fbpx

#13 მელოდრამატული ინტერვიუ ნესტან ნენე კვინიკაძესთან – გურამ მაცხონაშვილი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი

2018 წელს “ახალი დრამის ფესტივალზე” ლაშა ბუღაძის პიესა “ანტიმედეა” უნდა დამედგა. პიესის და ავტორის ირგვლივ კვლევას ვაკეთებდი და ერთხელ ამ მიზნით გადაცემა “ლიტერატურული სამკუთხედის” ერთ-ერთი ეპიზოდი ჩავრთე. მალევე მივხვდი, რომ ლაშასთვის მოსმენაში ხელს მისი თანაწამყვანი მიშლიდა – ნესტან ნენე კვინიკაძე, მგონი, ლიოსას რომელიღაც რომანს მიმოიხილავდა და მივხვდი, რომ შემთხვევით პიესის ერთ-ერთი პერსონაჟისთვის პროტოტიპი ვიპოვე. 

გურამი: ნენე, “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” და მითხარი, რა არის კულტურა?

ნენე: სავარაუდოდ, ტერმინის მნიშვნელობა არ გაინტერესებს. რადგან ისედაც იცი, რომ იმის თავმოყრაა, რაც ადამიანმა სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ფორმით შექმნა. მე ჩვევაც მგონია. ქაოსის მოწესრიგება. 

თუმცა, ჩემთვის კულტურა ქაოსიცაა.

გურამი: ამ ქაოსის მოხელთება გამოგდის?

ნენე: პერიოდულად კი. დიდი ძალისხმევით. ზოგადად, გამუდმებით სიმშვიდის მოხელთებაში ვარ. მაგრამ, არ შემიძლია. წამის მეასედში წარმოვიდგენ ხოლმე მომდევნო ეპიზოდს, სრულად. ვინ რას ამბობს, ვის რა აცვია, ვინ სად დგას. საშინლად დამღლელია ეს, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. ახლაც, ერთდროულად ვფიქრობ: ტყუპებს ს-ები აქვთ გამოსაწერი, უფროსს პრეზენტაცია აქვს გასაკეთებელი “ჩვენ საქართველოში”, თომამ ტესტი უნდა გაიკეთოს. მე ელფრიდე იელინეკზე მასალა მაქვს მოსამზადებელი. არ გაწვიმდეს. სარეცხი… ყველაზე მეტად სანაპიროზე ჩაძინებული ადამიანების მშურს. მე იქაც ქაოსში ვარ.

გურამი: შეგიძლია გაიხსენო ყველაზე დიდი სიძულვილი, რომელიც ქართული კულტურის მიმართ გიგრძვნია? რა ხდებოდა? სად იყავი? როგორ შეგეხო? როგორი სიძულვილი განგაცდევინა?

ნენე:

არ ვიცი, რამდენად პასუხობს კითხვას, მაგრამ კონკრეტული მაგალითი ეს მახსენდება: ბოლო წლების განმავლობაში კინოთეატრებში, ის რიგი, ე.წ. VIP, სადაც, როგორც წესი, მთავრობის წევრებს ეპატიჟებიან, მუდმივად ცარიელია. ჰოდა, სულ ვფიქრობ, ღმერთო, ნუთუ გაგზავნილი მოსაწვევის მსურველი ერთი ნათესავიც არ ჰყავთ? 🙂  ასე, ასი პროცენტით, როგორ არ აინტერესებთ არაფერი?! ეს, ისე, სცენა დამიდგა თვალწინ. თუმცა, მათი დასწრებაც ხომ არაფერს ცვლის. ეგრე სტალინი პირველი ნახულობდა ფილმებს :))

გურამი: და ისეთი რამე გაქვს მოხელთებული, რაც ყველაზე დიდი სიყვარულით გიყვარს ქართულ კულტურაში?

ნენე: სილამაზის ერთგულება. აი, ბევრი ტკივილის მიუხედავად სამეგრელოში ძალიან ლამაზი ეზოები რომაა. ღარიბ სახლებში მაინც რომ მოიძებნება თუნდაც ერთი მშვენიერი მაგიდის გადასაფარებელი, ოდესღაც ლენინგრადიდან ჩამოტანილი ჭიქების და თეფშების ნაკრები… სიღარიბის შელამაზებისთვის მზაობა მიყვარს. და კიდევ, არაძალდატანებული მულტიკულტურულობა, როცა არც კი უფიქრიათ, ისეა ერთად ყველაფერი, სხვადასხვა კულტურებიდან. და კიდევ ვგიჟდები, სიღარიბეში ნაცხოვრებ ნამდვილ პრინცებზე – გალაკტიონზე, რომელსაც ეგონა, ყველასგან მიუკვლეველ სიყვარულს მიაგნო. და მიაგნო კიდეც.

