა და თათა დვალიშვილს ეს იდეა მაშინ გაუჩნდათ, როცა მიხვდნენ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებს ყველაზე მეტად სწორი, კომპეტენტური და პროფესიონალური რჩევები ეკლდათ. იმასაც მიხვდნენ, რომ სამედიცინო ჯგუფისთვის აუცილებელი იყო განსხვავებული კონცეფცია, ხარისხი და სანდოობა, რაც არცთუ ისე მარტივი მისაღწევი აღმოჩნდა. ბევრი ფიქრის, მსჯელობის, გამოკითხვისა და მუშაობის შემდეგ, „მედ სითი“ შეიქმნა – დახურული ჯგუფი, რომელიც მის წევრებს უზიარებს უახლეს ინფორმაციას აქტუალური საკითხების, სამედიცინო ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ. თუმცა, მთავარი, რაც ამ სივრცეს სხვა უამრავი ჯგუფისგან გამოარჩევს, პროფესიონალი ექიმების უშუალო ჩართულობაა. ორმა თათამ მოახერხა და ჯგუფში გააერთიანა ლიცენზირებული სპეციალისტები, რომლებიც მომხმარებლების შეკითხვებს საკუთარი პროფილის მიხედვით პასუხობენ და მზად არიან, თითოეულ მათგანს უანგაროდ დაეხმარონ.

რაც ასევე მნიშვნელოვანია: ჯგუფში მომხმარებლები საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ, თუმცა ეს არასოდეს გულისხმობს რომელიმე კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების რეკლამას ან ანტირეკლამას, რადგან ამ სივრცეში ყველა ერთადერთი მიზნით – ერთმანეთის დასახმარებლად ერთიანდება. ამავდროულად, ჯგუფში მკაცრად კონტროლდება ინფორმაციის სისწორე, რადგან იქ მყოფი ყველა წევრი თანხმდება, რომ როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, თითოეული ფაქტის გადამოწმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მედ სითი“ არ არის ჯგუფი, სადაც ექიმებს ან ერთმანეთს აკრიტიკებენ. ეს არის ჯგუფი, სადაც პროფესიონალ ექიმებს იცნობენ, უსმენენ და ენდობიან. ეს არის ჯგუფი, რომელიც მომხმარებლებსა და სპეციალისტებს შორის აშენებულ ბარიერებს აქრობს და მათ ერთმანეთთან საჭიროების მიხედვით, დისტანციურად და უფასოდ აკავშირებს.

თუ დააკვირდებით, ჯგუფში ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ექიმი ერთიანდება. როგორც კი მომხმარებელი თავის შეკითხვას გამოაქვეყნებს, ორი თათა მაშინვე ტრიალდება და პოსტის ავტორს შესაბამისი პროფილის ექიმთან აკავშირებს. ეს კომუნიკაცია, საბოლოოდ, დისტანციური კონსულტაციის სახეს იღებს – ფაქტობრივად, სახლიდან გაუსვლელად მიდიხართ საუკეთესო კლინიკების საუკეთესო ექიმებთან და იღებთ პასუხებს, რომლებიც მდგომარეობის მართვაში, დამშვიდებასა თუ სასწრაფო ნაბიჯების გადადგმაში გეხმარებათ.

„ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც ექიმებსა და პაციენტებს ერთმანეთთან მისასვლელ გზებს უმარტივებს. აქ ექიმების მიზანმიმართული დისკრედიტაცია დაუშვებელია, რადგან ვცდილობთ, ყველას ვაჩვენოთ, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი, კომპეტენტური სპეციალისტი გყვავს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, ნებისმიერ ადამიანს უანგაროდ დაეხმარონ,“ – გვითხრეს ჯგუფის შემქმნელებმა, – „ჩვენთან არ დასტურდება სალანძღავი პოსტები. სამაგიეროდ, აქტიურად ვაზიარებთ დადებით სიახლეებს ექიმების წარმატებული ოპერაციების, მათი განსხვავებული მიდგომების, საინტერესო კვლევებისა და შედეგების შესახებ. ვცდილობთ, ცხოვრების ისედაც დაძაბულ რეჟიმში მეტი დაძაბულობა არ შევიტანოთ და საჭირო, სწორი ინფორმაციის გაზიარებით რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დავეხმაროთ.“

 

⭕️USA⭕️

📍📍ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ქართველ თერაპევტებს ამერიკიდან ❤️

👉🏻მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ასევე კოვიდ-19-თან მიმართებაში , სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს შორიდან “მედ სით”-ის დახმარებოდნენ ❤️

Posted by MED City/მედ სითი on Monday, November 9, 2020

 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ „მედ სითი“ აქტიურად გვაცნობს ახალგაზრდა პროფესიონალებს. „გაიცანი ექიმი“ ხუთშაბათის „რუბრიკაა“, სადაც ქვეყნდება მოკლე ინფორმაცია ჯერ კიდევ შედარებით უცნობი, მაგრამ ყველასაგან გამორჩეული და პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტების შესახებ.

მოკლედ, თუ სამედიცინო შინაარსის შეკითხვა გაქვთ, ექიმის მოძიება გიჭირთ, სახლიდან გასვლას ერიდებით და სწორი, გადამოწმებული და სანდო პასუხის მიღება გსურთ, უკვე შეგვიძლია, თამამად გადაგამისამართოთ სამედიცინო ინტერნეტქალაქში, სადაც თქვენს თითოეულ შეკითხვას პროფესიონალები უპასუხებენ, მომხმარებლები კი სიამოვნებით გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და მეგობრულ რეკომენდაციებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.