fbpx

გამორჩეული კოლაბორაციები ხელოვნებასა და მოდაში


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

პოსტმოდერნიზმი, რომელიც ეკლექტური ბუნებით გამოირჩევა, ბევრ დარგსა და მიმართულებას აერთიანებს. სწორედ ამიტომ, არავის უკვირს თანამედროვე კულტურაში მიმდინარე პროცესები, მაგალითად, სხვადასხვა ხელოვანს შორის კოლაბორაციები, რომლებიც ერთი შეხედვით, განსხვავებული დისციპლინების და სტილის შერწყმაზეა აგებული.

გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოდის საზღვრების გაფართოებამ დიზაინერებისა და მხატვრების ერთობლივ შემოქმედებას დაუდო საფუძველი. ეს პრაქტიკა თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციად ჩამოყალიბდა და არაერთი დასამახსოვრებელი კოლაბორაცია შემოგვთავაზა.

 

2011 წელს გერმანელმა მხატვარმა ანსელმ რეილიმ ლეგენდარული მოდის სახლისთვის – დიორისთვის ჩანთების და სხვა აქსესუარების კოლექცია შექმნა. ხელოვანმა ბრენდის კლასიკური ჩანთის ელემენტები, თავის სპეციფიკურ სტილს – მეტალის ზედაპირს და ნეონის ფერებს მოარგო. 

Dior Anselm Reyle collection

თავად ანსელმ რეილი კოლაბორაციას “ტრადიციული მემკვიდრეობის დეკონსტრუქციას უწოდებს”. კოლექციის კონცეფცია კამუფლაჟის იდეაზეა აგებული და არტისტი მას  საპირისპირო დანიშნულებით წარმოაჩენს.

 

ბრიტანულმა მოდის სახლმა ალექსანდრ მაკ-ქუინმა, 10 წლის იუბილეზე, ცნობილ ხელოვანთან, დემიენ ჰირსტთან კოლაბორაციის შედეგად ექსკლუზიურად 30 ცალი შარფი გამოუშვა. ნიმუშები ჰირსტის 2009 წლის ენტომოლოგიის სერიიდან არის ადაპტირებული, რომლის შთაგონება დანტე ალიგიერის “ინფერნო” იყო. კოლაბორაცია დიზაინერისა და არტისტის საერთო თემას – სიკვდილს ეხება. 

Alexander McQueen & Damien Hirst Scarf Collaboration Film

ჰირსტის შემოქმედებაში პეპლები ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთის, ფსიქეს, ანუ სულის მეტაფორაა. ჯერ კიდევ კოლაბორაციამდე მაკ-ქუინის ცნობილი იმიჯი – თავის ქალა – ჰირსტმა თავის  სკულპტურაში გამოიყენა. დღეს ის თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ძვირი ექსპონატია.

 

ამერიკელი რეჟისორის, დევიდ ლინჩის და ფეხსაცმლის დიზაინერის, კრისტიან ლაბუტინის ფოტოპროექტი, სახელწოდებით “ფეტიში”, ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კოლაბორაციაა. ლაბუტინს სურდა ექსტრემალური ფეტიშის ჩვენებით ხაზი გაესვა, რომ ჩვენ კი არ ვმართავთ მოდას, არამედ ის გვმართავს ჩვენ – შედეგად, მან ყველაზე არაკომფორტული ფეხსაცმელი შექმნა, რომელიც ბრენდის სტატუსიდან გამომდინარე მაინც ძალიან სასურველია. 

Rouge Louboutin Film by David Lynch

დიზაინერის ხედვა დევიდ ლინჩმა ფოტოებზე ასახა. როგორც ლაბუტინმა აღნიშნა, ფოტოები შინაარსობრივად ძალიან ახლოს არის ლინჩის ცნობილ სერიალთან – “Twin Peaks”-თან, რომელშიც წითელ ფერს ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს. ლაბუტინის წითელი ძირი დღეს განსაკუთრებულობის ნიშანია.

 

იაპონელმა თანამედროვე ხელოვნების არტისტმა იაოი კუსამამ და ექსკლუზიურმა ბრენდმა ლუი ვიტონმა 2012 წელს ერთად შექმნეს ჩანთების, კაბებისა და შარფების ფართო სპექტრი. 

Spot The Difference Part One with Louis Vuitton and Kusama

კოლექციის წარდგენისას ლუი ვიტონმა მაღაზია კუსამას 60-იანი წლებიდან ცნობილი პერფორმანსის,  “თვითგანადგურების”, პატივსაცემად  ლაქებით მორთო. შიდა დეკორაცია კი ფერადი რვაფეხას ფიგურებით  გააფორმა, რომელიც იაპონელი ხელოვანის არაერთ ნამუშევარში გვხვდება.

 

კიფევ ერთი საინტერესო კოლაბორაცია ლუი ვიტონთან ამერიკელმა არტისტმა ჯეფ კუნსმა შემოგვთავაზა. მან ბრენდთან ერთად ჩანთების კოლექცია წარმოადგინა, მათზე ისეთი ცნობილი მხატვრების ნახატებია გამოსახული, როგორებიც არიან: მონე, ვან გოგი, გოგენი, ლეონარდო და ვინჩი და სხვა. 

Louis Vuitton   Masters a collaboration with Jeff Koons

ეს ორიგინალური და დასამახსოვრებელი კოლაბორაცია, ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად პროდუქტად იქცა. როგორც თავად ჯეფ კუნსმა აღნიშნა,  “თქვენ არა მხოლოდ ლუი ვიტონის ჩანთას, არამედ ხელოვნების ნიმუშსაც იძენთ”.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.