გურამი: ნენე, ვინ ხარ შენ? რამდენი იდენტობა გაქვს, მაგალითად, ახლა, ამ ლაპარაკისას?

ნენე: 

გურამი: შენი პიროვნების “შესწავლის მეცნიერებაში” გიწევს ხოლმე წინააღმდეგობას ეს ანდერგრაუნდის ბურჟუა იმის შიშით, რომ იქ რამე არასასურველს აღმოაჩენს?

ნენე: არა მგონია. ჩემთვის ყველაზე კომფორტული ისაა, რომ მეტისმეტად გულწრფელი ვარ. ვიცი, ბევრს ჩემ შესახებ ეს აზრი არა აქვს, მაგრამ ასეა. მე ვგიჟდები თამაშებზე, ამბებზე, და ამბებში ყოველთვის ჩემი ადგილი მაქვს. იღბლიანი რომ ვარ, ამასაც ახლა ფრთხილად ვაღიარებ, რადგან ყველა ეტაპზე ჩემ თამაშებს ჰყავდა მხარდამჭერები, ბავშვობაში დედა-მამა, ყველაფერი შექებული და დაფასებული იყო, პატარა სულელური ნახატიც და ჩემი სურვილი ჩაცმულ-დახურულს, ქამარმოჭერილს დამეძინა და ბალიშის ქვეშ ფეხსაცმელები დამეწყო. ჩემი სამყარო ყოველთვის მოსწონდათ მათ, სხვებს. 

შემდეგ მეგობრები, რომლებიც, ვიტყვი ახლა პირველად, ზუსტად ვიცი, განსაკუთრებულად მანებივრებდნენ ყოველთვის, და ვიღაც ბიჭებიც. და მერე თომაც, რომელიც ორსულად რომ ვიყავი (არაერთხელ) და 23 კილოგრამით მეტი, მეუბნებოდა, რომ არაფერი შეცვლილა და ჩემი და, რომელიც ყველაფერს გააჩენს, რაც მომინდება. აი, ჰანა შიგულას კაბა რომ მომინდეს, ლილი მარლენში რაც აცვია, ეგეც მექნება ერთ კვირაში 🙂. მამიდაჩემი, ვინც ბოლო საყრდენი წერტილია მეურვეთაგან.. და მყავს სამი შვილი, ბიჭები, რომლებიც კვირაში ერთხელ ცოლობას მთხოვენ:)))) ჰაჰჰაჰა, ჰოდა, ამ მოცემულობაში, უცებ, სადმე, არასასურველს თუ აღმოვაჩენ, მარტივად მოვერევი. ჩემთვის მთავარია, რომ გულისთვის ხელმისაწვდომი იყოს რაღაცები.

გურამი: შენი ყველაზე ინფანტილური ჩვევა ან დამოკიდებულება შეგიძლია გამიზიარო? აი, დაახლოებით როგორ პასუხს ველოდები, იცი? “მხოლოდ იმ მკითხავების მჯერა, რომლებიც ტაროზე მკითხაობენ” ან “არასდროს დავიჭერ საქმეს მერწყულებთან”, ან “პოლიტიკოსებისგან მხოლოდ კარგს მოველი”, ან “ვფიქრობ, ქართული თეატრის სცენიდან ყალბი ინტონაცია არასდროს მსმენია”…

ნენე: ვაახ. არ ვიცი. ალბათ, ის, რომ ამდენი დრო გავიდა და მაინც მიჭირს მოვლენებს მხოლოდ ჩემი პრიზმიდან არ შევხედო. გავიკვირვებ, შოკში ჩავვარდები, როგორ? ეს როგორ? და მერე მახსენდება ლევან ბუთხუზის შენიშვნა – ნუ ვუყურებ ადამიანებს და ამბებს მხოლოდ ჩემი გადასახედიდან. არადა, თითქოს წერისას სხვისი ხმით ლაპარაკი ვისწავლე. მაგრამ ყოველდღიურობაში მაინც არ გამომდის. და ისე, ვნანობ კიდეც, ბევრი დრო რომ დამიხარჯავს ადამიანებზე, რომლებსაც ვუხსნიდი, რომ ერთი უბნიდან – მეორეში გავლა ათას ახალ ამბავს გულისხმობს და რომ ძაან მაგარია დააკვირდე ადამიანებს. და ასე შემდეგ… მოკლედ, როგორც ეგოისტს, ალბათ, ეს მიმაჩნია ყველაზე ინფანტილურ ჩვევად. ფუჭად ჩავლილი რჩევები და საუბრები. დღესაც გადამივარდება ხოლმე მარგალიტი:))

გურამი: ნენე, ახლა, როცა ინფორმაცია ისედაც წალეკვით გვემუქრება, რა ძალა აქვს “სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს?”

ნენე: ჩვენ ვიცით, რომ სამმა უმარტივესმა სიტყვამ გაუძლო საუკუნეებს და დღემდე აფორიაქებს კულტურებს და ადამიანებს. კურტ ვონეგუტი, მაგალითად, ამბობს, რომ ჩვენი ენის ორი დიდოსტატი უილიამ შექსპირი და ჯეიმს ჯოისი თითქმის ბავშვურ წინადადებებს იყენებენ, ხოლო მათი სათქმელი ყველაზე ღრმა და საფუძვლიანია. To be or not to be – კითხულობს შექსპირის ჰამლეტი. ყველაზე გრძელი სიტყვა ამ ფრაზაში სამი ასოსაგან შედგება. ჰოდა, მე მხნედ ვარ, როგორც ჩვენში იტყოდნენ:)

გურამი: იქნებ ეს თავის დამშვიდებაა ჩვენი მხრიდან? მათგან, ვისი სამსახურიც სიტყვებთან არის დაკავშირებული და სხვა ბევრი არაფერი ვიცით?

ნენე: გეთანხმები, მეორე მხრივ, და ნაკლებ პოეტურად, ცხადია, ძალიან კარგად არაა საქმე. სიტყვები, ბუნებრივია, უფრო დიდი ამბის მეტაფორაა… ბოლო დროს შტატებში ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ სტუდენტები ისე ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს (შესაძლოა სრულიად ტექნიკური მიმართულების), რომ პრუსტის, ტოლსტოის და ჯოისის შესახებ არაფერი იციან. საუბრობენ, იმის შესახებ, რომ თანამედროვე სამყარომ ძალიან კონკრეტული მარშრუტი განუსაზღვრა ადამიანებს – სამსახური – სახლი. გადასახადების გადახდა. კარიერა!!! 

სულიერებისგან გამოცლილობის მზარდი ტენდენცია ნამდვილად არსებობს და ადამიანები, რეალურად ვერც ასწრებენ დაფიქრებას, კარგია თუ არა ასეთი ცხოვრება, რომელიც გამუდმებით “კეთილის მხარესაა”, რომ უფრო და უფრო ცოტა შეკითხვა გიჩნდება და ასე შემდეგ. საერთოდ, ეს გინდოდა თუ არა? შენობით საკუთარ თავს სულ უფრო ცოტა ადამიანი ესაუბრება.

გურამი: 

სიტყვებზე იმიტომ გკითხე, რომ სულ მახსოვს გაეროში შენი წარმოთქმული სიტყვა. ისიც მახსოვს, აღფრთოვანების კვალდაკვალ ქილიკიც რომ ისმოდა “შუშანიკის წამების” ფემინისტურ ტექსტად მოხსენიების გამო. შენი აზრით, რატომ ჰგონიათ ადამიანებს ფემინიზმი 21-ე საუკუნეში, არასამთავრობო ორგანიზაციების ვიწრო ოფისებში გაჩენილი იდეა?

 

ნენე: ალბათ იმიტომ, რომ პირველად “ოფისებიდან” გაიგეს ამის შესახებ. აბა, ბაბილინა ხოსიტაშვილის წერილები და ეკატერინე გაბაშვილის დარდის შესახებ რამდენს ეცოდინებოდა? საზოგადოება, სადაც გოგოს მოტაცება პრესტიჟულობასთან იყო გაიგივებული, სადაც საგარეო და საშინაო სექსი არსებობდა და ასე უსასრულოდ, ვფიქრობ, კიდევ კარგად ვადაპტირდით ალაფურშეტებზეც და გაეროს სცენებზეც 🙂

გურამი: ისე, ზოგადად, ადამიანის უფლებების ამ ოფისებიდან ჩვენს ცნობიერებასა და სხეულში მოსახვედრად რა გზას ხედავ? მე ხშირად მგონია, რომ საღი პოსტულატები ადამიანებამდე არ აღწევენ და ტრენინგებსა და დაარქივებულ საქაღალდეებში რჩებიან, თაროებზე…

ნენე: 

გურამი: ნენე, ხელით წერ?

ნენე: ხელით ბოლოს მერიაში შესატანი განცხადება დავწერე. სამი აბზაცი და მთელი დღე პარალიზებული მქონდა ეს ხელი:) არა, მე, როგორც ანდერგრაუნდის ბურჟუას, პირველი ლეპტოპი მქონდა – აი ბუქ ჯ.4. 2004-2005 წელი იყო. ნახევარი ქვეყანა მიმტკიცებდა, რომ საქართველოში მაკი არ იმუშავებდა:)) მე დინების წინააღმდეგ წავედი და დაგროვილი ფულით თეთრი აიბუქი ვიყიდე:)

გურამი: რას იძახი, რომ ჩემი მაშინდელი ოცნება თეთრი აიბუქით შენ აისრულე?

ნენე: აჰაჰჰა. ასე გამოდის?

გურამი: ვფიქრობ, სწორედ აქამდე მივედით!

წერის რიტუალები გაქვს? რომ აი, ჯინჯერის ჩაის გარეშე, ან დღისით, ან სხვისი თანდასწრებით, ან უშოკოლადოდ ვერ ვწერ…

ნენე: ალბათ ცოტა დაიჯერებს, საწერი ოთახიც კი არა მაქვს. ვწერ ყველა პოზაში:) ერთადერთი, ალბათ, როგორც ნერვიულს, არ შემიძლია დაულაგებელ და მოუწესრიგებელ ოთახში წერა. დანარჩენი არ მაინტერესებს. ჭამა არც მახსენდება. ყავა საერთოდ არაა ჩემი მთავარი “ინსტრუმენტი”, ჯინჯერი – მით უფრო. მხოლოდ სიგარეტი. ოღონდ, უკვე 12 წელია ოთახში არ ვეწევი.

გურამი: შენი ყველაზე ძველი ტექსტი რომელი გახსოვს? პატარა რომ იყავი, მწერლობანას ჯერ კიდევ რომ თამაშობდი და რვეულში ან რამე ეგეთში წერდი…

ნენე: 

გურამი: პრინციპში, ალბათ ესეც სიტყვებზე გაგრძელებაა: იუთუბიდან რამე მუსიკა მომეცი.

ნენე: ლინკი, თუ სქრინი?

გურამი: ლინკი.

ნენე: 

გურამი: არ მინდა იფიქრო, რომ შენი ხელის პარალიზება მაქვს განზრახული, მაგრამ:

ნენე: 

ლექსია.

გურამი: 

გურამი: აპოკალიპსური მოცემულობა რომ შემოგთავაზო: გადარჩი მხოლოდ შენ და შენი რომელიმე წიგნის ერთი პერსონაჟი. ვინ იქნება ის?

ნენე: ყველაზე მეტად ასეთი მოცემულობები მაბნევს. ვინ?

გურამი: ჰო, ერთი შენივე პერსონაჟი ამოირჩიე, ვისაც გვერდით დაიტოვებ.

ნენე: 

გურამი: როგორ ფიქრობ, იმ დროს აირეკლავ, რომელშიც წერ? აი, წლების მერე შესაძლებელი იქნება თარიღზე დაუხედავად ამოცნობა, “მმ… მგონი, ეს ტექსტი 00-იანების დასაწყისის უნდა იყოსო”?

ნენე: სავარაუდოდ, ასე უნდა იყოს. ეს ელფერი სახეზეც მეტყობა და ტექსტებშიც.

გურამი: ბოლოს უნდა გკითხო ახლო მომავლის ისეთ ვერსიაზე, რომელიც ალბათ არ იქნება, მაგრამ რომ ყოფილიყო, პრინციპში, გაასწორებდა.

 

ნენე: მოკლედ, მე არ შემიძლია ადამიანების გარეშე. მათთან სწორედ რომ ერთ მეტრზე ახლოს ყოფნაზე ვგიჟდები. სურნელით მყავს დამახსოვრებული. კიდევ არ შემიძლია სხვა ქვეყანაში ჩასვლის გარეშე. აი, ის დღეც მენატრება, ნამგზავრი, გათანგული რომ ხარ და ვერ ხვდები, ყავა და სიგარეტი თუ გსიამოვნებს, მაგრამ ყველაფერი მაინც ძალიან მაგარი რომაა. რატომ? იმიტომ, რომ ახალი ემოციები, ახალი განცდები მოაქვს და არ შემიძლია სიახლის გარეშე. ადამიანის სიმარტოვე საშინლად გაღრმავდა და თან ამდენი სიკვდილი… ვიცი, ეს მოცემულობა საშინლად გამომფიტავს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ უარესი ყოფილა, ადამიანები (ვინც გადარჩა ისინი), რამდენიმე წელი ელოდებოდნენ ომის დასრულებას. ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო კონცენტრირდე იმაზე, რაცაა, იპოვო გასართობი. რა ვიცი, ადამიანებთან ახლოს ყოფნაზე მეტად რა მომწონს?!

 

[საუბრის დასასრული]


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.